ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA) ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე ყველა მოთამაშის ვაქცინაციისთვის ახალ გზას მიმართავს. The Athletic-ზე დაყრდნობით, NBA-ის არავაქცინირებული მოთამაშეები, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინის ადგილობრივი მანდატის გამო იძულებულნი გახდებიან თამაშები გამოტოვონ, ჩაუტარებელი მატჩებისთვის ანაზღაურებას არ მიიღებენ.
როგორც NBA-ის სპიკერმა მაიკ ბასმა The Athletic-ს განუცხადა, ნებისმიერი კალათბურთელი, რომელიც არ დაემორჩილება ვაქცინაციის ადგილობრივ მანდატს, გაცდენილი თამაშებისთვის ანაზღაურებას ვერ მიიღებს. შეგახსენებთ იმასაც, რომ ახლახან NBA-იმ მემორანდუმი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ნიუ იორკისა და სან ფრანცისკოს მოთამაშეები, რომელთაც ვაქცინაციის შიდა მანდატი აქვთ, ვალდებულები იყვნენ აცრილიყვნენ საშინაო თამაშების ჩასატარებლად. ვაქცინაციის ახალი წესები ისეთ კლუბებს შეეხო, როგორებიცაა: New York Knicks-ი, Brooklyn Nets-ი და Golden State Warriors-ი.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ინფორმაციით, მათი მოთამაშეების 90% უკვე აცრილია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. მიუხედავად ამისა, უკანასკნელი დღეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც კლუბებმა მედია ბრიფინგების ჩატარება და წინასასეზონო შეკრებები დაიწყეს, ყურადღების ცენტრში სწორედ NBA-ის არავაქცინირებული კალათბურთელები მოექცნენ. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს შორისაა Warriors-ის ახალგაზრდა მოთამაშე ენდრიუ უიგინსიც. უიგინსის მოთხოვნა ვაქცინაციისგან რელიგიური მიზეზებით გათავისუფლების შესახებ NBA-იმ უარყო, რაც ნიშნავს, რომ სან ფრანცისკოში მცხოვრებ კალათბურთელს ორი გზა დარჩა: დათანხმდეს ვაქცინაციას ან რისკის ქვეშ დააყენოს დაახლოებით $15.8-მილიონიანი ანაზღაურება, რომელსაც უიგინსი საშინაო თამაშებში მონაწილეობისგან მიიღებდა.
ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა რიგებშია Brooklyn Nets-ის მოთამაშე კაირი ირვინგიც. უფრო მეტიც, სხვადასხვა მედია გამოცემაზე დაყრდნობით, ირვინგს, რომელიც ღიად უპირისპირდება ვაქცინაციას, სხვადასხვა შეთქმულების თეორიებისაც სჯერა და სისტემატურადაც ადევნებს თვალს სოციალურ სივრცეში. ერთ-ერთი ასეთი თეორია კი, კოვიდვაქცინას სატანის ფართომასშტაბიანი გეგმის ნაწილად განიხილავს, რომელიც შავკანიანი ადამიანების კომპიუტერებთან დაკავშირებას გულისხმობს. თუმცა, თუ რეალობაში დავბრუნდებით, მსგავსი მიდგომით Brooklyn-ის მოთამაშეს $17.5 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საშინაო მატჩების გაცდენა მოუწევს.