NDI: მოსახლეობის 37% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

NDI: მოსახლეობის 37% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

NDI ახალ კვლევას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, მოსახლეობის 37% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 33% ამბობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მოძრაობს, 25%-ს კი ჰგონია, რომ მდგომარეობა საერთოდ არ იცვლება.

ამასთან, 2022 წელთან შედარებით, 7%-ითაა გაზრდილი იმ ადამიანების რიცხვი (46%), რომლებიც საქართველოს დემოკრატიად მიიჩნევენ. 44% კი ასე არ ფიქრობს. სხვებისგან განსხვავებით, თბილისის მცხოვრებლებს, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და გადაწყვეტილების არმქონე ამომრჩევლებს უფრო მეტად მიაჩნიათ, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა არაა.

მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა (69%) ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ გრძნობს, მათთვის მთავარი გამოწვევები სიღარიბე, უმუშევრობა, მაღალი ფასები, დანაშაულის დონე, პოლიტიკური არასტაბილურობა და საქართველოსადმი რუსეთის ქმედებებია.

საგულისხმოა, რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილი, 45%, ოპტიმისტურადაა განწყობილი ქვეყნის მომავლისადმი, 39% – ნეიტრალურად, ხოლო 14% – არაოპტიმისტურად.

ცნობისთვის, NDI-ის კვლევა 12 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე შუალედში ჩატარდა, ინტერვიუების რაოდენობამ კი 2,068 შეადგინა.