ნიდერლანდები და გერმანია ჩრდილოეთ ზღვაში ბუნებრივი აირის მოსაპოვებლად ერთობლივ ბურღვით ოპერაციებს აანონსებენ. წინასწარი ინფორმაციით, ქვეყნები გაზის მიღებას 2024 წლიდან შეძლებენ.
ნიდერლანდების მთავრობის ვებგვერდის თანახმად, სანაპირომდე ბუნებრივი აირის გამოსატანად მილსადენის მშენებლობაც მიმდინარეობს. ნიდერლანდების მხრიდან, ბურღვის დაწყების ნებართვა 1 ივნისს, სახელმწიფო მდივან ალექსანდერ ვიილბრიფის მიერ გაიცა. გარემოსდამცველების მოთხოვნის შესაბამისად, ბუნებრივი აირის წარმოებისას გამოთავისუფლებული წყალი გაფილტრული იქნება, პლატფორმა კი, ადგილობრივი „ხამანწკების პროექტიდან“ მოშრებით გადაინაცვლებს.
საბურღი ოპერაციები ჩრდილოეთის ზღვაში, ნიდერლანდები-გერმანიის საზღვრიდან 19 კილომეტრის მანძილზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ გარემოსდამცველების მსგავსად, გერმანიის ქვემო საქსონიის შტატი ეკოლოგიურად მგრძნობიარე ადგილებში ბურღვითი სამუშაოების ჩატარებას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ამ უკანასკნელის გადაწყვეტილება უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ შეიცვალა.
ნიდერლანდებმა ჩრდილოეთ ზღვაში ბურღვითი სამუშაოების დაწყების დაჩქარება მას შემდგომ გადაწყვიტა, რაც რუსეთის სახელმწიფო ენერგოგიგანტმა „გაზპრომმა“ ნიდერლანდურ კომპანია GasTerra-ს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. რუსული მხარის მხრიდან, მიწოდების შეჩერების მიზეზად, ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადაუხდელობა დასახელდა. რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დანიის Ørsted-სა და Shell Energy-ისაც შეეხო, რომელიც გაზს გერმანიას აწვდის.