ორბანი: უნგრეთს რუსეთთან სამომავლო ურთიერთობების გადახედვა სჭირდება

ორბანი: უნგრეთს რუსეთთან სამომავლო ურთიერთობების გადახედვა სჭირდება

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად შეცვლილი გეოპოლიტიკური რეალობის ფონზე, უნგრეთი შესაძლოა სამომავლოდ, რუსეთთან ურთიერთობების გადახედვის საჭიროების წინაშე დადგეს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

მიუხედავად ამისა, ორბანი აღნიშნავს, რომ რუსეთთან ურთიერთობების შენარჩუნება, განსაკუთრებით მასზე ენერგოდამოკიდებულებიდან გამომდინარე, უნგრეთის ინტერესებში შედის. თუმცა, ევროპასა და მოსკოვს შორის ურთიერთობები შესაძლოა ომის დასრულების შემდეგ არ აღდგეს, რაც პრემიერის თქმით, უნგრეთს მისი დამოკიდებულების ცვლილებასაც აიძულებს.

„მესმის ომის შემდეგ რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობა, თუმცა ეს შორს არის რეალობისგან“, – განაცხადა ორბანმა ეკონომიკურ ფორუმზე და დასძინა, რომ სწორედ აქედან გამომდინარე, უნგრეთის საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკა კარგად უნდა გადაიხედოს. უნგრეთი უნდა დაფიქრდეს, თუ როგორი ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება შეუძლია რუსეთთან, მომავალი 10-15 წლის განმავლობაში.

შეგახსენებთ, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ორბანი ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების მწვავე კრიტიკის სამიზნე რუსეთთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნების გამო გახდა. უნგრეთი მოსკოვისთვის ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესებასა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას აქტიურად ეწინააღმდეგებოდა.