გაერო: თურქეთში მიწისძვრისგან მიყენებული ზარალი $100 მილიარდს გადააჭარბებს

გაერო: თურქეთში მიწისძვრისგან მიყენებული ზარალი $100 მილიარდს გადააჭარბებს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის (UNDP) ოფიციალური პირების განცხადებით, გასულ თვეში თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზარალის მოცულობა 100 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს. ლუიზა ვინტონის განმარტებით, ამის თქმის საფუძველს თურქეთის მთავრობისა და საერთაშორისო პარნტნიორების მიერ მიწოდებული მონაცემები იძლევა.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს სამხრეთ თურქეთსა და ჩრდილო-დასავლეთ სირიაში მომხდარ მიწისძვრას საერთო ჯამში 52,000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლის განცხადებით, დათვლილი ზარალის მოცულობა ჯერჯერობით მხოლოდ თურქეთისათვის მიყენებულ დანაკარგებს ასახავს და ამ რიცხვს, 16 მარტს, ბრიუსელში დაგეგმილ საქველმოქმედო კონფერენციაზე თანხის შესაგროვებლად გამოიყენებენ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად პირდაპირი ზიანის მოცულობა 34.2 მილიარდი დოლარით განისაზღვრა. აღდგენისა და რეკონსტრუქციის ხარჯები კი ამაზე ბევრად დიდი იქნება.

თურქეთის მთავრობის ინფორმაციით, დროებით თავშესაფარში მიწისძვრისაგან გადარჩენილი 2 მილიონამდე ადამიანია მოთავსებული. აქედან 1.5 მილიონი ამჟამადაც კარვებში ცხოვრობს, 46,000 კი სპეციალურ კონტეინერებში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *