აჭარა ჯგუფი საქართველოში სტუმარმასპინძლობის სექტორის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რასაც ის ნოვატორული და ინდივიდუალური ხასიათის მქონე ბრენდების შექმნით ახერხებს. კომპანიის სტრატეგიაზე, მისი ბრენდების წარმატებასა და მნიშვნელობაზე, ასევე ახალ პროექტებთან დაკავშირებულ დეტალებზე აჭარა ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორს, ნინო კვერნაძესა და ახალი ბრენდის, D BLOCK-ის აღმესრულებელ დირექტორ ანი დაბრუნდაშვილს ვესაუბრეთ.
აჭარა ჯგუფის სტრუქტურა House of Brands-ის სტრატეგიას ეფუძნება – რისი მიღწევა გსურთ ამ სტრატეგიის არჩევით? ასევე, რა არის კომპანიის მთავარი ღირებულებები და პრიორიტეტები?
ნინო: აჭარა ჯგუფი 12 წელზე მეტია, საქართველოში განსხვავებული ხასიათისა და მიმართულების ბრენდებს ავითარებს. ძალიან ვამაყობთ ყველა იმ ინიციატივით, რომელმაც ამ დროის განმავლობაში ადგილობრივი და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. შემოქმედებითობა ჩვენი დნმ-ის ნაწილია და, ზუსტად ამიტომ, ვფიქრობთ, რომ აჭარა ჯგუფის მიერ არჩეული House of Brands-ის სტრატეგია გააერთიანებს თვითმყოფად, უნიკალურ და, რაც მთავარია, ქართულ ბრენდებს.
House of Brands-ის სტრატეგია კარგად ასახავს აჭარა ჯგუფის მიდგომებს, რომელთა ფარგლებშიც, თვისებრივად განსხვავებულ ბრენდებს მშობელი ბრენდის უცვლელი ღირებულებები აერთიანებს, ჩვენს შემთხვევაში: თანასწორობა, ინკლუზიურობა, გარემოს დაცვა, წრიული ეკონომიკა და მდგრადი მოხმარება. რეგიონული ეკონომიკის განვითარება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაღალანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობების გაჩენა – ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ისევე როგორც ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. თითოეულ ბრენდს, რომელსაც აჭარა ჯგუფი ქმნის და ავითარებს, თავისი გამოკვეთილი ხასიათი აქვს, თუმცა საერთო ის ღირებულებებია, რომლებსაც ადგილობრივი და საერთაშორისო მომხმარებელი ერთნაირად გრძნობს, იზიარებს და მათი თანამონაწილე ხდება.
უკვე განხორციელებულ პროექტებზე დაყრდნობით შეგიძლიათ თქვათ, რომ არჩეული კურსი ამართლებს? რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
ნინო: როდესაც ჩვენს პროექტებზე და მათ წარმატებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჩვენ მიერ შექმნილი თითოეული სივრცე მიკროჰაბის ფუნქციას იძენს, რომლის ფარგლებშიც ხელი ეწყობა სხვა ბიზნესების განვითარებას და იქმნება ახალი კოლაბორაციები უკვე შემდგარ პროფესიონალებს, ახალგაზრდა ტალანტებსა და საერთაშორისო მოთამაშეებს შორის. ამაზე დაკვირვება განსაკუთრებულ ენერგიასა და მოტივაციას გვაძლევს.
მაგალითად მოვიყვან ფაბრიკას, რომელმაც თბილისის ისტორიულ უბანს ახალი სიცოცხლე შესძინა. მას შემდეგ, რაც ფაბრიკამ დაიწყო ფუნქციონირება, უბნის ეკოსისტემა მთლიანად შეიცვალა, გაიზარდა მობილობა როგორც ადგილობრივი ახალგაზრდების, ისე ტურისტებისა და საერთაშორისო სტუმრების. უბანი გამოცოცხლდა და ფაბრიკის ირგვლივ შეიქმნა უზარმაზარი ინფრასტრუქტურა.
აჭარა ჯგუფი ნოვატორული პროექტებითაა ცნობილი – თქვენი აზრით, ამ სტატუსს ყველაზე მეტად რომელი პროექტი იმსახურებს და რატომ?
ნინო: ვფიქრობ, არ ვიქნები მიკერძოებული, თუ ვიტყვი, რომ აჭარა ჯგუფის თითოეული პროექტი ნოვატორული და განსაკუთრებულია. აჭარა ჯგუფი სტუმარმასპინძლობის სფეროში პირველი კომპანიაა, რომელმაც ქართული ბრენდებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და საქართველო საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე მონიშნა. თუმცა ჩვენი სივრცეები ტრადიციული სტუმარმასპინძლობის დაწესებულებებზე მეტია. ავიღოთ თუნდაც სტამბა, რომელიც თბილისის შემოქმედებითი ეკოსისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბდა.
გარდა სტუმრებისთვის საყვარელი სასტუმროსა და რესტორნისა, სტამბას სივრცე აერთიანებს ისეთ ინოვაციურ პროექტებს, როგორიცაა პირველი ვერტიკალური ფერმა რეგიონში — Space Farms-ი, რომელსაც ტუსია ღარიბაშვილი უძღვება; პირველი, თანამედროვე გამოსახულებაზე ფოკუსირებული ინსტიტუცია საქართველოში — თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი, რომლის სულისჩამდგმელი ნესტან ნიჟარაძეა; სასტუმროს ატელიე და მაღაზია The Shop-ი, რომელიც თინათინ კვინიკაძის ხელმძღვანელობით საქართველოში მდგრადი მოდისა და წარმოების მიდგომებს ამკვიდრებს; გვყავს ტენანტები შემოქმედებითი ინდუსტრიებიდან და საგულისხმოა, რომ აჭარა ჯგუფის ახალმა ინოვაციურმა მიმართულებამ — D Block Workspaces-მა სწორედ სტამბაში აიღო სტარტი.
მოგვიყევით D Block-ის შესახებ – რას მოიცავს ეს პროექტი?
ანი: კომპანია D Block Workspaces თბილისსა და რეგიონებში საერთო სამუშაო სივრცეებს ჩამოაყალიბებს. უნიკალური ისტორიის მქონე შენობები შემოქმედებით ინდუსტრიებს, სხვადასხვა ბიზნესპროექტებს, ახალი ცოდნის წარმოქმნას დაეთმობა. საერთო სამუშაო სივრცეების გარშემო განვითარდება კვების ობიექტები, მსუბუქი საწარმოები, სატრენინგო აუდიტორიები, გასართობი და საგანმანათლებლო ჰაბები, სარეკრეაციო და გამაჯანსაღებელი დაწესებულებები. D Block Workspaces სხვადასხვა სფეროს გადაკვეთისა და შეხვედრის ადგილი იქნება, სადაც სახელოვნებო თუ შემოქმედებით ჯგუფებთან ერთად სტარტაპები, საგანმანათლებლო პროგრამები, ციფრული ნომადები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები მოიყრიან თავს.
ჩვენი პროგრამული ღონისძიებები უამრავ საინტერესო ადამიანს გააცნობს ერთმანეთს. აქ სტარტაპერებს ინვესტორებთან შეხვედრა შეეძლებათ, ინოვატორებს – მეცნიერებთან, ხელოვანებს – მენეჯერებთან და ეს კონფიგურაციები შეიძლება უსასრულო იყოს. საზიარო სამუშაო სივრცე ახალ ქსელებს წარმოქმნის, ახალი ურთიერთობებისა და კავშირების დამყარებას შეუწყობს ხელს, და მოგვცემს შესაძლებლობას, საზოგადოებრივი ინიციატივები ყველა სფეროს წარმომადგენლის ჩართულობით განხორციელდეს.
როდის და საიდან გაჩნდა მისი განხორციელების იდეა?
ანი: აჭარა ჯგუფის ხედვა ყოველთვის იყო შემოქმედებითი ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, რაც სოციალური და კულტურული პროგრესის სტიმულირებას გულისხმობს. დაარსების დღიდან აჭარა ჯგუფის თითოეული პროექტი ითვალისწინებს შემოქმედებითი ეკონომიკის ცენტრების შექმნას ხელოვანებისთვის, ინოვაციური მეწარმეებისთვის და სხვადასხვა დარგის პროფესიონალებისთვის.
ასევე, 2020-21-მა წლებმა გვაჩვენა, რომ სამუშაო სივრცეების ცნება პირობითია, აღარ არსებობს გეოგრაფიული საზღვრები და ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, იმუშაონ მათთვის კომფორტული გარემოდან.
2022-ში, ამ დაკვირვებების და კვლევების შედეგად, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ახალი კომპანია, ახალი მიმართულება – D Block Workspaces, რომლის მიზანიც მულტისექტორული კოალიციების ხელშეწყობაა, სადაც სხვადასხვა პროფილის პროფესიონალი მისთვის ღირებულ საქმეს საუკეთესო გარემოში გააკეთებს.
რა ეტაპზეა ამჟამად პროექტი? როგორი იქნება D Block Workspaces-ის გეოგრაფიული გავრცელების არეალი?
ანი: D Block-ის პირველი პროექტი, რომელიც სტამბაში მდებარეობს, ორ ეტაპად განვითარდება. საწყისმა ფაზამ ფუნქციონირება დაიწყო 2023 წლის ივნისში, სრული გახსნა კი წლის მესამე კვარტალში იგეგმება. D Block Workspace @ Stamba განსხვავებული სტრუქტურის, ზომისა თუ დანიშნულების ოფისებსა და საერთო სამუშაო სივრცეებს აერთიანებს. სერვისები მორგებულია როგორც სხვადასხვა ზომის გუნდებზე, ისე ცალკეულ ინდივიდებზე. ერთიანი და მარტივი მართვისათვის კი შეიქმნა სპეციალური ვებპორტალი, რომლის საშუალებითაც D Block-ის სივრცეში მაქსიმალური სარგებლის მიღებაა შესაძლებელი. ჩვენი კომუნის ლიდები (ჩვენი თანამშრომლები) და მრავალფეროვანი ღონისძიებების კალენდარი D Block-ის წევრების განვითარებასა და კომფორტზე იზრუნებენ.
სამომავლოდ D Block Workspaces განვითარდება როგორც თბილისის სხვადასხვა უბანში, ისე საქართველოს ქალაქებში – მაგალითად, რუსთავსა და ქუთაისში.
გვიამბეთ აჭარა ჯგუფის ახალი ბიზნესმიმართულების, ჩუბინაშვილის 52-ის შესახებ – რას გულისხმობს პროექტი და რატომ აირჩიეთ ბიზნესის ამ მიმართულებით განვითარება?
ანი: ჩუბინაშვილის 52-ის კონცეფცია საქართველოსთვის სრულიად ახალი და უნიკალურია. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ქალაქში დიდი მოთხოვნაა ღია სარეკრეაციო სივრცეებზე და ეს პროექტიც სწორედ ასეთი ადგილის შექმნას ემსახურება.
ჩუბინაშვილის 52 იქნება სპორტული აქტივობების ჰაბი, სადაც განთავსდება მასშტაბური სპორტული დარბაზი ღია ცის ქვეშ, ფიტნესის სივრცეები, ჯანსაღი კვების ობიექტები და მრავალი სხვა. ტერიტორიაზე უკვე ფუნქციონირებს პადელის კორტები, რომლებმაც მოკლე დროში დიდი პოპულარობა მოიპოვა. ვფიქრობ, ეს პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში.
რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
ნინო: დაარსების დღიდან აჭარა ჯგუფი მუდმივად ორიენტირებულია სიახლეების დანერგვაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვჩერდებით და აქტიურად ვმუშაობთ ახალ პროექტებსა და კონცეფციებზე.
მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი კომპანიის საქმიანობაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა რეგიონულ განვითარებას. ვგეგმავთ როგორც არსებული დაწესებულებების გაფართოებას, ისე სრულიად ახალი ტერიტორიების ათვისებას და გრავიტაციის ცენტრების შექმნას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
ქუთაისში ვგეგმავთ სასტუმროსა და თავშეყრის ადგილის განვითარებას. ვფიქრობთ, რომ ასეთი სივრცე ქუთაისს ძალიან მოუხდება, რადგან აქ ცხოვრობს ბევრი ნიჭიერი, შემოქმედებითი ახალგაზრდა და ჩამოდის უამრავი საერთაშორისო მოგზაური. ასევე ვგეგმავთ სასტუმროს განვითარებას ბორჯომში, რომლის კონცეფციაზეც ახლა ვმუშაობთ.
დიდი გეგმები გვაქვს თბილისში, იქნება ეს Holiday Inn Tbilisi, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე საფესტივალო სივრცეების განვითარება თუ ახალი F&B (Food & Beverage) დაწესებულებების გახსნა. რა თქმა უნდა, მუდმივად ვმუშაობთ ჩვენი არსებული, ყველასთვის საყვარელი სივრცეების კიდევ უფრო გაფართოებასა და გაძლიერებაზე.
დაბოლოს, როგორ შეაფასებთ საქართველოს სტუმარმასპინძლობის სექტორში არსებულ ვითარებას? რამდენად მაღალია კონკურენცია და რის ხარჯზე ახერხებს აჭარა ჯგუფი სექტორის მნიშვნელოვანი მოთამაშის სტატუსის შენარჩუნებას?
ნინო: ჩვენი საუბრიდანაც ჩანს, რომ აჭარა ჯგუფში სტუმარმასპინძლობას კლასიკური გაგებით არ ვუყურებთ, ამიტომ კონკურენციაზე საუბარი გამიჭირდება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, შევქმნათ უნიკალური გამოცდილებები ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც აჭარა ჯგუფთან და ჩვენს ბრენდთან კავშირს ამყარებს. ჩვენი გუნდისთვის ეს მუდმივი შემოქმედებითი პროცესია, რომელშიც ახალ აღმოჩენებს და განვითარების შესაძლებლობებს ვპოულობთ, ვუფრთხილდებით ტრადიციებს და ვქმნით ახალს. საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს ამ მიმართულებით და ვცდილობთ, მაქსიმალურად ბევრ ადამიანს შევუქმნათ აჭარა ჯგუფის უნიკალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.