ქართველებისთვის მთავარი პრობლემები მაღალი ფასები და უმუშევრობაა – NDI-ის კვლევა

ქართველებისთვის მთავარი პრობლემები მაღალი ფასები და უმუშევრობაა – NDI-ის კვლევა

NDI-ის ახალი კვლევის თანახმად, ქართველებისთვის ეროვნული დონის გამოწვევებში ყველაზე მთავარი პრობლემებია: ინფლაცია/მაღალი ფასები (37%), სამუშაო ადგილები (35%), სიღარიბე (28%), ტერიტორიული მთლიანობა (23%), პენსიები (20%), ხელფასები (11%).

უმეტესობა ამბობს, რომ, წინა წელთან შედარებით, მდგომარეობა გაუმჯობესდა ჯანდაცვის, სიტყვის თავისუფლების, ქალების უფლებებისა და განათლების კუთხით.

განათლების სისტემაში მთავარ ხარვეზად გამოკითხულები განათლების დაბალ ხარისხს (24%), მასწავლებლების/ლექტორების დაბალ კვალიფიკაციას (23%) და უნივერსიტეტებში განათლების მაღალ ფასებს (22%) ასახელებენ.

რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემას, უმეტესობისთვის მთავარი პრობლემა წამლების ფასები (68%), ექიმების მომსახურების ხარჯები (40%), პროფესიონალთა ნაკლებობა (28%) და წამლების დაბალი ხარისხია (28%). აღსანიშნავია, რომ წამლებისა და სერვისების მაღალი ფასები 2020 წლიდან მოყოლებული მთავარ პრობლემას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ მენტალურ ჯანმრთელობას, დეპრესიასა და შფოთვას 68% მიიჩნევს საზოგადოების პრობლემად, თუმცა გამოკითხულთა 86%-ს მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტთან მისვლაზე არ უფიქრია, მათგან 57%-მა კი არ იცოდა, ვისთვის მიემართა.

ცნობისთვის, NDI-ის კვლევა 12 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე შუალედში ჩატარდა, ინტერვიუების რაოდენობამ კი 2,068 შეადგინა.