Oxford-ის ვაქცინა იმუნურ პასუხს ყველა ასაკობრივ ჯგუფში აღძრავს

Oxford-ის ვაქცინა იმუნურ პასუხს ყველა ასაკობრივ ჯგუფში აღძრავს

COVID-19-ის მოწინავე ექსპერიმენტული ვაქცინა იმუნურ პასუხს კვლევაში მონაწილეთა ყველა ასაკობრივ ჯგუფში აღძრავს, ამის შესახებ მისი შემქმნელები აცხადებენ, რაც მეცნიერებსა და საზოგადოებას იმედს აძლევს, რომ ვაქცინაციის გზით ყველაზე მოწყვლადი ადამიანების დაცვა შესაძლებელი გახდება. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს

ამ ეტაპზე, განცხადების დამადასტურებელ მტკიცებულებას არც ოქსფორდის უნივერსიტეტი და არც ფარმაკოლოგიური კომპანია AstraZeneca არ აქვეყნებს. მონაცემები აკადემიური სტატიის სახით გამოსაქვეყნებლად არის გადაგზავნილი, თუმცა, AstraZeneca-მ ექსპერიმენტული ვაქცინის AZD1222 კვლევის საბაზისო მიგნებები ვიწრო აკადემიურ წრეებს უკვე გააცნო. 

მეორე ფაზის კვლევამ აჩვენა, რომ მასში მონაწილე 56 წელს ზემოთ და ზოგიერთ 70-ს გადაცილებულ მოხალისეში ვაქცინამ ანტისხეულების გამომუშავება ისევე წარმატებით შეძლო, როგორც ამას ახალგაზრდებში ახერხებდა. ვაქცინების შექმნის პროცესში ხანდაზმული ადამიანების დაცვა მეცნიერთა წინაშე მდგომი საკვანძო საკითხი გახლავთ. ორგანიზმის იმუნიტეტი და მისი ნებისმიერ ვირუსთან ბრძოლის უნარი ასაკის მატებასთან ერთად იკლებს. სწორედ ამის გამოა, რომ COVID-19-ის მსხვერპლთა უმეტესობას ხანშიშესული ადამიანები წარმოადგენენ. 

მიუხედავად ამ ოპტიმისტური სიახლისა, ბევრს მიაჩნია, რომ ვაქცინა სრულ დაცვას ვერ უზრუნველყოფს. მათი აზრით, უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ მან დაავადების სიმწვავე შეამციროს, რაც ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის სტატისტიკას შეამცირებს. არსებობს მოლოდინი, რომ ვაქცინით გამომუშავებული დაცვა ხანგრძლივი დროით არ შენარჩუნდება და განმეორებით აცრა იქნება საჭირო. 

AstraZeneca იმედოვნებს, რომ ვაქცინის შეზღუდული რაოდენობა უახლოეს თვეეში გახდება ხელმისაწვდომი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *