ამიერკავკასიაში ერთ-ერთი უმსხვილესი სამთო საწარმო ბოლნისის რაიონში, დაბა კაზრეთში მდებარეობს. აქ ძვირფასი ლითონების მოპოვების სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში სპილენძის კონცენტრატს უკვე 43 წელია, აწარმოებენ, ოქროს დორე შენადნობის წარმოება კი ადგილზე 1997 წლიდან იწყება. ამ პროდუქციას საერთაშორისო ტრეიდერული კომპანიები ყიდულობენ. გაწმენდის შედეგად მიღებული სუფთა ლითონები – ოქრო, სპილენძი და ვერცხლი – ლონდონის საფონდო ბირჟაზე იყიდება. კომპანია RMG დღეს მადნის მოპოვებისა და წარმოების მიმართულებით განვითარების ახალ გზას ადგას. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მძიმე ტექნიკის ავტოპარკი მთლიანად განახლდა, რისთვისაც $10 მილიონი დოლარი დაიხარჯა. შემუშავდა უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები და, პირველად კომპანიის არსებობის განმავლობაში, დღის წესრიგში დადგა წიაღისეულის ათვისების შემდეგ კარიერის რეკულტივაციის საკითხი. მომდევნო წლების განმავლობაში კომპანია კომბინატის გადაიარაღებასაც გეგმავს. ჩვენ მოპოვებისა და გადამუშავების დარგში წარმოების დირექტორს, თორნიკე ლიპარტიას და სამთო ტექნოლოგიების დარგში წარმოების ხელმძღვანელს, კობა მენაბდიშვილს ვესაუბრეთ.
სამთო მრეწველობის წარმოების მენეჯერი საქართველოსთვის იშვიათი პროფესიაა. როგორ მოხვედით დღევანდელ პოზიციამდე?
თორნიკე ლიპარტია: ტექნიკურ უნივერსიტეტში სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, პროფესიით გეოლოგი ვარ და სწავლის პროცესში ხშირად გვიწევდა მადნეულის კარიერის მონახულება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი ორგანიზმისა. უკვე 2007 წელს აქ მუშაობა დავიწყე და ყველაზე დაბალი საფეხურიდან დღემდე თითქმის ყველა პოზიცია გამოვიარე.
კობა მენაბდიშვილი: 2005 წელს დავამთავრე ტექნიკური უნივერსიტეტი ღია სამთო სამუშაოების მიმართულებით და იმავე წელს დავიწყე აქ მუშაობა. დღემდე საკმაოდ გრძელი გზა იყო, ვმუშაობდი როგორც აფეთქების დამხმარედ, ასევე ამფეთქებლად, ცვლის უფროსად, კარიერის უფროსის მოადგილედ, მთავარ მთამადნელად, წარმოების დირექტორის მოადგილედ და დაახლოებით წელიწადი და სამი თვეა, სამთო ტექნოლოგიების დარგში წარმოების დირექტორი ვარ.
რადგან წარმოების პროცესი ქრონოლოგიურად მადნის მოპოვებით იწყება, თორნიკე, ისევ თქვენთან გავაგრძელებ საუბარს. თქვენი სტუდენტობის პერიოდიდან დღემდე რა განვითარდა ამ დარგში?
თ.ლ.: როცა აქ მუშაობა დავიწყეთ, საქართველოში სამთო მრეწველობა ჯერ კიდევ თავდაღმართში მიდიოდა. ჩვენი მოსვლის შემდეგ დავარწმუნეთ ხელმძღვანელობა, რომ თუ მადნეულის კარიერს არ ჩავსვამდით სამთო პარამეტრებში, წინ ვერ წავიდოდით. საინჟინრო გაანგარიშების შემდეგ დაგვთანხმდნენ და ჩვენ დავიწყეთ, ერთი მხრივ, ჩამოშლილი კარიერის მდგომარეობის გამოსწორება და, მეორე მხრივ, მადნიანი ახალი სხეულების შესწავლა. დღემდე მიმდინარეობს გამოსწორების პროცესი, თუმცა რადიკალურად განსხვავდება 2012-წლამდელი და დღევანდელი წარმოების მდგომარეობა. დღეს ობიექტურად ათასჯერ უკეთესი პირობებია.
ოფისში განთავსებულ ფოტოებზე გამოსახულია მადნეულის კარიერის ძველი და ახლანდელი მდგომარეობა და ეს თქვენს ნათქვამს ნამდვილად ადასტურებს, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ, კონკრეტულად რა შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში კარიერებზე ეკოლოგიისა და შრომის უსაფრთხოების კუთხით?
თ.ლ.: ზოგადად, თუ კარიერის ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია, წვიმის შედეგად გაჩენილი წყალქცევების კონტროლი, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ნიაღვრები მოდის, რომლებიც სად გაგექცევა და გავა თუ არა ტერიტორიის გარეთ, ვერ აკონტროლებ. ჩვენ ამ საკითხის მოწესრიგებამ წყლის ნაკადების მიზანმიმართულად მართვის შესაძლებლობა მოგვცა. ასევე ღია სამთო სამუშაოების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს მტვერთან ბრძოლას. ეს საკითხი ახალი სარწყავი სისტემების შეძენით გადავწყვიტეთ და ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რასაც სხვა წამყვანი კომპანიები იყენებენ, ჩვენთანაც დაინერგა და კიდევ ბევრი სიახლე იქნება. მთავარია, რომ ამაზე ვმუშაობთ და რესურსებს არ ვზოგავთ.
რაც შეეხება უსაფრთხოებას, რისკები კარიერის დამუშავების პროცესში მინიმუმამდეა დაყვანილი, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ძალიან მაღალ სტანდარტს შევეჭიდეთ, ეს არის უახლესი სიტყვა შრომის უსაფრთხოების სფეროში, რომლის დანერგვაც დიდ დანახარჯს და დროს მოითხოვს. ის თამასა, რაზეც ვმუშაობთ და რაც ძალიან მალე გვექნება, საქართველოში ძალიან ცოტა კომპანიას აქვს.
საინტერესოა, როგორი მდგომარეობაა თანამედროვე სამთო ტექნოლოგიების დანერგვისა და ახალ ტექნოლოგიურ ციკლზე გადასვლის კუთხით?
თ.ლ.: თანამედროვე ტექნოლოგიების თვალსაზრისით ბევრი სამუშაო ჩატარდა. მას შემდეგ, რაც მოვაწესრიგეთ მადნეულის კარიერის ინფრასტრუქტურა და კარიერებზე სამთო საქმის სწორი წარმოება დავიწყეთ, გეოლოგებს მოგვეცა შესაძლებლობა, გვემუშავა, გამოგვეტანა დასკვნები წიაღში არსებული მდგომარეობის შესახებ. მაგრამ აქ სხვა პრობლემამ იჩინა თავი. თქვენ იცით, რომ ჩვენი სპილენძის ქარხანა 1975 წლიდან გაუჩერებლად მუშაობს, თუმცა დადგება მომენტი, როცა ის ამას ვეღარ შეძლებს. ამიტომაც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ფინურ კომპანია OUTOTEC-თან, რომელიც ლიდერია ახალი ტექნოლოგიების დარგში. ისინი მადნის გამდიდრების თანამედროვე ტექნოლოგიებს შემოგვთავაზებენ, რომლებიც იქნება უსაფრთხო, ექნება მაღალი ამოკრეფა და გადამუშავების დაბალი თვითღირებულების მაჩვენებლები. ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის ბოლოს-თვის მივიღებთ ზუსტ მონაცემებს, თუ რა გვჭირდება როგორც ფინანსური, ისე ტექნოლოგიური თვალსაზრისით.
როგორც ჩემთვის ცნობილია, RMG Gold-ში აგლომერაციის ახალი კვანძი დაინერგა, რაც საშუალებას იძლევა, ერთხელ გადამუშავებული მადნებიდან ხელახლა ამოიღოთ ძვირფასი ლითონები. მოგვიყვეთ ამ პროექტის შესახებ.
თ.ლ.: ეს აქამდე არსებული გამოუყენებელი ოქროს შემცველი ნედლეულის გადამუშავების რეცეპტია. გროვული გამოტუტვის მეთოდით ერთხელ უკვე გადამუშავებულ მადანში მხოლოდ ფრაქციებია დარჩენილი და მისი ხელახალი დამუშავება დიდ ეფექტს არ გაძლევს. ამიტომ ვიკვლიეთ ეს დიდი ხნის განმავლობაში. არის ასეთი აგრეგატი, რომელსაც მადანი და ცემენტი ერთად მიეწოდება და ის იწყებს წვრილად დაქუცმაცებული მასალის გამსხვილებას. ანუ ცემენტის დახმარებით მასა გარდაიქმნება დიდ ბურთულებად და გროვული გამოტუტვის მეთოდით შეგვიძლია ოქროს ამოკრეფა. პროექტზე მუშაობა დაახლოებით რვა თვეა, რაც მიმდინარეობს და ეს რგოლი უკვე გამართულად მუშაობს. მარტო ამ კვანძზე ბოლო პერიოდში 100-მდე ადამიანი დასაქმდა.
წლის ბოლო გვიახლოვდება და მსოფლიო ბაზარზე არსებული სურათის მიხედვით საინტერესოა 2018 წლის თქვენეული შეფასება. რა სირთულეები იყო მძიმე მრეწველობის დარგში?
თ.ლ.: სამთო საქმეში ადვილი პროცესი და დრო არ არსებობს. მაგალითად, წელს მსოფლიო ბაზარზე მეტალთა ფასების მხრივ დიდი ცვლილება იყო, თითქმის 800-დან 1000 დოლარამდე გვქონდა სპილენძის მიმართულებით ფასის ვარდნა, მაგრამ ეს ფაქტორიც გადავლახეთ და წლის გარდამტეხ დროს ვიპოვეთ გამოსავალი, რაც ისევ და ისევ ჩვენი მაღალკვალიფიციური გუნდის დამსახურებაა. შეჯამებამდე ორი თვეა დარჩენილი, თუმცა, ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი საუკეთესო წელი იყო იმ კუთხით, რომ სწორად დავგეგმეთ და მოვიპოვეთ მადანი, სწორად გადავამუშავეთ, სწორად გავყიდეთ. ამასთან ერთად, გარემოს დაცვის, შრომის უსაფრთხოებისა და ბევრი სხვა მიმართულებით არაერთი სიახლეა, რაც ვფიქრობ, წარმატებული კომპანიის საწინდარია. საამაყოა ისიც, რომ კვლევების მიხედვით, წელს ჩვენი კომპანია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესებს შორის ლიდერთა პირველ ათეულშია.
ბატონო კობა, გადავიდეთ სამთო ტექნოლოგიების თემაზე, წელს კომპანიის ავტოპარკის სრული მოდერნიზაცია განხორციელდა. რა სახის ტექნიკა შეიძინეთ და რამდენად მნიშვნელოვანია ეს შრომის უსაფრთხოების კუთხით?
კ.მ.: ჩვენთვის უმთავრესი ფასეულობა – ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეა. სწორედ ამიტომ ნებისმიერი ინვესტიცია პირველ რიგში ჩვენთან დასაქმებული პერსონალისთვის უკეთესი და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას ითვალისწინებს. თანამედროვე ტექნიკაც სწორედ იმაზეა გათვლილია, რომ დასაქმებულებმა თავი ბევრად უსაფრთხოდ იგრძნონ. წელს ამ კუთხით კომპანიამ 10 მლნ დოლარი დახარჯა. შევიძინეთ ტექნიკა, რომელიც ემსახურება როგორც საწარმოო პროცესს, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე ცენტრალური გზების მორეცხვას. შეიძლება ითქვას, რომ ერთჯერადად ამდენი ტექნიკის შეძენა კომპანიაში ათწლეულებია, არ მომხდარა. ეს არის უახლესი ბულდოზერები, თვითმტვირთავები, 24 ერთეული სამთო მასების გადამზიდი. განსაკუთრებით ვამაყობ რამდენიმე დღის წინ ჩამოსული SANDVIK-ის ტიპის ორი საბურღი დაზგით, რომლებშიც $2 200 000 გადავიხადეთ.
ეს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენასაც ნიშნავს, ჩვენ ამ მიმართულებით 220-ზე მეტი ადამიანი დავასაქმეთ.
3000-ზე მეტი თანამშრომლით “არემჯი” რეგიონისა და ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. მოგვიყევით, რა პროფესიებსა და პოზიციებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა და რას გულისხმობს თქვენ მიერ დანერგილი ახალი ანაზღაურების სისტემა?
კ.მ.: არ ვიქნები გამონაკლისი, თუ ვიტყვი, რომ სამთო მიმართულებით ძლიერი საინჟინრო-ტექნიკური პერსონა ლის მოძიება ქვეყანაში ჭირს. თუმცა არის ჩვენს კომპანიაში ჯგუფი, რომელიც კადრების მუდმივ გადამზადებაზე ზრუნავს. ადგილზევე ვიწვევთ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლისა და პროფესიული კოლეჯების პროფესორ-მასწავლებლებს და ვატარებთ ტრენინგებს. მოგეხსენებათ, ახალი ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება და გადამზადების საჭიროება ყოველთვის დგას. შესაბამისად, ცენტრი ამ მიმართულებით დიდ დახმარებას გვიწევს. ვთანამშრომლობთ ტექნიკურ უნივერსიტეტთანაც, რომელიც გვიგზავნის დამწყებ კადრებს სტაჟირებაზე – სწორედ მოტივირებულ, განათლებულ და ენერგიულ ახალგაზრდებში ვხედავთ ჩვენს მომავლს.
რაც შეეხება ანაზღაურების ახლებურ სისტემას, ის გულისხმობს მუშა- პერსონალის გადაყვანას ფიქსირებულიდან გამომუშავებით ანაზღაურებაზე. თუ, აქამდე, მაგალითად, ექსკავატორის ოპერატორს თვიურად 960 ლარი ხელფასი და სამ თვეში ერთხელ კვარტალური პრემია ჰქონდა, დღეს გაცილებით მეტი აქვს, და რატომ: ის ფაქტი, რომ ადამიანს მისი ტექნიკის გაუმართაობის შემთხვევაშიც მოჭრილი თანხა უნდა აეღო, ერთგვარად აზარმაცებდა დასაქმებულს. დღეს გამომუშავებაზე გადაყვანამ გამოიწვია ის, რომ მათი ანაზღაურება გაიზარდა და ასევე გაიზარდა ტექნიკის მწარმოებლობა.
რა არის მართვის ძირითადი ინსტრუმენტი სამთო წარმოების ტექნოლოგიური ციკლის გამართულ მუშაობაში?
კ.მ.: დრო და სივრცე. დროის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სამუშაოები სწორად გაიწეროს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შემდეგ რეკულტივაციის საკითხი.
თუ გაქვთ ამ ეტაპზე კომპანიაში ისეთი უბნები, რომელთა რეკულტივაციაზეც მუშაობთ?
კ.მ.: “არემჯი კოპერის” ტერიტორიაზე გვაქვს ტუფის კარიერი, რომლის მასალასაც კუდსაცავის მშენებლობისთვის ვიყენებთ. ამ ეტაპზე კარიერზე მიმდინარეობს საფეხურების აღდგენისა და ბუნებრივი ფორმის მიცემის სამუშაოები, რომლებიც დასრულების ეტაპზეა და კონტრაქტორი კომპანია მომავალში მის გამწვანებაზე იზრუნებს. მეორე ლოკაციაა ერთ-ერთი სანაყარო, სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეკულტივაციის მეთოდოლოგიის შესწავლა და შეფასება. ვფიქრობ, მომავალი წლის ბოლომდე ორივე ეს ობიექტი უკვე რეკულტივირებული იქნება და ეს შედეგი ყველასათვის თვალსაჩინო გახდება. ამ დრომდე კარიერის რეკულტივაციის პრეცედენტი საწარმოში არ ყოფილა. არც ფინანსებს, არც დროს და არც ენერგიას არ დავზოგავთ, რომ საზოგადოებამ შედეგი ამ კუთხითაც მალე დაინახოს.