ნოსფერატუ: ფსევდოდრაკულას დაბრუნება

ნოსფერატუ: ფსევდოდრაკულას დაბრუნება

„ჩვენ საქმე გვაქვს თვით მოარულ ჭირთან… ვამპირთან … ნოსფერატუსთან“

პროფესორი ფონ ფრანცი („ნოსფერატუ“, 2024)

 

2024 წლის 25 დეკემბერს, შობას, კინოთეატრებმა რობერტ ეგერსის ახალ ფილმს, საშინელებათა ჟანრის სურათს „ნოსფერატუს“ უმასპინძლეს. გოთური ატმოსფერო, XIX საუკუნის ესთეტიკა, მისტიკა, ოკულტიზმი, ვამპირიზმი – საყვარელი და თან მონატრებული თემებია, რომლებიც ახალგაზრდა რეჟისორმა გააცოცხლა და გადმოიტანა კინოეკრანებზე. 

ფილმის გადასაღებად რობერტ ეგერსს ორიგინალური სცენარი არ დასჭირვებია, ვინაიდან მისი ნამუშევარი, გასული საუკუნის დასაწყისში შექმნილი, იმავე დასახელების კინოკლასიკის „რიმეიკია“. სანამ „ნოსფერატუს“ უახლეს ვერსიას შევეხებით, სასურველია გადავავლოთ თვალი მისი წინამორბედი ეკრანიზაციების ისტორიას, რაც ეგერსის ფილმის უკეთ გააზრებაში დაგვეხმარება. 

გერმანელმა რეჟისორმა ფრიდრიხ მურნაუმ, 1922 წელს მაყურებელს წარუდგინა უხმო ფილმი „ნოსფერატუ: საშინელებათა სიმფონია“. „ნოსფერატუ“ ბრემ სტოკერის ცნობილი ნაწარმოების „დრაკულას“ ადაპტაციაა. ვინაიდან მურნაუმ ვერ შეძლო საავტორო უფლებების მიღება, რათა გადაეღო ორიგინალი „დრაკულა“, სიუჟეტში ცვლილებები შეიტანა და გადაიღო ერთგვარი „ფსევდოდრაკულა“. მიუხედავად ამისა, მაინც ჩათვალეს, რომ ეს საავტორო უფლებების დარღვევა იყო და ფილმის განადგურების ბრძანება გასცეს, თუმცა რამდენიმე ასლის გადარჩენა მოხერხდა.

მურნაუს ფილმში მოქმედება ხდება გერმანიაში, გამოგონილ ქალაქ ვისბურგში, 1838 წელს. რეჟისორის გადაწყვეტილებით, გრაფი დრაკულა ჩაანაცვლა გრაფმა ორლოკმა, კარფაქსის სააბატო – გრიუნევალდის მამულმა, ჯონათან ჰარკერი – ტომას ჰუტერმა, მინა ჰარკერი — ელენმა, აბრაჰამ ვან ჰელსინგი – პროფესორმა ბულვერმა. თვითონ სახელწოდება „ნოსფერატუ“ სტოკერის „დრაკულადან“, ვამპირული თემატიკის ყველაზე პოპულარული ნაწარმოებიდან გახდა ცნობილი, თუმცა მანამდეც იყო აღნიშნული ემილი ჟერარდის 1885 წელს გამოცემულ სტატია „ტრანსილვანიურ ცრურწმენებსა“ და ტრეველოგში „ტყის მიღმა მიწაზეში“ (ტყის მიღმა – „ტრანსილვანიის“ პირდაპირი თარგმანია). მისი ზუსტი ეტიმოლოგია უცნობია, თუმცა ძირითადად განიმარტება როგორც ვამპირის, სისხლისმსმელის სინონიმი რუმინულ ფოლკლორში. ასევე საინტერესოა ძველ ბერძნულ სიტყვა nosophoros-თან ანუ „ავადმყოფობის გადამტანთან“ დაკავშირებული ვერსიაც, ვინაიდან, „ნოსფერატუს“ თან ახლავს შავი ჭირი. ნოსფერატუ ასევე პირველი ვამპირია, რომელსაც დღის შუქი კლავს, განსხვავებით ბრემ სტოკერის დრაკულასგან, რომელსაც არ უყვარს დღის შუქი, თუმცა არსადაა აღნიშნული, რომ ეს მისთვის მომაკვდინებელია.

მიუხედავად ბევრი მსგავსებისა, ნოსფერატუსა და დრაკულას მაინც ბევრი რამ განასხვავებს, განსაკუთრებით, ზოგადად ვამპირიზმისადმი მიდგომა. დრაკულაში ვამპირიზმი არამიწიერი, ბნელი და საშიშია, მაგრამ ვერავინ უარყოფს რომანტიკულ სენტიმენტს, რომელიც ნაწარმოებსაც ახლავს და მის ადაპტაციებსაც. თავად დრაკულაც ხშირად წარმოჩენილია მომხიბვლელ, მაცდურ მამაკაცად, რომლის მიღმა სისხლისმსმელი ვამპირი იმალება. ვამპირი ნოსფერატუ შეუხედავი, ამაზრზენი, განსხეულებული ბოროტებაა, რომელიც კარგად წარმოაჩინა რეჟისორ ფრიდრიხ მურნაუს მიერ შერჩეულმა მსახიობმა მაქს შრეკმა. 1920-იანი წლებისთვის, შრეკის შესრულებული ნოსფერატუ შიშის ზარს სცემდა მაყურებელს. 

მურნაუს გატაცებამ ოკულტიზმით, ასევე დაამჩნია ფილმს გარკვეული ნიშნები. მაგალითად, მურნაუმ ორლოკი წარმოაჩინა როგორც შემოქმედება ჯოჯოხეთის არქიდემონის ბელიალისა, რომელიც, „ფსალმუნში“ ეპიდემიის გამავრცელებელია. ოკულტური ლიტერატურის ერთ-ერთი ცნობილი ავტორის, ინგლისელი ედვარდ ბულვერ-ლიტონისა და XVI საუკუნის მოღვაწე შვეიცარიელი ალქიმიკოსის, პარაცელსუსის იდეებს კი ფილმში პროფესორი ბულვარი წარმოაჩენს.

ნოსფერატუს სიუჟეტს ზოგი ამ ეპოქის მძაფრ ანტისემიტიზმთანაც აკავშირებს. ვამპირის შრეკისეული ვერსია ებრაელების კარიკატურულ სახეს მოგვაგონებს, ხოლო მისგან ქონების შეძენა გერმანიაში და თან უბედურების მოტანა, XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე პოპულარულ ანტიებრაულ განწყობას ეხმიანება. 

„ნოსფერატუ“ გადაღებულია I მსოფლიო ომის დასრულებიდან რამდენიმე წელიწადში და სულაც არ იქნება გასაკვირი, თუ აღვნიშნავთ, რომ „ყველა ომის დამასრულებელ ომსაც“ ჰქონდა მასზე ზეგავლენა. ფილმის შემქმნელები – ფრიდრიხ მურნაუ, ალბინ გრაუ და მთავარი როლის შემსრულებელი მაქს შრეკი, ვეტერანები იყვნენ. მანამდე ჯერ არნახულმა მასობრივმა სისხლისღვრამ და გაჭირვებამ, ვირთხებით სავსე სანგრებმა, ფართოდ გავრცელებულმა დაავადებებმა, ყველა მათგანს დაასვა დაღი. 

ნოსფერატუ ხელმეორედ 1979 წელს წამოაყენა კუბოდან გერმანელმა რეჟისორმა ვერნერ ჰერცოგმა, რომელიც მურნაუს ფილმს გერმანული კინემატოგრაფიის საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევდა. ვამპირის როლი იტვირთა XX საუკუნის 70-80-იანი წლების პოპულარულმა, მაგრამ არცთუ საუკეთესო რეპუტაციის მსახიობმა კლაუს კინსკიმ. ფილმის ძირითადი სიუჟეტი იგივეა, მოქმედების ადგილიც გერმანიაა, თუმცა ჰერცოგმა გარკვეული ცვლილებები შეიტანა და ნოსფერატუსეულ ესთეტიკასა და იერსახეს ბრემ სტოკერის დრაკულას პერსონაჟები მოარგო. ვერნერ ჰერცოგის ნოსფერატუ აღარაა გრაფი ორლოკი, არამედ – დრაკულა. ტომას ჰუტერი – ჯონათან ჰარკერია. სტოკერის „დრაკულას“ ორი პერსონაჟი ლუსი ვესტენრა და მინა ჰარკერი კი გააერთიანა ერთ ქალში – ლუსი ჰარკერში, რომლის როლი იზაბელ აჯანიმ შეასრულა. რეჟისორმა ბრწყინვალედ გადმოსცა ვამპირიზმის მისტიკა, დეპრესიული გარემო, გოთური ესთეტიკა, რომელსაც თან ახლავს დრაკულასეული რომანტიკა. აღსანიშნავია მუსიკალური გაფორმებაც, რომელშიც ქართული „წინწყაროს“ ჰანგებსაც მოჰკრავთ ყურს. 

რობერტ ეგერსი „ნოსფერატუს“ გადაღებას ჯერ კიდევ 2015 წელს გეგმავდა. მას შემდეგ განვლო წლებმა, ახალგაზრდა რეჟისორმა გამოუშვა „შუქურა“ (2019), „ჩრდილოელი“ (2019) და ბოლოს დადგა ვამპირის გამოღვიძების დროც. მან შეძლო და თავი მოუყარა სცენარს, რომელშიც ბრემ სტოკერის „დრაკულა“ შეზავებულია 1922 და 1979 წლების ნოსფერატუსთან. 

ეგერსმა ოსტატურად დაუკავშირა ერთმანეთს ნოსფერატუ და დრაკულა – პერსონაჟად აირჩია გრაფი ორლოკი, მაგრამ გარეგნობით ბრემ სტოკერის რომანში აღწერილ დრაკულას მიამსგავსა. პერსონაჟების სახელები, მოქმედების ადგილი, გადმოიღო 1922 წლის ორიგინალიდან. ორლოკი გადმოსცა როგორც შემზარავი, განსხეულებული ბოროტება, ჭირის მომტანი ვამპირი, ბელიალის ქმნილება და ფაქტობრივად მოაცილა ის რომანტიკული საბურველი, რომელიც ვერნერ ჰერცოგის ნოსფერატუს ან ფრენსის ფორდ კოპოლას გადაღებულ „ბრემ სტოკერის დრაკულას“ მთავარ ანტაგონისტს ახლავს. ესაა ცოცხალი მკვდარი, რომელიც გახრწნილი და ყოველგვარი სითხისგან სრულად დაცლილი სხეულიდან მძიმედ ამოთქვამს თითოეულ სიტყვას; წინამორბედთაგან განსხვავებით კი, არა კისრიდან, არამედ პირდაპირ გულმკერდიდან ეწაფება მსხვერპლის სისხლს. ორლოკის როლი ბილ სკარსგარდს ერგო, თუმცა თავდაპირველად დენიელ დეი-ლუისისა და მადს მიკელსენის სახელებიც გაჟღერდა. ელენად ლილი-როუზ დეპი, ტომას ჰუტერად კი ნიკოლას ჰოლტი მოგვევლინა. უილემ დეფომ „ნოსფერატუს“ ვან ჰელსინგობა იტვირთა და პროფესორ ფონ ფრანცად გარდაისახა, რომელიც რაღაც საშუალოა ვან ჰელსინგსა და პროფესორ ბულვერს შორის. საინტერესოა, რომ ჰოლტსა და დეფოს ეგერსთან მუშაობამდე, უკვე ჰქონდათ ვამპირებზე ფილმებში მონაწილეობის გამოცდილება. 2000 წლის ფილმ „ვამპირის აჩრდილში“, დეფო თვითონ მოგვევლინა ნოსფერატუს როლში, ხოლო ნიკოლას ჰოლტმა დრაკულას მსახური, რენფილდი, განასახიერა ფილმ „რენფილდში“ (2023). 

რობერტ ეგერსს უყვარს ეპოქის ესთეტიკის გადმოცემა. ის დიდ ყურადღებას უთმობს დეტალებს, რაც „ნოსფერატუშიც“ გამოავლინა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი არ არის ისტორიულ მოვლენებზე, ის შესანიშნავად გადმოსცემს XIX საუკუნის 30-იანი წლების როგორც დასავლეთევროპულ გარემოს, საზოგადოებას, აზროვნებას, ესთეტიკას, ცხოვრების წესს, ისე აღმოსავლეთ ევროპის, კარპატების მთებში, ცივილიზაციისგან ჯერაც საკმაოდ მოშორებულ, წარსულის ცრურწმენებსა და რელიგიურ რიტუალებში ჩაძირულ ტრანსილვანიას, სადაც ხალხური თქმულებები ვამპირებსა და სხვა დემონურ არსებებზე ჯერაც ცოცხლობდა. ამ კონტრასტს ფილმში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა და დაკვირვებული მაყურებლის ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს. განმანათლებლობის იდეებით გაჟღენთილი, მეცნიერების აღორძინებისა და კაპიტალისტური საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში მოწინავე გერმანიის ერთ-ერთ ქალაქს თავს დაატყდება წარსულის საშინელება, რომელზეც აქ არაფერი სმენიათ და რომელთან გამკლავებაც თანამედროვე მეთოდებით შეუძლებელია. 

რეჟისორმა ყურადღება მიაქცია რუმინელი ბოშების თქმულებებსა და ტრადიციებს, აღმოსავლეთევროპულ წარმართულ თუ ქრისტიანობასთან შერწყმულ ცრურწმენებს, ვამპირებზე მითებსა და ბოროტების ამ განსახიერებათა განადგურების გზებს. მნიშვნელოვანი დეტალია რუმინული, ბოშათა და ძველი დაკიური ენის გამოყენება. მართალია, დაკიური ენა ანტიკური, მკვდარი ენაა, მაგრამ ეგერსმა სცადა შემორჩენილი სიტყვებით მისი ნაწილობრივ აღდგენა, შეთავსება რუმინულთან და ორლოკი სწორედ ამ ენაზე აალაპარაკა, რათა ფილმისთვის მეტი ავთენტურობა შეემატებინა და თან ხაზი გაესვა ვამპირის საუკუნოვან ცხოვრებაზე. 

მართალია, ყველა გაფაციცებით ელოდა ბილ სკარსგარდისეული ნოსფერატუს გამოჩენას, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, მთავარი როლი ჰქონდა ლილი-როუზ დეპს, რომელიც ტომას ჰუტერის ცოლს, ელენს განასახიერებდა. 1922 წლის ვერსიაში ელენის როლში გრეტა შროდერია, 1979 წლის „ნოსფერატუში“ კი ელენის ნაცვლად ლუსი ჰარკერია, რომლის როლი იზაბელ აჯანიმ შეასრულა. განსხვავებით „დრაკულასგან“, რომელშიც ვან ჰელსინგი და ჯონათან ჰარკერი მინას ვამპირის კლანჭებიდან გადარჩენას ცდილობენ, ნოსფერატუმ შეიძლება თავად პოვოს აღსასრული წმინდა გულის მქონე ქალის თავგანწირვით. 

„ნოსფერატუს“ ძირითადი თემა, ელენისა და გრაფ ორლოკის კავშირია. მარტოსული და უცნაური გოგონა თითქოს არ ეკუთვნის იმ საზოგადოებას, რომელშიც ცხოვრობს. ელენი გრძნობს და ხედავს ადამიანური სამყაროს მიღმა. მედიცინას არ შეუძლია მისი განკურნება. ელენის სულიერ წადილს მოჰყვება ვამპირის გამოღვიძება, რომელიც გამოეხმაურება ქალის ძახილს და ეძებს მასთან სიახლოვეს. ფილმში ხშირადაა წარმოჩენილი ელენის ეროტიკული სიზმრები, რომლებიც მას თან სიამოვნებას ანიჭებს, თან სძულს, ისევე როგორც საკუთარი თავი. „მე მხოლოდ მადა ვარ“, – ეუბნება ორლოკი ელენს. ნოსფერატუს, ცოცხალ მკვდარს, მხოლოდ სისხლის წყურვილი ამოძრავებს, მაგრამ ვფიქრობ, მის ამ ფრაზაში, ელენის „მადა“ და სურვილიც იგულისხმება. თუმცა, საბოლოოდ, მან არჩევანი უნდა გააკეთოს. 

ფილმში შესრულებული მეორეხარისხოვანი როლებიდან უდავოდ აღსანიშნავია საიმონ მაკბერნი, ბროკერული კომპანიის პატრონის, ოკულტიზმით გატაცებული კნოკის როლში, რომელიც „ნოსფერატუში“ იმავე როლს ასრულებს, რასაც რენფილდი „დრაკულაში“. ასევე, აარონ ტეილორ-ჯონსონი, ჰუტერის მეგობრის, ფრიდრიხ ჰარდინგისა და ემა კორინი მისი მეუღლე ანას როლში.

ჩვენს დროში საშინელებათა ჟანრის მრავალ ფილმს იღებენ და, ამ მხრივ, მაყურებლისთვის რაიმე არნახულის შეთავაზება, უკვე ძალიან ძნელია, შესაბამისად, ამ კუთხით „ნოსფერატუსგანაც“ არ ველოდი დიდ სიახლეს. ნოსფერატუ არა იმდენად საშიშია, პირდაპირი გაგებით, არამედ, დამთრგუნველი და ამაზრზენი და ეს კარგად იკითხება ფილმშიც. 

რობერტ ეგერსის „ნოსფერატუს“ ძირითადად ორი მიზეზის გამო აკრიტიკებენ. ერთია მსახიობთა, განსაკუთრებით ლილი-როუზ დეპის, ზედმეტი თეატრალურობა, ხოლო მეორე — სიუჟეტის ნაკლები ორიგინალურობა. ვფიქრობ, მსახიობთაგან გადამეტებული ექსპრესიულობა დაკავშირებულია ეგერსისგან 1922 წლის უხმო ფილმისთვის პატივის მიგებასთან. უხმო ფილმებში მსახიობებს უწევდათ უფრო თეატრალური თამაში, ემოციების, გრძნობების მაქსიმალურად გამოხატვა რათა მაყურებლისთვის ყველაფერი უფრო გასაგები ყოფილიყო. მიუხედავად იმისა რომ თანამედროვე კინოში ეს პრობლემა აღარ არსებობს, რეჟისორმა გადაწყვიტა ორიგინალ „ნოსფერატუდან“ და ზოგადად, XX საუკუნის 20-იანი წლების ფილმებიდან, ეს კომპონენტიც გადმოეტანა. რაც შეეხება სიუჟეტს, მიმაჩნია, რომ ეგერსმა აქაც უერთგულა მურნაუს. მიუხედავად ამისა, სასურველი იქნებოდა უფრო მეტი სიახლე და ორიგინალურობა, რითაც, ახალგაზრდა რეჟისორის „ნოსფერატუ“ უფრო დიდებული, გამორჩეული იქნებოდა, ახალი საფეხური გოთურ, მისტიკურ ფილმებში. ამ მხრივ, ვერნერ ჰერცოგმა, შეძლებისდაგვარად, ბევრად მცირე რესურსით, მეტის გაკეთება შეძლო. იმავეს ველოდი ეგერსისგანაც და ამ მხრივ, იმედი ცოტა გამიცრუვდა, ალბათ, ისევე, როგორც მაყურებელთა ნაწილს. 

ვფიქრობ, გარკვეული ნაკლოვანებების მიუხედავად „ნოსფერატუ“ დიდებული, შემდგარი ფილმია. რომ შევაჯამოთ, ესაა ბრწყინვალე ოპერატორული ნამუშევარი, რომელშიც თითოეული კადრი ხელოვნებაა; ორიგინალურია დიზაინი და სტილი; დაცულია ავთენტურობა; სათანადოდაა დაფასებული „ნოსფერატუს“ წინა ეკრანიზაციები. ნამდვილად უნდა ვაღიაროთ რეჟისორის, სცენარისტების, მსახიობებისა და ფილმის მთელი ჯგუფის შესრულებული უზარმაზარი სამუშაო და ყურადღება თითოეული დეტალისადმი. რობერტ ეგერსი კი უკვე სხვა საინტერესო პროექტებზე მუშაობს და იმედია, მალე მორიგი სიახლით დაგვიბრუნდება.