ისრაელური მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორის სრულად ოკუპაციის გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო და საზოგადოებას აღნიშნულის გეგმას მალე წარუდგენს. The Jerusalem Post-ის, Channel 12-ის, Ynet-ისა და სხვა მედიასააგენტოების ცნობებით, ნეთანიაჰუს გადაწყვეტილება „ჰამასთან“ მორიგ ჩაშლილ მოლაპარაკებებს უკავშირდება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამხედრო ოპერაცია ღაზის სრულ ტერიტორიაზე გავრცელდება, მათ შორის იმ არეალებშიც, სადაც სავარაუდოდ გატაცებული მოქალაქეები იმყოფებიან. პოლიტიკური ანალიტიკოსების მოსაზრებით, ბენიამინ ნეთანიაჰუს სჯერა, რომ მძევლების გამოხსნის ერთადერთი საშუალება ღაზაზე სრული კონტროლის დამყარებაა.
გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა პალესტინის ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტრო და საერთაშორისო საზოგადოებას საკითხში დაუყოვნებლივ ჩარევისკენ მოუწოდა. ნეთანიაჰუს გეგმის სრულად დამტკიცებამდე საკუთარი ომის კაბინეტის სრული მხარდაჭერის მოპოვება სჭირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით დახურული ფორმატის შეხვედრას ისრაელის ომის კაბინეტი დღეს გამართავს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის მისამართით სულ უფრო იზრდება როგორც საერთაშორისო, ისე შიდა წნეხი, ერთი მხრივ, საომარი ქმედებების დროს გადაცდომების გასაკონტროლებლად, მეორე მხრივ კი, მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. გუშინ გამართულ შეხვედრაზე ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ომში ისრაელის ამოცანებია: მტრის დამარცხება, მძევლების გათავისუფლება და გარანტიის მიღება, რომ ღაზა ისრაელისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს.
ღაზის სექტორის სრულად ოკუპაციაზე გავრცელებულ ცნობას გაემოხმაურა „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი ოსამა ჰამდანი და დასავლური ქვეყნები ისრაელის დანაშაულებებზე თვალის დახუჭვაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, მძევლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა ნეთანიაჰუს მთავრობას ეკისრება „სიჯიუტის, ამპარტავნებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევისაგან თავის არიდების გამო“.