Forbes: უძრავი ქონების სექტორში წარმოდგენილი უმსხვილესი კომპანიების რეიტინგი

Forbes: უძრავი ქონების სექტორში წარმოდგენილი უმსხვილესი კომპანიების რეიტინგი

Forbes-ი 2022 წლის Global 2000-ის სიას აქვეყნებს. Global 2000 არის ტოპ-2000 საერთაშორისო კომპანიის რეიტინგი, რომელიც 2003 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. კომპანიების შესაფასებლად Forbes-ი ოთხ ძირითად კრიტერიუმს ეყრდნობა: შემოსავალი, მოგება, აქტივების მოცულობა და საბაზრო ღირებულება.

Global 2000-ის უძრავი ქონების სექტორის ლიდერი კანადური კომპანია Brookfield Asset Management-ია, რომელიც გლობალურ რეიტინგში 83-ე ადგილს იკავებს. Brookfield-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 80 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და ის $690 მილიარდის აქტივების მესაკუთრეა. კომპანია მსოფლიოს მასშტაბით შენობებსა და აქტივებს ფლობს, მათ შორის ყველაზე გამორჩეული კი ლონდონში განლაგებული Canary Wharf-ი და ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთი ცათამბჯენია.

უძრავი ქონების რეიტინგში მეორე ადგილზე ჩინური Poly Developments-ია. $220-მილიარდიანი აქტივების პორტფელითა და $32-მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციით ის Global 2000-ის საერთო სიაში 189-ე ადგილს იკავებს. კომპანიამ გასულ წელს $43 მილიარდის შემოსავალი და 4 მილიარდი აშშ დოლარის მოგება მიიღო.

მესამე ადგილს ასევე ჩინეთში დაფუძნებული Vanke იკავებს, რომელიც $304 მილიარდის აქტივებს ფლობს და $28-მილიარდიანი საბაზრო ღირებულებით გლობალურ რეიტინგში 197-ე პოზიციაზეა. აღნიშნულმა დეველოპერულმა კომპანიამ გასულ წელს $72 მილიარდის შემოსავლისა და $3.5 მილიარდის მოგების მიღება შეძლო.

აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების სექტორში წარმოდგენილი ათი უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიიდან 8 ჩინეთსა და ჰონგ-კონგშია დაფუძნებული.

მსოფლიოს ტოპ-2000 კომპანიიდან 87 უძრავი ქონების ბიზნესითაა დაკავებული, მათი უმეტესობა კი აზიურია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აღნიშნული სექტორი ყველაზე სწრაფად სწორედ ამ რეგიონში ვითარდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *