NFT-ების გაყიდვა Instagram-ზეც იქნება შესაძლებელი

NFT-ების გაყიდვა Instagram-ზეც იქნება შესაძლებელი

NFT-ების შემქმნელები და კოლექციონერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან მათ გაყიდვას უკვე Instagram-ზეც შეძლებენ. Meta Group-ის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგისა და Instagram-ის აღმასრულებელი დირექტორის, ადამ მოსერის განცხადება NFT-ების პოპულარობის ბუმს მოჰყვა.

ცუკერბერგის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, მისი კომპანია საკუთარ პლატფორმაზე NFT-ებს უკვე ტესტავს და „შესაბამისი ფუნქციები“ სულ მალე Facebook-ზეც იქნება ხელმისაწვდომი. ხოლო Instagram-ის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აშშ-ის მომხმარებელთა მცირე ჯგუფს NFT-ების ნახვა მათ „ფიდში“, ისტორიებსა და შეტყობინებებში შეეძლებათ. NFT-ების დეტალები პროფილებისა და პროდუქტების ანალოგიურად, საკვანძო სიტყვების გამოყენებით („ტეგები“) გამოჩნდება. ტეგზე დაჭერის შემდგომ შემქმნელისა და მფლობელის ვინაობას შევიტყობთ.

მოსერის განცხადებით, სატესტო ვარიანტი საწყის ეტაპზე შეზღუდული რაოდენობით გამოჩნდება, რაც  Instagram-ს საზოგადოების შესწავლის საშუალებას მისცემს. პლატფორმაზე ციფრული კოლექციის გამოქვეყნებისა და გაზიარებისთვის საფასური არ დაწესდება. მოსერის თქმით, Instagram-ზე NFT-ების მხარდაჭერა ახალი ტექნოლოგიის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. შეგახსენებთ, რომ იანვარში საკუთარ პლატფორმაზე NFT-ები ექვსკუთხა პროფილის სურათების სახით Twitter-მა წარადგინა.

NFT-ტექნოლოგიის პოპულარიზაცია Meta Group-ის უფრო ფართო გეგმის ნაწილია. ცუკერბერგის გეგმით, ციფრული ავატარების დახმარებით, მომხმარებლები Meta-ს ვირტუალურ სამყაროში გადაადგილებისა და ერთმანეთთან კონტაქტის გარდა, ციფრული ნივთებით ვაჭრობასაც შეძლებენ. ხოლო ავატარების ტანსაცმლის გადატანა სხვადასხვა ადგილას სწორედ NFT-ტექნოლოგიების დახმარებით გახდება შესაძლებელი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *