ქვეყნები, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე მეტ გაზს მოიპოვებენ - რეიტინგი

ქვეყნები, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე მეტ გაზს მოიპოვებენ - რეიტინგი

უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთისადმი დაწესებული სანქციების ფონზე, მსოფლიოში ენერგომატარებლების გლობალური კრიზისი შეიქმნა, რომელიც განსაკუთრებით ევროპაში იგრძნობა – კონტინენტზე, რომელიც რუსულ გაზსა და ნავთობზე დიდად არის დამოკიდებული. თავისთავად ცხადია, რომ ამ დამოკიდებულების შესახებ რუსეთშიც იციან და ხშირად, მას პოლიტიკურ იარაღადაც იყენებენ. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, როდესაც რუსულმა სახელმწიფო კორპორაცია Gazprom-მა ევროპაში გაზის ექსპორტი საგრძნობლად შეამცირა, რამაც კონტინენტზე გაზის ფასები ომამდელ ნიშნულთან შედარებით თითქმის გააათმაგა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ გაზი ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი რესურსია, რომელსაც თითქმის ყოველდღიურად ვიყენებთ, როგორც გათბობისთვის, ასევე საკვების მომზადებისას, ელექტროენერგიის გენერირებისას, ტრანსპორტის საწვავად და სასუქებისა და პლასტმასის წარმოებისას. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მსოფლიოს ბუნებრივ წიაღისეულზე საკუთარი დამოკიდებულების შემცირება სურს. მიუხედავად ამისა, 2021 წელს გაზის მოხმარებამ წინა რეკორდი 3.3%-ით დაჯაბნა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

საერთო ჯამში, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ვარაუდით, გაზზე მოთხოვნა 2022 წელს მცირედით იკლებს და 2025 წლამდე დიდად არ იმერყევებს. ამასთანავე, მომავალ წლებში, ისევე, როგორც დღეს, გაზის მოხმარების დიდი წილი კვლავაც აზიისა და წყნარი ოკეანის, ასევე ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონებზე და ინდუსტრიული წარმოების სექტორზე მოვა.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, გაზის მოხმარება მსოფლიოს რეგიონების მიხედვით, 2021 წელს შემდეგნაირად გადანაწილდა:

აზია და წყნარი ოკეანე
მოთხოვნა 2021 წელს: 895 მლრდ კუბური მეტრი
წინასწარი მოთხოვნა 2022 წელს: 907 მლრდ კუბური მეტრი

აფრიკა
მოთხოვნა 2021 წელს: 169 მლრდ კუბური მეტრი
წინასწარი მოთხოვნა 2022 წელს: 172 მლრდ კუბური მეტრი

ახლო აღმოსავლეთი
მოთხოვნა 2021 წელს: 564 მლრდ კუბური მეტრი
წინასწარი მოთხოვნა 2022 წელს: 582 მლრდ კუბური მეტრი

ევრაზია
მოთხოვნა 2021 წელს: 634 მლრდ კუბური მეტრი
წინასწარი მოთხოვნა 2022 წელს: 619 მლრდ კუბური მეტრი

ევროპა
მოთხოვნა 2021 წელს: 604 მლრდ კუბური მეტრი
წინასწარი მოთხოვნა 2022 წელს: 549 მლრდ კუბური მეტრი

ჩრდილოეთ ამერიკა
მოთხოვნა 2021 წელს: 1084 მლრდ კუბური მეტრი
წინასწარი მოთხოვნა 2022 წელს: 1108 მლრდ კუბური მეტრი

ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა
მოთხოვნა 2021 წელს: 153 მლრდ კუბური მეტრი
წინასწარი მოთხოვნა 2022 წელს: 147 მლრდ კუბური მეტრი

მიმდინარე ენერგოკრიზისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია მსოფლიოს დღის წესრიგში, რის გამოც, საქმიანი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო ხდება იმ სახელმწიფოების აღრიცხვა, რომლებმაც 2021 წელს ყველაზე მეტი გაზი მოიპოვეს. გაზის უმსხვილესი მწარმოებლების რეიტინგს, რომელიც კანადურმა გამოცემა Visual Capitalist-მა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ნავთობმწარმოებლის, BP-ის მონაცემებზე დაყრდნობით მოამზადა, Forbes Georgia უცვლელად გთავაზობთ.

#1 – ამერიკის შეერთებული შტატები
წარმოება 2021 წელს: 934.2 მლრდ კუბური მეტრი
გლობალური ბაზრის წილი: 23.1%

#2 – რუსეთი
წარმოება 2021 წელს: 701.7 მლრდ კუბური მეტრი
გლობალური ბაზრის წილი: 17.4%

#3 – ირანი
წარმოება 2021 წელს: 256.7 მლრდ კუბური მეტრი
გლობალური ბაზრის წილი: 6.4%

#4 – ჩინეთი
წარმოება 2021 წელს: 209.2 მლრდ კუბური მეტრი
გლობალური ბაზრის წილი: 5.2%

#5 – კატარი
წარმოება 2021 წელს: 177.0 მლრდ კუბური მეტრი
გლობალური ბაზრის წილი: 4.4%

#6 – კანადა
წარმოება 2021 წელს: 172.3 მლრდ კუბური მეტრი
გლობალური ბაზრის წილი: 4.3%

#7 – ავსტრალია
წარმოება 2021 წელს: 147.2 მლრდ კუბური მეტრი
გლობალური ბაზრის წილი: 3.6%

#8 – საუდის არაბეთი
წარმოება 2021 წელს: 117.3 მლრდ კუბური მეტრი
გლობალური ბაზრის წილი: 2.9%

#9 – ნორვეგია
წარმოება 2021 წელს: 114.3 მლრდ კუბური მეტრი
გლობალური ბაზრის წილი: 2.8%

#10 – ალჟირი
წარმოება 2021 წელს: 100.8 მლრდ კუბური მეტრი
გლობალური ბაზრის წილი: 2.5%

გაზის მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელი, კვლავაც ამერიკის შეერთებული შტატებია, რაც გასაკვირი სულაც არ არის, რადგან ქვეყნის ენერგიის მოხმარების 32% სწორედ ამ ენერგომატარებელზე მოდის. მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებლებს შორის მეორე ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, რომელიც ამასთანავე, გაზის უდიდეს რეზერვებს ფლობს, სულ მცირე 37 ტრილიონი კუბური მეტრის ოდენობით. საინტერესოა, რომ გასულ წელს, გაზის წარმოებამ ჩინეთში 7.8%-ით იმატა, ხოლო ათი წლის ჭრილში, გაორმაგდა, რაც უმეტესწილად, ქვანახშირიდან ბუნებრივ აირზე გადასასვლელად შექმნილ სახელმწიფო პროგრამებს უნდა მივაწეროთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *