ევროკავშირმა გაზის მოხმარების შესამცირებლად შეთანხმებას მიაღწია

ევროკავშირმა გაზის მოხმარების შესამცირებლად შეთანხმებას მიაღწია

ევროკავშირმა აგვისტოდან მარტის თვემდე გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ამ ნაბიჯის გადადგმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, რუსული ენერგოდამოკიდებულებისგან თავის დასაღწევადაა საჭირო.

ევროკავშირის განცხადებით, „მოხალისეობრივი შემცირება“ წევრი ქვეყნების მხრიდან კონცენტრირებული იქნება ელექტროენერგიის სექტორში მოხმარების შემცირებაზე და წაახალისებს ალტერნატიული ენერგორესურსების მოძიებასაც. ამის გათვალისწინებით, ევროკავშირში რიგით მომხმარებელსა და ისეთ მნიშვნელოვან სექტორს, როგორიცაა ჯანდაცვა, ენერგომიწოდება არ შეეზღუდებათ.

სამშაბათს ბლოკის ენერგომინისტრები, შეთანხმების დეტალების განსახილველად, ბრიუსელში შეიკრიბნენ. გეგმას, რიგი წევრების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რადგან მათ ნაწილს ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება სურდა. მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, გეგმა შეიცავს გამონაკლისებს ქვეყნებისთვის, რომლებიც ელექტროენერგიის წარმოებისთვის დიდი რაოდენობით ბუნებრივ აირს მოიხმარენ.

Reuters-ის ინფორმაციით, გაზის მოხმარება ევროპაში 5%-ითაა შემცირებული. გასულ კვირას, ევროკავშირმა წევრ ქვეყნებს გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებისკენ მოუწოდა. მიზეზი, Nord Stream 1 მილსადენით რუსული გაზის მიწოდების შემცირების საფრთხე იყო. Nord Stream 1 კი ევროპისთვის ბუნებრივი აირის მთავარი მილსადენია, რომელიც ბალტიის ზღვის ქვეშ გადის და რუსეთიდან გერმანიისთვის გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსული გაზი ევროკავშირის სრული მოხმარების 40%-ს შეადგენდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *