ნორმალურ ცხოვრებას მომდევნო ზამთრისთვის დავუბრუნდებით - COVID-19-ის ვაქცინის შემქმნელი

ნორმალურ ცხოვრებას მომდევნო ზამთრისთვის დავუბრუნდებით - COVID-19-ის ვაქცინის შემქმნელი

კორონავირუსის ვაქცინის შემქმნელი პროფესორის, ფარმაცევტული კომპანია BioNTech-ის დამფუძნებლის უღურ შაჰინის ვარაუდით, მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას 2021 წლის ზამთრისთვის უნდა დაუბრუნდეს. ამის შესახებ შაჰინმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

შეგახსენებთ, ამერიკულმა Pfizer-მა და გერმანულმა კომპანია BioNTech-მა გასულ კვირაში COVID-19-ის ეფექტური ვაქცინის შექმნის შესახებ განცხადებები გააკეთეს.

როგორც შაჰინმა აღნიშნა, ახალი ვაქცინა 90%-ით თუ არა, 50%-ით მაინც შეამცირებს ვირუსის გავრცელებას. ცნობისთვის, Pfizer-მა და BioNTech-მა განაცხადეს, რომ ვაქცინის ეფექტურობა 90%-ს შეადგენს. 

“დარწმუნებული ვარ, ამ ეფექტური ვაქცინით ადამიანებს შორის ვირუსის გადაცემის მაჩვენებელი შემცირდება. შესაძლოა, არა 90%-ით, მაგრამ 50%-ით მაინც, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ესეც შეუწყობს ხელს პანდემიის გავრცელების შემცირებას“, – განაცხადა პროფესორმა

შაჰინის თქმით, მომდევნო წლის აპრილისთვის კომპანია 300 მილიონამდე დოზა ვაქცინის წარმოებას გეგმავს, ზაფხულისთვის კი, აპირებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვაქცინის წარმოების პროცესი კიდევ უფრო გაზარდოს.

„ზაფხული დაგვეხმარება, რადგან ინფექციის მაჩვენებელი დაიკლებს და რაც აუცილებელია, ამ პერიოდის განმავლობაში უნდა გვქონდეს მასობრივი ვაქცინაცია, მომავალი წლის შემოდგომა-ზამთრამდე“, – აცხადებს შაჰინი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *