გუშინ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად რუსული სტრატეგიული ავიაციის მესამედზე მეტი განადგურდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოპერაცია „ობობას ქსელი“ წელიწად-ნახევარზე მეტხანს იგეგმებოდა და მასში მრავალი ადამიანური და ტექნოლოგიური კომპონენტი იყო ჩართული.
უკრაინელებმა იერიში 5 სხვადასხვა რუსულ ავიაბაზაზე რამდენიმე ათასი კილომეტრის მოშორებით მიიტანეს. სხვადასხვა მონაცემებით, სულ დაზიანდა ან განადგურდა 40-მდე საჰაერო ხომალდი, მათ შორის შორეული დაზვერვის სისტემა A-50 და რამდენიმე ერთეული Tu-95 და Tu-22 M3. სხვადასხვა ინფორმაციით, საერთო ჯამში რუსეთისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა $7 მილიარდამდეა.
საინტერესოა, რომ სამხედრო ოპერაცია არ განხორციელებულა არც სარაკეტო შესაძლებლობების და არც საჰაერო საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენებით. რუსულ ავიაბაზებზე იერიში უკრაინის სპეცსამსახურებმა დრონების გამოყენებით მიიტანეს. უკრაინის პრეზიდენტის მიერ გავრცელებული განცხადებით, ჯამში ოპერაცია „ობობას ქსელში“ 117 ერთეული დრონი გამოიყენეს, რომელთაც ინდივიდუალურად მართავდნენ პილოტები.
აღნიშნული დრონები ავიაბაზების მიმდებარე ტერიტორიებზე სატვირთო ავტომობილებში იყო განთავსებული, საიდანაც მათი გაფრენა ავტომატურ რეჟიმში განხორციელდა. სატრანსპორტო საშუალებების დრონებისგან დაცლის შემდეგ კი აღნიშნული სატვირთოები თვითგანადგურების რეჟიმით აფეთქდა. როგორც ცნობილია, დრონები კონკრეტულ სამიზნეებზე დაპროგრამებული იყო, რისთვისაც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაც გამოიყენეს. სამხედრო მიმომხილველების განმარტებით, მსგავსი სირთულისა და მასშტაბის სამხედრო ოპერაცია აქამდე არასდროს განხორციელებულა.
უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, სპეცოპერაციის მართვის ერთ-ერთი ოფისი რუსეთის ერთ-ერთ რეგიონში, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) შენობის გვერდით იყო. მისი განმარტებით, ოპერაციაში მონაწილე ყველა პიროვნება რუსეთის ტერიტორიიდან დროულად გაიყვანეს. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სპეცოპერაციის დაგაგემვასა და განხორციელებაში მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურები მონაწილეობდნენ.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ შეძლეს უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიაზე ათობით კამიკაძე დრონის შეუმჩნევლად შეტანა და მათი სატვირთოებში დამონტაჟება, რომელთაც სახურავი ავტომატურად ეხსნებოდა.