ოქროსა და ვერცხლის ფასები ერთწლიან მინიმუმამდე დაეცა | მიზეზები

ოქროსა და ვერცხლის ფასები ერთწლიან მინიმუმამდე დაეცა | მიზეზები

ფოტო: Getty Images

ოქროსა და ვერცხლის ფასები ორშაბათს ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდა. ძვირფასი ლითონების გაუფასურებას ხელს უწყობს აშშ დოლარის გამყარება, ინფლაციის მდგრადობა და ბაზარზე მზარდი მოლოდინი, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა (Fed) დეკემბერში საპროცენტო განაკვეთებს გაზრდის.

ორშაბათს ოქროს ფასი თითქმის 1%-ით, უნციაზე $3,856.10-მდე შემცირდა. დღის განმავლობაში მისი ღირებულება $3,835.20-მდეც დაეცა, რაც 2025 წლის ოქტომბრის დასაწყისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ვერცხლის ფასი გაცილებით მეტად, 4.5%-ით შემცირდა და უნციაზე $46.94 შეადგინა. დღის განმავლობაში ვერცხლის ფასი $46.46-მდე დაეცა, რაც ასევე 2025 წლის ოქტომბრის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ნიშნულია.

ოქროს ფასი წლის დასაწყისიდან 11%-ზე მეტით არის შემცირებული, ხოლო იანვარში დაფიქსირებულ პიკთან, უნციაზე თითქმის $5,600-თან შედარებით, 30%-ზე მეტით არის გაუფასურებული. არსებული დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში, ოქროსთვის ეს 2015 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი წელი იქნება.

Saxo Bank-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ფასების კლებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორისაა ინფლაცია, რომელიც აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების შემდგომი ზრდის მოლოდინს აძლიერებს, ასევე ხელოვნური ინტელექტის სექტორთან დაკავშირებული რისკი, რომელიც ბაზარზე ზოგად საინვესტიციო განწყობებზე უარყოფითად მოქმედებს.

ორშაბათს აშშ დოლარის ინდექსი 0.2%-ით გაიზარდა და წლის მაქსიმალურ მაჩვენებელთან ახლოს იყო. როგორც წესი, დოლარის გამყარება ძვირფასი ლითონების ფასებზე უარყოფითად აისახება, რადგან მათი შეძენა სხვა ვალუტის მფლობელებისთვის ძვირდება.

CME Group-ის FedWatch-ის ინსტრუმენტის მონაცემებით, ბაზრის მონაწილეები დეკემბერში ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ელიან. განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით, 4%-4.25%-იან დიაპაზონამდე გაზრდის ალბათობა 95.7%-ად არის შეფასებული, ხოლო 0.5 პროცენტული პუნქტით, 4.25%-4.5%-მდე ზრდის ალბათობა 4.3%-ს შეადგენს.

უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთები, როგორც წესი, ოქროსა და ვერცხლის ფასებზე დაღმავალ ზეწოლას ახდენს, რადგან ეს აქტივები პროცენტულ შემოსავალს არ წარმოქმნის და მაღალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში ინვესტორებისთვის შედარებით ნაკლებად მიმზიდველი ხდება.

შეგახსენებთ, რომ ოქროსა და ვერცხლის ფასებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიმდინარე წლის იანვარში მიაღწია. ოქროს ფასი უნციაზე თითქმის $5,600-მდე, ვერცხლისა კი $121.30-მდე გაიზარდა. რამდენიმეთვიან აღმავლობას ხელს საერთაშორისო დაძაბულობა, საპროცენტო განაკვეთების შემცირება და ტექნოლოგიურ ინდუსტრიებში ძვირფას ლითონებზე მზარდი მოთხოვნა უწყობდა.

ფასების მკვეთრი ვარდნა იანვრის ბოლოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fed-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე კევინ უორშის წარდგენის შესახებ განაცხადა. უორში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მხარდამჭერად მიიჩნეოდა.

აღსანიშნავია, რომ ოქროსა და ვერცხლის ფასები ირანის ომის პერიოდში კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. ამ პერიოდში ძვირფასი ლითონების ღირებულება ნავთობის ფასის ზრდის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი