ჯეფ ბეზოსმა არასამთავრობო ორგანიზაციებს Amazon-ის $200 მილიონის აქციები გადასცა

ჯეფ ბეზოსმა არასამთავრობო ორგანიზაციებს Amazon-ის $200 მილიონის აქციები გადასცა

ფოტო: Getty Images

მოცემული დროისთვის მსოფლიოს მეორე უმდიდრესმა ადამიანმა, ჯეფ ბეზოსმა, გასულ კვირას არაკომერციულ ორგანიზაციებს Amazon-ის 198.9 მილიონი დოლარის ღირებულების აქციები გადასცა. ამის შესახებ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) წარდგენილი დოკუმენტიდან ირკვევა.

SEC-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ბეზოსმა ჯამში 771 492 აქცია გააჩუქა. აქედან 674 088 აქცია ორგანიზაციებს ხუთშაბათს, 97 404 კი პარასკევს გადაეცა. აქციების ღირებულება Amazon-ის ორშაბათის სავაჭრო დღის დახურვის ფასით, $257.75-ით არის გამოთვლილი.

დოკუმენტში ორივე გადაცემა არაკომერციული ორგანიზაციებისთვის გაღებულ შემოწირულებად არის მითითებული, თუმცა მიმღები ორგანიზაციების ვინაობა სრულად არ არის დაკონკრეტებული. ცალკე წარდგენილი დოკუმენტი ადასტურებს, რომ პარასკევს გადაცემული 97 404 აქცია Bezos Earth Fund-ის ფონდმა მიიღო.

შემოწირულებების შემდეგ ჯეფ ბეზოსის პირდაპირ მფლობელობაში Amazon-ის 878 მილიონზე მეტი აქცია დარჩა, რომელთა ჯამური ღირებულება ორშაბათის ბირჟის დახურვის ფასით დაახლოებით $226.4 მილიარდს შეადგენდა. Forbes-ის შეფასებით, ბეზოსის ქონება ორშაბათ საღამოსთვის $376.7 მილიარდი იყო, რითაც ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეორე ადგილს იკავებდა, ილონ მასკის შემდეგ.

ეს ბეზოსის მიერ 2026 წელს განხორციელებული მსხვილი საქველმოქმედო შემოწირულებების მესამე შემთხვევაა. მაისში გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, მან არაკომერციულ ორგანიზაციებს 1 253 797 აქცია გადასცა, აგვისტოში კი დამატებით 415 580 აქცია გააჩუქა. ბოლო შემოწირულებების ჩათვლით, ბეზოსის მიერ წელს გაცემული Amazon-ის აქციების რაოდენობა სულ მცირე 2.44 მილიონს აღწევს, რომელთა ღირებულება ორშაბათის საბაზრო ფასით დაახლოებით $629.1 მილიონია.

აღსანიშნავია, რომ ბეზოსის ყოფილი ცოლი, მაკკენზი სკოტი, საქველმოქმედო საქმიანობის მასშტაბით კიდევ უფრო დიდ თანხებს გასცემს. Forbes-ის მონაცემებით, 2019 წელს განქორწინებიდან 2025 წლის ბოლომდე სკოტმა 2 500-ზე მეტ ორგანიზაციას ჯამში $26.4 მილიარდი შესწირა. მხოლოდ 2025 წელს მისმა შემოწირულებებმა $7.2 მილიარდი შეადგინა, რაც მსოფლიოში გასული წლის განმავლობაში ერთი ქველმოქმედის მიერ გაცემული ყველაზე დიდი თანხაა.

2025 წლის ბოლოსთვის სკოტს საკუთარი შეფასებული ქონების დაახლოებით 46% უკვე გაცემული ჰქონდა. შედარებისთვის, Forbes-ის შეფასებით, ჯეფ ბეზოსმა და მისმა ამჟამინდელმა ცოლმა, ლორენ სანჩეს-ბეზოსმა, გასულ წელს საქველმოქმედო მიზნებისთვის დაახლოებით $600 მილიონი გაიღეს.

ბეზოსის მსხვილ საქველმოქმედო ინიციატივებს შორისაა 2020 წელს გამოცხადებული $10-მილიარდიანი ვალდებულება, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლასა და ბუნების დაცვას ითვალისწინებს. Bezos Earth Fund-ის მეშვეობით, 2030 წლამდე განსაზღვრული ამ მიზნის ფარგლებში, ფონდმა ამ დროისთვის $2.4 მილიარდის გრანტები გასცა.

გარდა ამისა, ბეზოსმა 2018 წელს დააფუძნა Day One Fund-ი, რომლის მიზანი უსახლკარო ოჯახების მხარდაჭერა და დაბალშემოსავლიან თემებში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაა. ფონდის Families Fund-მა 2025 წელს 32 ორგანიზაციას ჯამში $102.5 მილიონი გადასცა.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი