კიევის ეკონომიკის სკოლის აგროცენტრის კვლევის თანახმად, რუსეთის შეჭრით უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორს დაახლოებით $4.3 მილიარდის ზარალი მიადგა. პარალელურად კი მსოფლიო მიმდინარე ომის შედეგად გამძაფრებული გლობალური სასურსათო კრიზისის წინაშე დგას.
მკვლევრების გათვლებით, რუსეთის მიერ წამოწყებულმა ომმა $2.1 მილიარდის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო მიწები, ზამთრის მოსავალი და $926 მილიონის ტექნიკა გაანადგურა. ზარალი მოიცავს $136 მილიონის პირუტყვს და $272 მილიონის სასაწყობო ობიექტებს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის მხრიდან შავი ზღვის პორტების ბლოკირებამ მილიონობით ტონა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი შეაჩერა, რაც, გაეროს შეფასებით, შესაძლოა, გლობალური შიმშილობის მიზეზად იქცეს.
კიევის ეკონომიკური ინსტიტუტის სურსათისა და მიწათსარგებლობის კვლევითი ცენტრის მკვლევრის, რომან ნეიტერის განცხადებით, რუსეთის შეჭრამ უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტზე მძიმე გავლენა იქონია. უკრაინის ექსპორტი წელიწადში 400 მილიონი ადამიანის გამოკვებას გულისხმობს, „დაკარგული აქტივების აღდგენის“ გარეშე კი უკრაინას სურსათის გლობალური მიმწოდებლის სტატუსის დაბრუნება გაუჭირდება.
ომით მიყენებული ზარალის შედეგად, მაშინ როდესაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანს სასურსათო დეფიციტი ემუქრება, უკრაინის ეკონომიკა სავარაუდოდ 45%-ით შემცირდება. გარდა ამისა, ომის შედეგად, დაახლოებით $1.4 მილიარდის ღირებულების 2.4 მილიონ ჰექტარზე მოყვანილი ზამთრის მოსავალი შესაძლოა გამოუყენებელი დარჩეს.