Netflix-ის „დედოფალ კლეოპატრას" ტელევიზიის ისტორიაში მაყურებლის ყველაზე დაბალი შეფასება აქვს

Netflix-ის „დედოფალ კლეოპატრას" ტელევიზიის ისტორიაში მაყურებლის ყველაზე დაბალი შეფასება აქვს

მიმდინარე თვეში Netflix-მა კიდევ ერთი დოკუმენტური დრამა გამოუშვა, რომელიც ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრას ცხოვრებას ასახავს. კლეოპატრას როლის შავკანიანი მსახიობის მიერ შესრულების გამო, სერიალი გამოსვლისთანავე კრიტიკის საგანი გახდა და სტრიმინგ-სერვისი ისტორიის გაყალბებაშიც დაადანაშაულეს. ამის პარალელურად კი, როგორც აღმოჩნდა, „დედოფალმა კლეოპატრამ“ ტელევიზიის ისტორიაში მაყურებლის ყველაზე დაბალი შეფასებაც დაიმსახურა.

ამერიკული Forbes-ის მიმოხილვით, „დედოფალ კლეოპატრას“ ყველაზე დიდი მიღწევა Netflix-ის ტოპათეულის მეექვსე ადგილია. ამავდროულად კი, ეგვიპტელი დედოფლის შესახებ გადაღებულმა დოკუმენტურმა სერიალმა არა მხოლოდ Netflix-ის ისტორიაში აუდიტორიის ყველაზე დაბალი ქულა მიიღო, არამედ მოახერხა და Rotten Tomatoes-ის აუდიტორიის ყველაზე დაბალი შეფასებაც დაიმსახურა – 1%. მოგვიანებით, სერიალის ქულა მხოლოდ 2%-მდე გაიზარდა, რაც კვლავ უპრეცედენტოდ დაბალი მაჩვენებელია.

Netflix-ის ნამუშევარი არც კრიტიკოსებს შორის სარგებლობს დიდი პოპულარობით. მართალია, კრიტიკოსთა ბევრ შეფასებას არც ვხვდებით, ის მაინც საკმაოდ დაბალი, 13%-ია. მაგრამ რაც შეეხება აუდიტორიის ქულას, Forbes-ის მიმოხილვით, მსგავსი დაბალი მაჩვენებელი არც Netflix-ის და არც სრულად სატელევიზიო ისტორიის განმავლობაში არ დაფიქსირებულა, მათ შორის პოლიტიკურად საკამათო შოუებისთვისაც კი, რომლებიც თავიდანვე დაბომბვისთვის იყვნენ განწირულნი.

ბოლო პერიოდში, სტრიმინგ-სერვისისთვის მაყურებლის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება, Netflix-ის „ბოროტების სავანეს“ ადაპტაციამ (22%) დაიმსახურა. Forbes-ის მიმოხილვის დაშვებით, ადამიანები ზოგადად მიდრეკილნი არიან კრიტიკოსებზე უფრო მაღალი ქულით შეაფასონ მათ შორის ძალიან ცუდი შოუებიც კი, რაც „დედოფალ კლეოპატრასთვის“ მინიჭებულ 1%-იან შეფასებას მათემატიკურადაც კი შეუძლებელს ხდის.