ორიენტირი საუკეთესო სამართლებრივ პრაქტიკაზე

ორიენტირი საუკეთესო სამართლებრივ პრაქტიკაზე
დინამიკურ და მუდმივად განვითარებად საზოგადოებებში სამართლებრივი პრაქტიკა უწყვეტად ვითარდება, იცვლება წარმატების სტანდარტებიც. საქართველოში ამ მიმართულების ტრანსფორმაციულ ტალღაში საკუთარი სათქმელი აქვს იურიდიულ ფირმა „JG COUNSELORS“-ს, რომლის საქმიანობასაც დღეს პროფესიონალებთან ერთად, სერგი ჯორბენაძე, აკაკი გაწერელია და უშანგი ბახტაძე უძღვებიან.

იურიდიული ფირმა „JG COUNSELORS“-ი ქართულ ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. მაღალკონკურენტულ სფეროში სერგი ჯორბენაძის, აკაკი გაწერელიასა და უშანგი ბახტაძის მიერ დაფუძნებულმა ფირმამ მაღალი რეპუტაცია და საკუთარი ადგილი მალევე მოიპოვა.

სერგი ჯორბენაძე საადვოკატო საქმიანობას ბიზნესსამართლისა და მედიასამართლის მიმართულებით ეწევა, პრაქტიკული საქმიანობა კი 12 წელზე მეტს ითვლის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი და ბრემენის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი, საკუთარ აკადემიურ გამოცდილებას ახალ თაობებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის რანგში უზიარებს. სერგი ჯორბენაძე ამავდროულად იკავებს არბიტრის როლს შპს „დავების განმხილველ ცენტრში“, არის სერტიფიცირებული მედიატორი, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი და ევროპის საბჭოს ექსპერტი.

აკაკი გაწერელია, კოლეგის მსგავსად, ბიზნესსამართლისა და ენერგეტიკის სამართლის მიმართულებით ეწევა საადვოკატო საქმიანობას. 22-წლიანი საადვოკატო პრაქტიკის მქონე პროფესიონალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი და კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრია. აკაკი გაწერელია, რომელიც ამავდროულად სერტიფიცირებული მედიატორი და მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის კოლეგიის თავმჯდომარეა, 2000 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას კერძო სამართლის მიმართულებით. იგი 2012 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალადაა არჩეული.

უშანგი ბახტაძე, დამფუძნებელი პარტნიორი

უშანგი ბახტაძე 15 წელზე მეტია, სისხლის სამართლის მიმართულებით ეწევა საადვოკატო საქმიანობას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი და ოქსფორდის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის მეცნიერების მაგისტრი 10 წელზე მეტია, აკადემიური საქმიანობითაა დაკავებული — სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი პარალელურად ასწავლის თსუ-სა და სხვა უნივერსიტეტებშიც. ამავდროულად, უშანგი ბახტაძე მუშაობს ევროპის სასამართლოში საქმისწარმოების მიმართულებით.

ფირმა „JG Counselors“-ი, რომელსაც ხანგრძლივი სამართლებრივი აკადემიური ექსპერტიზისა და იურიდიული პრაქტიკის მქონე ხელმძღვანელები ჰყავს, მრავალ ინდუსტრიას ემსახურება: არქიტექტურა, ჯანდაცვა, განათლება, მედია-ბიზნესი, ვაჭრობა — კლიენტები საქართველოდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან, უკვე 6 წელია, ნდობას უცხადებენ ხარისხზე ორიენტირებულ „JG Counselors“-ს.

იურიდიული ფირმის ხელმძღვანელები მიღწეულ შედეგებს მომსახურების ფართო სპექტრსა და პროფესიონალი თანაგუნდელების წარმატებულ საქმიანობას უკავშირებენ. კლიენტებისთვის საუკეთესო სერვისის მიწოდებაზე დღეს გუნდში 15-მდე პროფესიონალი მუშაობს, მათ შორის არიან იურისტები, ფინანსისტები, ბუღალტრები, მარკეტინგისა და მენეჯმენტის სპეციალისტები. სწორედ ეს მრავალფეროვანი ექსპერტიზა იძლევა შესაძლებლობას, „JG Counselors“-მა კლიენტებს ჰოლისტური და ხარისხიანი მომსახურება ეფექტიანად და მაქსიმალურად მოკლე დროში მიაწოდოს.

ფირმის რამდენიმეწლიანი წარმატებული საქმიანობა მხოლოდ წარმატებით დასრულებულ სამართლებრივ დავებში არ გამოიხატება. 2019 წლიდან „JG Counselors“-ი გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (Deutsche Wirtschaftsvereinigung – DWV) წევრია. მიმდინარე წლის თებერვალში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში ფირმა სანდო იურიდიული კომპანიების სიაში შეიყვანა. ფირმის კლიენტთა პორტფელი 50-ზე მეტ უცხოურ კომპანიას აერთიანებს, უმეტესად აშშ-ის, გერმანიისა და შვეიცარიის ბაზრებიდან.

„JG Counselors“-ის ხედვასა და სტრატეგიულ ამოცანებზე Forbes-ი იურიდიული ფირმის მმართველ პარტნიორებს ესაუბრა.

როგორ იწყება „JG Counselors“-ის ისტორია და რა ძირითად მიღწევებზე შეგვიძლია დღეს საუბარი?

სერგი ჯორბენაძე, მმართველი პარტნიორი: „JG Counselors“-ი 2017 წელს, ჩვენი, პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად დაარსდა. ჩვენი ხედვა თავიდანვე ეფუძნებოდა სურვილს, ფართო აკადემიური და პროფესიული გამოცდილება ერთობლივ საქმიანობაში სინერგიად გვექცია. ვფიქრობ, კონკურენტებისგან რაც გამოგვარჩევს, პრაქტიკულ და აკადემიურ სფეროებში თანაბარი ჩართულობაა. სწორედ ამ მოცემულობამ მოგვცა საშუალება, შეგვემუშავებინა უნიკალური ხედვა და მიდგომები, რამაც ჩვენი ფირმის შემდეგ ზრდასა და წარმატებას შეუწყო ხელი.

აკაკი გაწერელია, მმართველი პარტნიორი: როდესაც წარმატებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, შედეგები მხოლოდ ფირმის შიგნიდან არ იყოს შეფასებული. ჩვენი საქმიანობის ეფექტიანობაზე მიუთითებს ჩვენი საქმიანი კავშირები და ის აღიარებები, რასაც წლების განმავლობაში ვიღებდით. წლის დასაწყისში ჩვენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში სანდო იურიდიული ფირმების სიაში შეგვიყვანა. ცნობისთვის, ამ სიაში ჩვენთან ერთად კიდევ ექვსი იურიდიული ფირმაა. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი აღიარება იყო. ზოგადად, ამ სიისთვის საადვოკატო ფირმების შერჩევის პროცედურა საკმაოდ პრაგმატულია და სიაში ყოფნა მიუთითებს ფირმის კვალიფიკაციასა და ექსპერტიზაზე. ამგვარი სიახლე ასევე მიუთითებს, რომ ჩვენი სერვისები თანხვდენაშია გერმანიის ბაზარზე არსებულ სტანდარტებსა და მოთხოვნებთან.

სერგი ჯორბენაძე: ჩვენ უკვე ოთხი წელია ვართ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი. ამ პლატფორმის საშუალებით აქტიურად ვთანამშრომლობთ იმ გერმანულ ბიზნესებთან, რომელთაც საქართველოში სურთ ინვესტირება. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ ინტერესი მზარდია და ვფიქრობთ, რომ ეს ტენდენცია არც მომდევნო წლებში შეიცვლება. DWV-ის დახმარებით, ვფიქრობ, ჩვენს წილ აგურს ვდებთ ქართულ-გერმანული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში. 

სერგი ჯორბენაძე, მმართველი პარტნიორი

იურიდიული მომსახურების სფერო საკმაოდ კონკურენტული ინდუსტრიაა. თქვენ კონკურენციაში ხართ არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო იურიდიული ფირმასთან. რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

სერგი ჯორბენაძე: ვფიქრობ, უპირველესი კონკურენტული უპირატესობა ის უნიკალური ცოდნა და პრაქტიკული ექსპერტიზაა, რომელიც ჩვენს გუნდშია კონცენტრირებული. განსაკუთრებით კი ისეთ სპეციფიკურ დარგებში, როგორიცაა ენერგეტიკის სამართალი, სოციალური მედიის სამართალი და სხვა. პირადად ვმუშაობ ზოგადად მედიასამართლისა და სოციალური მედიის სამართლის მიმართულებაზე და შემიძლია ვთქვა, რომ ეს სფეროები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც სიახლეა. ჩვენ ფირმას უკვე აქვს კონკრეტული დავები ქართულ სასამართლოებში ამ მიმართულებებით.

ასევე, უპირატესობაა ჩვენი ხედვა და მიდგომები. კერძოდ, ფირმის ფოკუსირება საკითხების პრაქტიკულ გადაწყვეტაზე. ჩვენ, ნაცვლად საკითხზე თეორიული მსჯელობებისა, კონკრეტული პრობლემებისთვის ყველაზე ოპტიმალური გადაჭრის გზების მოძიებაზე ვართ ორიენტირებულნი. ამ მიდგომით, არა მხოლოდ სიღრმისეულად ვიკვლევთ ჩვენი კლიენტების ქეისს, არამედ, მათაც ვაძლევთ საშუალებას, მარტივად გაერკვნენ პრობლემის არსში და ის ოპტიმალურ ვადებში მოაგვარონ. 

გამოვარჩევდი ასევე შესაძლებლობას, რომელსაც ჩვენი ფირმა კლიენტებს სთავაზობს: გერმანული, ინგლისური, რუსული, ჩინური, ფრანგული, იტალიური და, რა თქმა უნდა, ქართული — ეს იმ ენების ჩამონათვალია, რა ენაზეც შეგვიძლია მათ ჩვენი სერვისები შევთავაზოთ.

უშანგი ბახტაძე, დამფუძნებელი პარტნიორი: აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენ იურიდიულ ბაზარზე ისეთი ნიშის დაკავებაზეც ვმუშაობთ, რაც ამ ეტაპზე სრულყოფილად არ არის ათვისებული, იქნება ეს ეკონომიკური თუ ფინანსური დანაშაულები.

ამავდროულად, ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ სერვისს სისხლის სამართლის სხვა მიმართულებითაც. მაგალითად, შიდა, კონფიდენციალურობაზე ორიენტირებულ გამოძიებას, რაც გულისხმობს პოტენციური შიდაორგანიზაციული დანაშაულის პროაქტიულ იდენტიფიცირებასა და მის აღმოფხვრას. ეს კლიენტ კომპანიებს საშუალებას აძლევს, თავიდან აიცილონ შესაძლო რეპუტაციული ზიანი ან ნეგატიური მედიაგაშუქება.

ჩვენ ვმუშაობთ კონფიდენციალურობის მკაცრი პოლიტიკის გათვალისწინებით, რაც განაპირობებს, გამოძიების გონივრულად და კლიენტის საჭიროებების მიმართ მაქსიმალური სენსიტიურობით ჩატარებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს სერვისი კარგად არის დამკვიდრებული და ფართოდ გამოიყენება დასავლეთის ქვეყნებში, ის კვლავ სიახლედ რჩება საქართველოში. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებასთან ერთად, ჩვენს კომპანიაში, კლიენტს შესაძლებლობა აქვს სისხლის სამართალთან დაკავშირებული ყველა სხვა ტიპის სერვისი მიიღოს. თუმცა, ჩვენს მთავარ ნიშას მაინც ბიზნესის საქმიანობიდან წარმოშობილი ფინანსური თუ ეკონომიკური სისხლისსამართლებრივი დავები წარმოადგენს.

აკაკი გაწერელია: ნიშურ მიმართულებებს შორის ენერგეტიკის სამართალსაც გამოვარჩევდი. ეს მიმართულება საქართველოში კიდევ უფრო დიდ დატვირთავს შეიძენს. მოგეხსენებათ, ჩვენთან დაგეგმილია ელექტროენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება, რაც ქვეყანაში არსებული სისტემის სრულად შეცვლას გულისხმობს. ევროკავშირთან დადებული DCFTA შეთანხმების ფარგლებში, საქართველო წლებია, რაც ამ სფეროს ავითარებს. შედეგად, ამ უკანასკნელის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება.

როგორც აღვნიშნე, ენერგეტიკის სამართალი საქართველოში ახლა ვითარდება, შესაბამისად, სფეროს სპეციალისტების რაოდენობა შეზღუდულია ბაზარზე. ჩვენი ფირმა უკვე სთავაზობს ამ მიმართულების სერვისებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კლიენტებს.

აკაკი გაწერელია, მმართველი პარტნიორი

2018 წლიდან „JG Counselors“-მა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კლიენტებისთვის იურიდიული მომსახურების უზრუნველყოფაც დაიწყო. რატომ არის მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კლიენტების მომსახურება და როგორია თქვენი იურიდიული ფირმის ამ კუთხით მიღწეული წარმატება?

უშანგი ბახტაძე: ჩვენთვის აღნიშნული სერვისი ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულებაა. სტრასბურგის სასამართლოს საქართველოდან ყოველწლიურად 130-მდე საჩივრით მიმართავენ. სტატისტიკური მონაცემებით, ამ საჩივრებიდან მხოლოდ 10%-ზე საქმე იწყება სახელმწიფოსთან კომუნიკაციით. მარტივად რომ ავხსნათ, სახელმწიფოსთან სასამართლოს მიერ კომუნიკაციის დაწყება, საქმის სასამართლო წარმოებაში მიღებას ნიშნავს და მიუთითებს, რომ სტრასბურგის სასამართლოსთვის წარდგენილი სარჩელი ხარისხობრივად მისაღები სტანდარტისაა. ჩვენი ფირმის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი აპლიკაციების 60%-ის შემთხვევაში სასამართლომ სახელმწიფოსთან კომუნიკაცია დაამყარა, რაც, ჩვენი შეფასებით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს კლიენტის ინტერესებზე ორიენტირებულ მიდგომაზე, რომელიც ჩვენს ფირმაშია.

„კონკრეტულ საქმეზე სასამართლოს სამივე ინსტანციის გადაწყვეტილებას განვიხილავთ. მხოლოდ ყოვლისმომცველი შეფასების შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას, შევიტანოთ თუ არა საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში. ეს პროცესი მოიცავს სარჩელის არსებითად განხილვას და სტრასბურგის სასამართლოს ხარისხის სტანდარტებთან მისი შესაბამისობის დადგენას. ვაღიარებთ, რომ შეფასება, წარდგენა და შემდგომი პროცედურები რთული და შრომატევადია, თუმცა ჩვენი გუნდი გამოირჩევა ამ რთული პროცესების მართვის გამოცდილებით“.

მოგვიყვეთ იმ სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივებზე, რომლებსაც თქვენი კომპანია ახორციელებს.

უშანგი ბახტაძე: ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ინიციატივები, რომლებსაც ჩვენი ფირმის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ვახორციელებთ. პირველ რიგში, გამოვყოფდი ჩვენს პრო ბონო მიმართულებას. ყოველწლიურად ჩვენ შიდა კრიტერიუმების საფუძველზე რამდენიმე საქმეს ვარჩევთ და სრულიად უსასყიდლოდ, მათ შორის, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით, ვაწარმოებთ საქმეს ამ ქეისებზე. ეს პრაქტიკა ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარებაშიც გვეხმარება.

სამწუხაროდ, საქართველოში ოჯახში ძალადობა კვლავ მწვავე პრობლემად რჩება. ჩვენი ერთ-ერთი ინიციატივა სწორედ ამ საკითხს ეხება. სისხლის სამართლის მიმართულების ფარგლებში, შევიმუშავეთ ოჯახში პოტენციური ძალადობის გამოვლენის ხელსაწყო, რომელიც ოჯახში ძალადობის რისკის ქვეშ მყოფ პირს ძალადობის რისკის გამოვლენასა და მისგან თავის დაღწევაში ეხმარება.

აქტიურად ვმუშაობთ თაღლითობასთან ბრძოლის მიმართულებითაც. ინტერნეტის შეუზღუდავი შესაძლებლობების ფონზე, ციფრულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულის ფორმა თაღლითობაა. აღნიშნულთან გასამკლავებლად და ცნობიერების ასამაღლებლად, შევიმუშავეთ სახელმძღვანელო, სადაც დეტალურად განვმარტეთ გავრცელებული თაღლითობის ტიპი და პრევენციისთვის საჭირო გზები.

სერგი ჯორბენაძე: ალბათ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი ახალი ინიციატივა, რომელიც სტარტაპების დახმარებას ისახავს მიზნად. კერძოდ, ჩვენ იმ სტარტაპებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცდილობენ საკუთარი სერვისებისა და პროდუქტების გატანას, ლეგალური ბარიერების გადალახვაში ვეხმარებით.

ამასთან, გარდა გრძელვადიანი სოციალური აქტივობებისა, ჩვენ მყისიერად ვრეაგირებთ იმ ახალ გამოწვევებზეც, რომელიც სწრაფად ცვალებად რეგიონში არც თუ ისე ცოტაა. მაგალითად, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, ჩვენ უკრაინელებსა და უკრაინულ ფირმებს არაერთ სერვისს ვთავაზობთ უსასყიდლოდ.

ბოლოს აუცილებლად უნდა გკითხოთ, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

აკაკი გაწერელია: როდესაც იურიდიული ფირმის განვითარებასა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაზე ვსაუბრობთ, ისეთი პატარა ქვეყნიდან, როგორიც საქართველოა, აუცილებელია კომპანიის ცნობადობის და რეპუტაციის მნიშვნელოვნად გაზრდა. ამ მიზნით, ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს წამყვან იურიდიულ კომპანიასთან. ეს სტრატეგიული პარტნიორობა შესაძლებლობას მოგვცემს, ჩვენი მომსახურების არეალი გავაფართოოთ და საერთაშორისო ბაზარზე კიდევ უფრო ძლიერი კავშირები დავამყაროთ.

სერგი ჯორბენაძე: ბოლო პერიოდში დასავლური საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კომპანიების ინტერესი, რომლებიც აქამდე რუსეთსა და უკრაინაში საქმიანობდნენ, საქართველოს მიმართ განსაკუთრებით გაიზარდა. თუმცა, არანაკლები ინტერესია მთლიანად რეგიონის კონტექსტშიც, იქნება ეს აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი თუ სხვა. გასულ თვეებში ამ პროფილის 30-მდე კომპანიას საქართველოში შემოსვლაში დავეხმარეთ. უმეტესი მათგანი იყო გერმანიიდან (დაახლოებით 75%), დანარჩენი კი ირლანდიიდან, ავსტრიიდან, იტალიიდან და კანადიდან. აღსანიშნავია, რომ ჩვენი კომპანია ამჟამად ემსახურება 50-ზე მეტ უცხოურ კომპანიას, უმეტესად, აშშ-ის, გერმანიისა და შვეიცარიის ბაზრებიდან, თუმცა სამომავლო გეგმებში გვაქვს გეოგრაფიული არეალის გაფართოება.