ნიდერლანდები უკრაინას €500 მილიონის ღირებულების ამერიკულ შეიარაღებას მიაწვდის

ნიდერლანდები უკრაინას €500 მილიონის ღირებულების ამერიკულ შეიარაღებას მიაწვდის

ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს (დაახლოებით 579 მილიონი დოლარის) სამხედრო დახმარების პაკეტს მიაწვდის, რომელიც ამერიკული შეიარაღების სისტემებისგან, მათ შორის „პატრიოტის“ რაკეტების კომპონენტებისგან შედგება. ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა, 4 აგვისტოს განაცხადა.

განცხადება რუსეთის საჰაერო თავდასხმების გააქტიურებისა და კიევის მოწოდებების ფონზე გაკეთდა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება სჭირდება.

„ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების ამერიკული შეიარაღების სისტემების პაკეტს მიაწვდის (მათ შორის „პატრიოტის“ კომპონენტებსა და რაკეტებს). ეს უკრაინას დაეხმარება, საკუთარი თავი და დანარჩენი ევროპა რუსული აგრესიისგან დაიცვას“, – დაწერა ბრეკელმანსმა X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ნიდერლანდების გადაწყვეტილებას მიესალმება. მისი თქმით, შედეგად, უკრაინა და ევროპა „რუსული ტერორისგან თავს უფრო ძლიერად დაიცავენ“.

„მე გულწრფელად მადლობელი ვარ ნიდერლანდების უკრაინის საჰაერო ფარის გაძლიერებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“, – წერს ზელენსკი და ამბობს, რომ ეს „პირველი მსგავსია ნაბიჯია“ NATO-ს ქვეყნების მხირდან.

შეგახსენებთ, ივნისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაამხილა სქემა, რომლის მიხედვითაც, NATO-ს ქვეყნები ვაშინგტონისგან თანამედროვე იარაღს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, შეიძენენ და მათ ნაწილს უკრაინას მიაწვდიან.