„ჩერქეზეთისა და საქართველოს მთებიდან ჩამოყვანილი მამლუქთა წრე დიდი ხანია, ამ, მსოფლიოში საუკეთესო, მიწას დაჰპატრონებიან“ – ასე უცხადებდა ეგვიპტელ ხალხს ნაპოლეონი, რომელმაც 1798 წელს დალაშქრა მამლუქთა ეგვიპტე. ოსმალი მონათმოვაჭრეების მიერ საქართველოდან წაყვანილი მონები ოსმალეთის სამხედრო-პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ, განსაკუთრებით კი – მამლუქთა ეგვიპტესა და ერაყში. XVII-XVIII საუკუნეებში ცოცხალი საქონლით ვაჭრობდნენ ადგილობრივი ქართველი მეფე-მთავრები, ეკლესია თუ გლეხობა, და ძნელია მოიყვანო საქართველოს მაშინდელი მდგომარეობის აღსაწერად ამაზე უკეთესი მაგალითი.
მონათვაჭრობა ხმელთაშუა- და შავიზღვისპირეთშიანტიკური ხანიდან არსებობდა. შუა საუკუნეებიდან ამ საქმიანობას ძირითადად ახლო აღმოსავლეთის ისლამურ სამყაროში მისდევდნენ. თუმცა მონათვაჭრობაში ჩართულები იყვნენ იტალიური ქალაქ-სახელმწიფოებიც, რომლებიც ფლობდნენ სავაჭრო პუნქტებს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და შავ ზღვაში. საქართველოდან მონების გადინება მრავალი საუკუნის მანძილზე გრძელდებოდა. განსაკუთრებით – დასავლეთ საქართველოდან, რომელიც ოსმალეთის იმპერიის გავლენის სივრცეს XVI საუკუნიდან წარმოადგენდა. საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლისა და ოსმალთა და სეფიანთა იმპერიების გავლენის დამყარების შემდეგ, რეგიონში მონათვაჭრობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ათიათასობით ქართველი მონა სტამბოლის მონათა ბაზარზე ხვდებოდა, საიდანაც იყიდებოდა იმპერიის ფარგლებში, ლევანტში (აღმოსავლეთი ხმელთაშუაზღვისპირეთი), ეგვიპტესა და სხვა მხარეებში.
ისლამურ სამყაროში მონობა ნიშნავდა ერთი ადამიანის მიერ მეორის ფლობას. მონის უფლებები მკაცრად იყო შეზღუდული. თუმცა, სოციოკულტურული თვალსაზრისით, მონობა ზოგჯერ ნიშნავდა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობასა და სტატუსს, განსაკუთრებით, სამხედრო პირებისა და სამოქალაქო ბიუროკრატიაში ჩართული მონა მამაკაცებისთვის, ასევე, მონა ქალებისთვის ელიტურ ჰარამხანებში. ზოგჯერ ჩვეულებრივი, სახლებში მომსახურე მონებიც კი უკეთ იყვნენ ჩაცმულები და გამოკვებილები, ვიდრე თავისუფალი ადამიანები.
ოსმალეთის იმპერიის აღზევების შემდეგ მონობა ფართოდ იყო გავრცელებული და მიღებული ოსმალურ საზოგადოებაში. მონები ითავსებდნენ სხვადასხვა ფუნქციასა და მოვალეობას. ზოგადად, ისლამურ სამყაროში, მონობა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც IX საუკუნეში აბასიანთა სახალიფოში მონა-მეომრების მასობრივად გამოყენება დაიწყეს. ოსმალეთის იმპერიაშიც, ყულის სისტემა, რომელიც სამხედრო-ადმინისტრაციულ სამსახურს მოიცავდა, სხვა სახის – ჰარამხანის, საოჯახო, სამეურნეო და სამხედრო მონობასთან ერთად არსებობდა.
„დევშირმე“ ეწოდებოდა ოსმალეთში ბალკანეთის ქრისტიანი მოსახლეობიდან ჯანმრთელი ბიჭების მონებად წაყვანასა და ბიუროკრატიული და სამხედრო სამსახურისთვის მომზადებას. სწორედ ეს იყო ოსმალური არმიის წამყვანი ძალის, „იანიჩართა“ კორპუსის შეკრების გზა. თუმცა, დროთა განმავლობაში, მონა-მოხელეებს ანაცვლებდნენ თავისუფალი მუსლიმები, რომლებიც სახელმწიფო სამსახურში შედიოდნენ.
შუა საუკუნეებში როგორც მუსლიმებს, ისე ქრისტიანებს, ეკრძალებოდათ თავიანთი რწმენის ადამიანებით ვაჭრობა, მაგრამ შეეძლოთ სხვა რელიგიის მიმდევართა დამონება. შესაბამისად, მონათვაჭრობა რელიგიურ პრინციპებს მიჰყვებოდა. მართლაც, ქრისტიანები არ ვაჭრობდნენ ქრისტიანი მონებით და არც მუსლიმები – მუსლიმებით, მაგრამ შესაძლებელი იყო, მაგალითად, სუნიტებს ევაჭრათ შიიტებით. როგორც ქრისტიანები, ისე მუსლიმები, იმონებდნენ წარმართებს, რომელთაც მონათვაჭრები ყველაზე ხშირად ირჩევდნენ მსხვერპლად შუა საუკუნეებში. წარმართ ტყვეებს თვითონ წარმართებივე ყიდდნენ მონათა ბაზარზე.
ოსმალეთის იმპერიამ ყველა სხვას გადააჭარბა მონათვაჭრობისა და მონების მრავალმხრივი გამოყენების თვალსაზრისით. XVII საუკუნემდე მონების უმრავლესობა სამხედრო ტყვე იყო, მას შემდეგ კი, ძირითადად, მოტაცებული და გაყიდული. ამის მიზეზი ოსმალეთის ტერიტორიული ექსპანსიის შეჩერება გახდა. სამხედრო წარუმატებლობებისა და უკან დახევის ამ პერიოდში ადამიანების გატაცებისა და გაყიდვის ქსელი განვითარდა. ამავე დროს, ბალკანეთი და აღმოსავლეთი ევროპა ცენტრალურმა და აღმოსავლეთ აფრიკამ და კავკასიამ – ჩერქეზეთმა და საქართველომ ჩაანაცვლა. ისტორიკოს ეჰუდ ტოლედანოს მიხედვით, XIX საუკუნეში, ოსმალეთის იმპერიაში, აფრიკიდან ყოველწლიურად 16-18 ათასი მონის ტრანსპორტირება ხდებოდა. მიუხედავად ყულის სისტემაში ქრისტიანი მონების როლის შემცირებისა, ოსმალეთში მონათვაჭრობის მასშტაბებზე ამას გადამწყვეტი გავლენა არ მოუხდენია და XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე გაგრძელდა. იმპერიას სამუშაო ძალა სჭირდებოდა და ამას მიგრაციების ხარჯზეც იღებდა, მაგალითად, მათ მიიღეს ჩერქეზი მუჰაჯირები რუსეთის იმპერიიდან 1860-იან წლებში.
ოსმალეთის იმპერიაში სხვადასხვა წარმომავლობის მონებს სხვადასხვა ფუნქციებს ანიჭებდნენ მათი მონაცემების მიხედვით. მაგალითად, ჩერქეზები და ქართველები ხშირად იყვნენ მაღალ სამხედრო-პოლიტიკურ იერარქიაში, განსხვავებით აფრიკელებისგან. ოსმალები განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებდნენ არა მხოლოდ ქართველ და ჩერქეზ კაცებს სახელმწიფო სამსახურისთვის, არამედ ქალებსაც ჰარამხანებისთვის, რადგან, კავკასიელი თეთრკანიანი ქალები ისლამურ აღმოსავლეთში ძალზე ფასობდნენ.
XVIII საუკუნის მიწურული და XIX საუკუნის დასაწყისი ოსმალეთის იმპერიაში მონათვაჭრობის მნიშვნელოვნად შემცირების პერიოდი იყო. სლავი, ჩერქეზი, ქართველი მონების შეძენა და ოსმალურ სამხედრო-ადმინისტრაციულ სისტემაში მათი გამოყენება კვლავ ხდებოდა, მაგრამ უფრო მცირე მასშტაბებში. მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია „ყულის“ იმავე „მამლუქების“ რიგების მონებით შევსებისა ჯერაც ძალაში რჩებოდა.
მამლუქების ისტორიის მკვლევარი, აღმოსავლეთმცოდნე გოჩა ჯაფარიძე, აღნიშნავს, რომ, მართალია, ყველაზე მეტი ქართველი მამლუქი უკვე ოსმალურ ეგვიპტეში მსახურობდა, ქართველებს ჯერ კიდევ XIII საუკუნიდან მამლუქთა სასულთნოში არჩევდნენ აქ სამხედრო სამსახურისთვის. ისინი, როგორც სამხედრო ტყვეები, ისე ხვდებოდნენ ეგვიპტეში, ვინაიდან XIII-XIV საუკუნეებში საქართველოში ტყვის სყიდვა არ იყო ფართოდ გავრცელებული. ამ დროისთვის, შავიზღვისპირეთში, მონათვაჭრობის ცენტრები იყო კაფა და ტანა, საიდანაც მონები ევროპის ქვეყნებშიც გაჰყავდათ და, სავარაუდოდ, ეგვიპტეშიც.
როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს სამეფოს დაშლისა და კავკასიაში ოსმალური გავლენის ზრდასთან ერთად, იმპერიაში უკვე მრავალი ქართველი მონა გაჰყავდათ. ამას ხელს უწყობდა საზღვაო სანაპიროს ბლოკადა და საგარეო ვაჭრობაში მნიშვნელოვანი დეფიციტი. ეს მონათვაჭრობის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა. ამას ემატებოდა რესურსების ნაკლებობა და სიღარიბე, რომელიც დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა. საქართველო გახდა დონორი ქვეყანა ოსმალეთისა და სეფიანთა სამხედრო ძალების შესავსებად. XVI-XVII საუკუნეების ევროპელი მოგზაურები ღიად მიუთითებენ ქართველ მამლუქთა სიმრავლეზე. ცნობილი ოსმალი მოგზაურის, ევლია ჩელების მიხედვით, აქ, ფაქტობრივად, საქართველოს ყველა კუთხიდან იყვნენ ტყვეები. აღსანიშნავია, რომ 1650-იანი წლების შემდეგ იზრდება ქართველების რიცხვი იანიჩართა კორპუსშიც, რომლის ნაწილებიც ეგვიპტეშიც იყო განლაგებული.
ოსმალეთის იმპერიას ქართული წარმომავლობის დიდი ვეზირი ხშირად ჰყოლია. მათ შორის, საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონის ომების პერიოდში. ოსმალეთის დიდი ადმირალი და 1790 წელს დიდი ვეზირი იყო ჰასან ფაშა. ასევე ქართული წარმომავლობის გახლდათ იუსუფ ზია ფაშა, ოსმალეთის დიდი ვეზირი 1798-1805 წლებში და ხურშიდ აჰმედ ფაშა, დიდი ვეზირი 1812-1815 წლებში. იუსუფ ზია ფაშა ხელმძღვანელობდა ეგვიპტეში ფრანგების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს. ფრანგთა წასვლის შემდეგ კი ოსმალთა კონტროლი აღადგინა კაიროზე.
XVII-XVIII საუკუნეების ევროპელი მისიონერები და მოგზაურები ხშირად მიუთითებდნენ მონათვაჭრობის დიდ მასშტაბებზე საქართველოში. XVII საუკუნეში მოღვაწე თეატინელ მისიონერს, ქრისტოფორო დე კასტელის დასავლეთ საქართველოში უნახავს ბევრი ადგილი, სადაც ოსმალებს ქართველ მონებს მიჰყიდდნენ. ერთ-ერთ ადგილზე ის მიუთითებდა: „აქედან გადიან კონსტანტინოპოლისკენ ქრისტიანების მიერ თურქებისთვის მიყიდული ბავშვებით დატვირთული გემები. აქ შვილი ხანში შესულ მამასა და დედასა ჰყიდის, ხოლო თურქები მათ ყიდულობენ. მამები და დედები თავიანთ შვილებს ჰყიდიან, რადგან ფულს უფრო აფასებენ, ვიდრე საკუთარ სისხლს“. კიდევ ერთ ადგილზე (ქობულეთში), ჩანახატს გაკეთებულ წარწერაში ის აღნიშნავს: „ბავშვების ბაზარი ქობულეთის მოედანზე, გურიელის მხარეში. მატუტა ჩენსერია საკუთარ დედას ჰყიდის“. XVII საუკუნის ფრანგი მოგზაური, ჟან-ბატისტ ტავერნიეს მიხედვით: „როგორც კი ქართველი მეფე-მთავრები ერთმანეთთან ომში ტყვეებს იშოვნიან, იმთავითვე გზავნიან ოსმალეთში გასაყიდად. ადამიანთა ყიდვა-გაყიდვა ამ ქვეყანაში იმდენად ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ როცა ცოლს ან ქმარს ფული დასჭირდება, თავის ერთ-ერთ შვილს გზავნის მონად გასაყიდად ან მეწვრილმანესთან ნივთებზე გადასაცვლელად“. ასევე ტავერნიეს მიხედვით, სტამბოლში სამეგრელოს მთავარ დადიანის ელჩი თავისი ამალის წევრებს ყიდდა ყოველდღიური ხარჯების დასაფარად. XVII საუკუნის მიწურულის ცნობილი ფრანგი მოგზაურის, ჟან შარდენის ვერსიით, სამეგრელოს მოსახლეობის განახევრება, 40 ათასიდან 20 ათასზე ჩამოსვლა, გამოიწვია არა მხოლოდ მეზობლებთან ომებმა, არამედ მონათვაჭრობამაც. შარდენისვე ცნობით, ოსმალებს, წლიურად, 3 ათასამდე მონა გაჰყავდათ.
XVIII საუკუნეში ქართველ მამლუქთა რიცხვი იმდენად არის გაზრდილი, რომ ჩვენთვის ცნობილია არა მხოლოდ ცალკეულ სამხედრო ერთეულთა მეთაურები, სანჯაკ-ბეგები, არამედ ვხვდებით ქართველ მამლუქთა ერთმანეთთან დაპირისპირებულ ფრაქციებად დაყოფასაც კი. XVIII-XIX საუკუნეების ეგვიპტელი ავტორის ალ-ჯაბარტის თხზულებებში, რომლებშიც ეგვიპტეში ფრანგული ექსპედიცია და ოკუპაციის პერიოდიც არის აღწერილი, დასახელებულია მთელი რიგი ქართველი მამლუქები, რომლებიც XVIII საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდნენ ეგვიპტეში, მაგალითად, ივაზ ბეგ ალ-ჯურჯი, ხალილ ქაშიფ ალ-ჯურჯი, უსმან ქათხუდა ალ-ჯურჯი. „ალ-ჯურჯი“ მიანიშნებს მათ ეთნიკურ წამომავლობაზე, ამ შემთხვევაში – ქართველობაზე.
XVIII საუკუნის შუა ხანებში ეგვიპტეში ძალაუფლების სათავეში მოექცა ქართული წარმოშობის მამლუქი, იბრაჰიმ ქათხუდა, რომელიც მამლუქთა ოლიგარქიასთან ერთად, ფაქტობრივად, განაგებდა ეგვიპტეს. მას შემდეგ ოსმალეთის ალბანელი მოხელის მუჰამად ალის მმართველობამდე, რომელიც 1805 წელს ჩაუდგა ეგვიპტეს სათავეში, ქართველი მამლუქები, ფაქტობრივად, განაგებდნენ ქვეყანას. მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია ალი ბეგი და საუკუნის მიწურულისთვის მურად და იბრაჰიმ ბეგები.
აღსანიშნავია, რომ იმავე პერიოდში ეგვიპტეში გაყიდული იყო მრავალი ქართველი მონა ქალი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ოსმალეთის იმპერიაში კავკასიელ, ჩერქეზ და ქართველ ქალებს დიდ უპირატესობას ანიჭებდნენ ჰარამხანებისთვის, არამედ იმიტომაც, რომ ეგვიპტის მამლუქთა ელიტას ქართველები წარმოადგენდნენ. ხშირი იყო მამლუქთა შორის დანათესავებაც პოლიტიკური ქორწინებებით. მაგალითად, იბრაჰიმ ბეგის ასული ადილა ჰანიმი ცოლად ჰყავდა იბრაჰიმ ბეგ ალ-ვალის (ქართული გვარით ტარბაიძე), რომელიც 1798 წელს, პირამიდებთან ბრძოლაში დაიღუპა. განსაკუთრებით ცნობილია ნაფისა ხათუნი, ქართველი ქალი, რომელიც ჯერ ეგვიპტის მმართველის ალი ბეგის მეუღლე იყო, შემდეგ კი ასევე ძლევამოსილი მურად ბეგის.
მურად ბეგმა და იბრაჰიმ ბეგმა (შინჯიკაშვილმა), რომლის ქართული გვარი შინჯიკაშვილი იყო, დაამყარეს ერთგვარი ორმმართველობა ეგვიპტეში და 1778 წლიდან განაგებდნენ ქვეყანას. იბრაჰიმი ატარებდა შეიხ ალ ბალადის წოდებას, მურადი კი ამირ ალ-ჰაჯჯის. მათ დროს ოსმალური მმართველობა კიდევ უფრო ნომინალური გახდა და შეიქმნა მამლუქთა ავტონომიური რეჟიმი. ოსმალეთის გავლენის ერთადერთი აღიარება, სულთნის უმაღლესი სიუზერენიტეტის ცნობა იყო. მურადისა და იბრაჰიმის შესახებ ცნობებს ალ ჯაბარტის გარდა, გვაწვდის ქართველი ელჩი მანუჩარ კაჭკაჭიშვილი, რომელიც გაგზავნილი იყო ეგვიპტეში.
მურად და იბრაჰიმ ბეგების დროს მოხდა ეგვიპტეში ფრანგული ექსპედიცია გენერალ ნაპოლეონ ბონაპარტის სარდლობით 1798-99 წლებში. მიუხედავად საბოლოო წარუმატებლობისა, ამ მოვლენამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ეგვიპტეზე. მამლუქთა ელიტა საგრძნობლად დასუსტდა ფრანგებთან ომში. მალე, ოსმალეთიდან, ეგვიპტეს მმართველად მოევლინა ალბანური წარმოშობის მუჰამად ალი, რომელმაც, ძალაუფლების გასამტკიცებლად და ეგვიპტეში რეფორმების გატარებისთვის, ორგანიზებულად გაანადგურა მამლუქები, რომლებიც ძველ, კონსერვატიულ ძალას წარმოდგენდნენ. 1811 წელს კაიროში მოწყობილ მამლუქთა ჟლეტას ცოტა მამლუქი თუ გადაურჩა, რომელთაც სუდანს შეაფარეს თავი და მხოლოდ მათმა მცირე ნაწილმა შეძლო ეგვიპტეში დაბრუნება მას შემდეგ, რაც მუჰამად ალისგან შეწყალება მიიღეს.
საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონის ომების პერიოდი, განსაკუთრებით, ეგვიპტეში ლაშქრობის შემდეგ, ოსმალური მონათვაჭრობის მნიშვნელოვანი შემცირების ხანაა. ეს რამდენიმე მნიშვნელოვანმა ცვლილებამ განაპირობა. 1768 წლიდან ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის მოკავშირე გახდა ოსმალეთთან ომში. რუსეთთან კავშირის გამო დაუპირისპირდა ირანსაც, რომელიც მანამდე აღმოსავლეთ საქართველოზე გავლენას ინარჩუნებდა. დროებითი სტაბილურობა, რომელსაც ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-მ მიაღწია ოსმალეთთან და ირანთან ურთიერთობაში, დაირღვა და ამას მძიმე შედეგები მოჰყვა. რუსეთი, რომელთანაც 1783 წელს, ქართლ-კახეთმა დადო გეორგიევსკის ტრაქტატი და მიიღო მფარველობა, არ გამოდგა საიმედო მოკავშირე. რუსეთის იმპერატორები თვითონ იყვნენ დაინტერესებულები კავკასიაში გაბატონებით, ასე რომ ქართლ-კახეთის პოტენციური დასუსტება მათთვის საქმეს კიდევ უფრო ამარტივებდა. ირან-ოსმალეთისგან წაქეზებული ჩრდილოეთ კავკასიის სახანოები ხშირად ესხმოდნენ თავს საქართველოს. ძალზე იმატა „ლეკიანობამ“. ლეკები ატყვევებდნენ, იტაცებდნენ მრავალ ადამიანს და შემდეგ მონებად ყიდდნენ ოსმალეთში. ამის კარგი ნიმუშია ეგვიპტეში ქართველი მამლუქების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა. გარეშე მტრებისგან დასუსტებული ქართლ-კახეთი უფრო ადვილად აღმოჩნდა რუსეთის იმპერიის ხელში, რომელმაც გააუქმა მეფობა და 1801 წლიდან ქვეყანა გუბერნიად გადააქცია.
ეგვიპტის ოსმალეთისგან ფაქტობრივმა ჩამოცილებამ, მამლუქთა სისტემის დასუსტებამ ნაპოლეონთან ომში და აღმოფხვრამ მუჰამად ალის მმართველობის დროს, კავკასიაში რუსეთის იმპერიის გაბატონებამ, დიდწილად შეკვეცა ოსმალური მონათვაჭრობა. ქართველ მონებზე მოთხოვნა კვლავ მაღალი იყო და ფასიც იზრდებოდა, რადგან მონების ნაკადი მნიშვნელოვნად იყო შემცირებული. ამის მაგალითია ჩრდილოეთ აფრიკაში, მაროკოში გაყიდული ჩერქეზი ქალები, რომელთაც ვაჭრები ქართულს ასწავლიდნენ და ქართველებად ასაღებდნენ, რათა უფრო დიდი ფასი დაედოთ. XIX საუკუნეში ევროპულ ქვეყნებში მონათვაჭრობის გაუქმების ტენდენცია არსებობდა, რამაც თანდათან გამოიწვია მონობის გაუქმება მთელ რიგ ქვეყნებში. ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ ეს გარკვეულ გავლენას მოახდენდა ოსმალეთის იმპერიაზეც, რომელმაც რეფორმების რამდენიმე პერიოდი გაიარა, გააუქმა მონებზე დამყარებული მამლუქებისა და იანიჩარების ჯარები და დაიწყო ეტაპობრივი მოდერნიზაცია. XX საუკუნის დამდეგს ოსმალეთში მონათვაჭრობა, ინდივიდუალური შემთხვევების გამოკლებით, საბოლოოდ გაქრა.