პანდემიამ FDI-ზე საქართველოში უფრო დიდი ნეგატიური გავლენა მოახდინა, ვიდრე მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში

პანდემიამ FDI-ზე საქართველოში უფრო დიდი ნეგატიური გავლენა მოახდინა, ვიდრე მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში

PMCG-ის ინფორმაციით, პანდემიამ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე საქართველოში უფრო დიდი ნეგატიური გავლენა იქონია, ვიდრე მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში. 2020 წელს საქართველოში, 2005 წლიდან მოყოლებული, ინვესტიციების ყველაზე დაბალი მოცულობა შემოვიდა: 572 მლნ აშშ დოლარი, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 57%-ით ნაკლებია. ეს ვარდნა (-57%) მნიშვნელოვნად აღემატება FDI-ის საშუალო კლებას მსოფლიოში. მსოფლიოში ინვესტიციების მოცულობა საშუალოდ 34%–ით შემცირდა.

განვითარებადი ქვეყნებისთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) უმუშევრობის, ექსპორტის, პროდუქტიულობისა და კაპიტალის შემოდინების მაჩვენებლების გაუმჯობესების გზით მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. შესაბამისად, განვითარებადი ქვეყნები, მათ შორის საქართველოც კარგი საინვესტიციო გარემოს შექმნას ცდილობს.

მიუხედავად ამისა, 2017 წლიდან მოყოლებული, ინვესტიციების მოცულობა საქართველოში განუხრელად მცირდება. 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში FDI-ის მოცულობამ
234.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.6%-ით ნაკლებია 2020 წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით და 77.1%-ით მეტი 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით. 2021 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 366.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 11 წლის განმავლობაში წლის პირველი ნახევარში
დაფიქსირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

საერთო ჯამში, COVID-19-ის პანდემიამ მხოლოდ გაამწვავა ის პრობლემები და ეკონომიკური სისუსტეები, რაც უკვე იწვევდა საქართველოში FDI-ს შემცირებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულად 2019 წელს შემცირება დაკავშირებულია სამხრეთკავკასიური  მილსადენის გაფართოების პროგრამის განახლების დასრულებასთან, რაც BP-
ის ინვესტიციების შემცირებაში გამოიხატა. ეს კი მიუთითებს, რომ საქართველო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ცალკეულ პროექტებზე.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან მოყოლებული, ინვესტიციები უმეტესწილად მოდის არასავაჭრო სექტორებზე, როგორიცაა საფინანსო სექტორი, ტრანსპორტი და კომუნიკაციები, ენერგეტიკა და უძრავი ქონება. 2021 წლის მეორე კვარტალში ამ სექტორებმა ჯამურად მთლიანი ინვესტიციის 62% მიიღეს. FDI სავაჭრო სექტორებში, კერძოდ, სოფლის მეურნეობასა და დამმუშავებელ მრეწველობაში (მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მრეწველობაში) კი გაცილებით მცირეა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *