ოქროს ფასმა $3,200-ს გადააჭარბა – ინვესტორებში გლობალური რეცესიის შიშმა იმატა

ოქროს ფასმა $3,200-ს გადააჭარბა – ინვესტორებში გლობალური რეცესიის შიშმა იმატა

დღეს უნცია ოქროს ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს – 3,237.56 აშშ დოლარს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ძვირფასი ლითონი კვირის განმავლობაში თითქმის 6%-ით არის გაძვირებული. ფასის ზრდა დოლარის სუსტი კურსითა და აშშ-ჩინეთს შორის გამწვავებული სავაჭრო ომით არის გამოწვეული, რამაც გლობალური რეცესიის შიშები კიდევ უფრო გაამძაფრა.

„რეცესიის რისკები იმატებს, ობლიგაციებზე სარგებელი მკვეთრად იზრდება, ხოლო დოლარი გაუფასურებას განაგრძობს – სწორედ ეს ფაქტორები აქცევს ოქროს კრიზისის დროს სტაბილურ და ინფლაციისგან დამცავ აქტივად,“ – აცხადებს კომპანია Heraeus Metals Germany-ის ძვირფასი ლითონების ტრეიდერი.

ცოტა ხნის წინ ჩინეთმა აშშ-ის იმპორტზე ტარიფები 125%-მდე გაზარდა, რითაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჩინურ საქონელზე 145%-იანი ტარიფების დაწესებას უპასუხა. ამან ქვეყნებს შორის გაჩაღებული სავაჭრო ომი კიდევ უფრო გაამძაფრა, რაც სფეროს ექსპერტების მოლოდინით, გლობალური მომარაგების ჯაჭვს დიდ საფრთხეში ჩააგდებს.

ამავდროულად, დოლარის ღირებულება მკვეთრად დაეცა, რაც ოქროს საერთაშორისო მყიდველებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

ოქრო ფასი ზრდის ტენდენციას უკვე მეორე წელია, აგრძელებს. მხოლოდ მიმდინარე წელს მისი ფასი თითქმის 21%-ით არის გაზრდილი. ძვირფასი ლითონის ღირებულების ზრდას გლობალური გაურკვევლობები, ცენტრალური ბანკების მოთხოვნა და ოქროში გაზრდილი ინვესტიციები უწყობს ხელს.

„ოქროს ფასს ზრდის კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვს – ოპტიმისტურ სცენარში, მომდევნო თვეებში ფასი შესაძლოა 3,400-3,500 დოლარამდე გაიზარდოს,“ – აცხადებენ UBS-ის ანალიტიკოსები.

რაც შეეხება სხვა ძვირფას მეტალებს – ვერცხლის ფასი 0.9%-ით გაიზარდა და 31.46 დოლარს მიაღწია; პლატინა 0.4%-ით გაიაფდა და 934.60 დოლარად ფასობს; პალადიუმი კი 1.6%-ით გაძვირდა და მისი ფასი 922.68 დოლარს შეადგენს.