ნოემბერში მიშელ ობამას ახალი წიგნი გამოვა

ნოემბერში მიშელ ობამას ახალი წიგნი გამოვა

მიშელ ობამამ მეორე ავტობიოგრაფიული წიგნი, სახელწოდებით „The Light We Carry“ დაწერა, რომელიც 15 ნოემბერს გამოიცემა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის ყოფილმა პირველმა ლედიმ სოციალურ მედიაში გაავრცელა.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ უნდა დარჩე კონცენტრირებული სამყაროში, რომელიც სავსეა გაურკვევლობებით. ამ პროცესმა მიბიძგა დამეწერა ახალი წიგნი – „The Light We Carry“ – რომელიც 15 ნოემბერს გამოვა“, – ასეთი ტექსტი დაურთო მიშელ ობამამ Twitter-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელშიც სწორედ ახალ წიგნზე საუბრობს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ობამას ახალ წიგნს საგამომცემლო სახლი Penguin Random House-ი დაბეჭდავს. საწყის ეტაპზე მისი 2.75 მილიონი ეგზემპლარის გამოშვება იგეგმება. აქვე აღსანიშნავია, რომ წიგნი 27 ქვეყანაში 14 ენაზე გამოიცემა.

როგორც გამომცემელმა Associated Press-ს განუცხადა, „The Light We Carry“ ობამას პირველი წიგნის გაგრძელებას არ წარმოადგენს. შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის სადებიუტო ავტობიოგრაფიულ წიგნს „Becoming“, რომელიც 2018 წლის ნოემბერში გამოიცა, საკმაოდ დიდი წარმატება ხვდა წილად. გამოქვეყნებიდან 15 დღეში, აშშ-სა და კანადაში, მისი 2 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. Penguin Random House-ის ინფორმაციით, მთელ მსოფლიოში წიგნის 17 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *