საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა, რომელიც OPEC-ის დე-ფაქტო სპიკერია, Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, OPEC-მა საერთაშორისო ბირჟას ნავთობის მიწოდება შეუმციროს.
მსოფლიოს უმსხვილესი ენერგეტიკული ორგანიზაციის მიერ მიწოდების შეზღუდვა, ბუნებრივია, ბაზარზე ნავთობისა და საწვავის გაძვირებას გამოიწვევს.
ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ნავთობის ღირებულება თითქმის 4%-ით გაიზარდა და ბარელი Brent-ის ფასი $100-დოლარიან ნიშნულს დაუბრუნდა.
მინისტრ აბდულაზიზ სალმანის განცხადება პირდაპირ კავშირშია ბოლო პერიოდში ბირჟაზე დაფიქსირებულ დაღმასვლის ტენდენციასთან – აგვისტოში ნედლი ნავთობის ფიუჩერსების ფასები 80 დოლარამდე შემცირდა, რაც, თავის მხრივ, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებისთვის არახელსაყრელია.
ექსპერტების შეფასებით, OPEC-ის სამიზნე ნიშნული ბარელზე 100 დოლარია და, სავარაუდოდ, ორგანიზაცია ნავთობის მიწოდებას სწორედ 100 დოლარის ფარგლებში ფასების დასასტაბილურებლად დააკორექტირებს.
როგორც წესი, OPEC-ი ნავთობის ფასზე სამიზნე ნიშნულს არ აწესებს, თუმცა 2022 წელი განსხვავებულია, რადგან დასავლური ბაზარზე რუსეთის გავლენის შემცირების ფონზე, OPEC-ის ძალაუფლება იზრდება, ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს კი არსებული შესაძლებლობის გამოყენების და მოკლე პერიოდში მაქსიმალური მოგების მიღების სურვილი აქვთ.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან დაჟინებული მოთხოვნისა, OPEC-ის ხელმძღვანელობას ნავთობის მიწოდება მნიშვნელოვნად არ გაუზრდია, რაც სწორედ ზემოხსენებული საფასო პოლიტიკის ეკონომიკური გავლენით იყო განპირობებული.
შეგახსენებთ, რომ ნავთობის გაძვირების ფონზე, არაბული ენერგოგიგანტის შემოსავლები მეორე კვარტალში 90%-ით გაიზარდა და Saudi Aramco-ს მიერ მიღებულმა შემოსავალმა 48.4 მილიარდი დოლარი შეადგინა, აქედან $18.8 მილიარდი კი უშუალოდ საუდის არაბეთის სახელმწიფო საბიუჯეტო შემოსავალს წარმოადგენს.
Saudi Aramco-ს გენერალური დირექტორის ამინ ნასერის განცხადებით, ნავთობზე მაღალი მოთხოვნა ათწლეულის ბოლომდე შენარჩუნდება, უახლოეს მომავალში კი კომპანია შემოსავლების ზრდას პროგნოზირებს.