შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის მიერ ეკონომიკური პოლიტიკის გამკაცრების შემდეგ, ოქროს ფასი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე დიდ ყოველთვიურ ვარდნას განიცდის. ერთი უნცია (28.3 გრამი) ოქროს ღირებულება 1800 ამერიკულ დოლარს ჩამოსცდა.
ძვირფასი მეტალის ფასზე თავისი გავლენა მოახდინა შეერთებულ შტატებში საფონდო ბირჟებზე აქციათა ზრდის ტემპმა და დოლარის მსყიდველუნარიანობის გამოცოცხლებამ. გარდა ამისა, ინვესტორები კორონავირუსის ახალი შტამის, დელტას, გავრცელების გამო მოგზაურობაზე შეზღუდვების გამკაცრებასაც მოელიან, რამაც მათ სტიმული მისცა, ვაჭრობის დონის განსაზღვრაზე თავიდან დაფიქრდნენ.
ოქროს ზოდების ფასი თანდათანობით დასტაბილურდება მოვაჭრეების მიერ გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღებასთან ერთად. ივნისში, შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის ოფიციალურმა პირებმა შეხვედრის შემდეგ ინფლაციაზე საპასუხო ზომები მიიღეს. მათი აზრით, გონივრული ლოდინის რეჟიმი და ამჟამინდელი საპროცენტო განაკვეთის გაზრდა ქვეყანას აღნიშნული ვითარებიდან მალე გამოიყვანს.
Guardian Gold Australia-ს ბიზნესის განვითარების მენეჯერმა, ჯონ ფინიმ, განაცხადა, რომ ოქროს ფასის სტიმულირება დაახლოებით 1775 ამერიკული დოლარის ფარგლებში დაიწყება. მისი აზრით, ეს გახლავთ ფასის ის დონე, რომელიც ინვესტორებს უბიძგებს, მეტი კაპიტალი დააბანდონ შემცირებული ფასის მქონე ძვირფას მეტალში.
ფასების ვარდნის მაჩვენებელმა, 2016 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე დიდი, 6.9%-იანი დაღმასვლა აჩვენა. იგივე ტენდენცია შეინიშნება სხვა ძვირფასი მეტალების: ვერცხლის, პალადიუმისა და პლატინის შემთხვევაშიც.