საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიზეზები

საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიზეზები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ ნახევარში, 2020 წლის პირველ ნახევართან შედა­რებით, საქართველოს ეკონომიკა (მთლიანი შიდა პროდუქტი – მშპ) 12.5%-ით გაიზარდა. თუმცა ცალ­­კე აღებულ პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, ხოლო მე-2 კვარტალში (აპრილი-ივნისი) 29.9%-ით გაიზარდა.

საბოლოო ჯამში, მიმდინარე წლის იანვარ-ივ­­ნისში საქართველოს მშპ ნომინალურ ფასებში 27.2 მილიარდი ლარი იყო, რაც 2020 წლის ანა­ლოგიური პერიოდის მშპ-ზე 5 მილიარდი ლარით მეტია. თუ რეალურ მშპ-ს ვნახავთ, ზრდა 2.2 მი­ლიარდი ლარია. ნომინალურ და რეალურ რიცხ­­ვებს შორის სხვაობა ინფლაციითაა გამოწვეული. რეალური ზრდა ნიშნავს, თუ რამდენად გაზარდა საქონლისა და მომსახურების დამატებითი მო­ცულობების წარმოებამ მშპ, ხოლო ნომინალურში მეტი პროდუქციის წარმოებასთან ერთად ფასების ზრდის ეფექტიც არის გათვალისწინებული. ფასე­ბის ზრდის ეფექტი კი საკმაოდ მაღალი იყო, იან­­ვარ-ივნისში ადგილობრივი წარმოების პროდუქ­ციაზე ფასები 9%-ით გაიზარდა.

2021 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის რთულად დაიწყო, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის მეორე ტალღის გამო მკაცრი ეკონო­მიკური შეზღუდვები იყო დაწესებული. შესაბამი­სად, იანვარსა და თებერვალში ეკონომიკა 11.5 და 5.1%-ით შემცირდა. მარტიდან პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები თანდათან შემსუბუქდა და გასულ წელთან შედარებით ეკონომიკამ ზრდა დაიწყო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ, 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მეტად აპრილ-ივნისის პერი­ოდში, ანუ მე-2 კვარტალში შემცირდა და წელს, მე-2 კვარტალში დაფიქსირებულ მაღალ ზრდას ამანაც შეუწყო ხელი. ამას ე.წ. საბაზისო ეფექტი ეწოდება, როცა გასული წლის ვარდნა წელს ეკო­ნომიკური ზრდის მაღალი ნიშნულის მიღწევას აიოლებს.

თუმცა 2021 წლის პირველ ნახევარში დაფიქ­­სირებული 12.5%-იანი ეკონომიკური ზრდა მარტო საბაზისო ეფექტით (ანუ შემცირებულთან შედარე­ბით) არ იხსნება. საბაზისო ეფექტით სრულად აიხ­­სნებოდა, ეკონომიკა 2019 წელთან შედარებითაც რომ არ იყოს გაზრდილი. 2021 წლის იან­­ვარ-ივნისში, 2019 წლის იანვარ-ივნის­­თან შედარებით, საქართველოს ეკონო­მიკა 5.7%-ით გაიზარდა. შესაბამისად, საბაზისო ეფექტით გამოწვეული ზრდა 6.8%-ია (12.5%-5.7%), 5.7% კი სხვა მიზე­ზებმა განაპირობა. 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2021 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკა 2.2%-ით შემცირდა, ხოლო მეორე კვარტალთან შედარებით 12.7%-ით გაიზარდა.

პირველ რიგში შეგვიძლია ვნახოთ, ეკონომიკის რომელი სექტორები გაი­ზარდა ყველაზე მეტად 2021 წლის იანვარ-ივნისში და რომელმა დარგებმა რა წვლილი შეიტანეს 2020 წელთან შედარებით დაფიქსირებულ 12.5%-იან ზრდაში და 2019 წელთან შედარებით დაფიქსირებულ 5.7%-იან ზრდაში.

2020 წელთან შედარებით 2021 წლის 6 თვეში ყველაზე მაღალი ზრდა – 42% – ხელოვნების, გართობისა და დასვენების სფეროში დაფიქსირდა. ეს გამოწვეულია იმით, რომ შარშან ეს სექტორი გაჩერებული იყო შეზ­­ღუდვების გამო, წელს კი გარკვეული რეგულაციებით მუშაობდა. 34.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში, 34.4% – საფი­ნანსო და სადაზღვევო საქმიანობებში, 28.9% – ჯანდაცვაში და ა.შ. კლება მხო­ლოდ განათლების სექტორშია – 3.6% და „სხვად“ კლასიფიცირებულ სექტო­რებში – 7.4. თუმცა არანაკლებ მნიშვ­­ნელოვანია ვნახოთ, რომელმა დარგმა რა წვლილი შეიტანა ჯამურ 12.5%-იან ზრდაში. ამ შემთხვევაში ზრდის ტემპ­­თან ერთად მნიშვნელოვან როლს თა­მაშობს სექტორის წონა ეკონომიკაში, ანუ რა წილი უჭირავს მშპ-ს. რაც მეტია სექტორის წილი, მის ზრდას უფრო დი­დი გავლენა აქვს ეკონომიკის ზრდის ჯამურ მაჩვენებელზე. ყველაზე დიდი წვლილი ვაჭრობამ და ავტომობილების რემონტმა შეიტანა – 3.2% პუნქტი. 2020 წელს ვაჭრობისა და ავტომობილების რემონტის წილი ეკონომიკაში 12% იყო და სექტორში 28.6%-იანი ზრდა და­ფიქსირდა. ვაჭრობის შემდეგ ყველაზე დიდი წვლილი მრეწველობის ზრდამ შე­იტანა – 2.1% პუნქტი, შემდეგ მოდის სა­ფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 2% პუნქტით, ხელოვნება, გართობა და დასვენება 1.4% პუნქტით და ჯანდაცვა 1.3% პუნქტით.

2019 წელთან შედარებით, 2021 წლის 6 თვეში ყველაზე მაღალი ზრდა – 41% – ჯანდაცვაში დაფიქსირდა, რაც ლოგიკურია. კორონავირუსის გამო 2019 წელთან შედარებით 2021 წელს მნიშვნე­ლოვნად არის გაზრდილი სამედიცინო მომსახურების გაწევა. შემდეგ მოდის ხელოვნება, გართობა და დასვენება 35.2%-იანი ზრდით, და ინფორმაცია და კომუნიკაცია – 28.6-ით. ასევე მნიშვნე­ლოვნად არის გაზრდილი მრეწველობა, საფინანსო მომსახურება და ვაჭრობა. ყველაზე დიდი კლება სასტუმროებისა და რესტორნების სექტორშია 15.3%. შემ­­დეგ მოდის პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები 13.4%-იანი კლებით, მშენებლობა – 5%-იანი კლე­ბით, ტრანსპორტი – 4.2%-იანი კლე­ბით და ელექტროენერგიისა და აირის მიწოდება – 3.5%-იანი კლებით. წვლი­ლის მიხედვით ჯამურ 5.7%-იან ზრდაში ყველაზე მაღალი წილი – 2.2% პუნქტით – მრეწველობას აქვს. შემდეგ მოდის ჯანდაცვა 1.7% პუნქტით, ვაჭრობა – 1.6% პუნქტით და ხელოვნება, გართობა და დასვენება – 1.2% პუნქტით. სექტორში დაფიქსირებული კლების გამო ჯამური ეკონომიკური ზრდა სასტუმროებმა და რესტორნებმა 0.8% პუნქტით შეამცი­რეს, მშენებლობამ – 0.5% პუნქტით, ტრანსპორტმა კი 0.4% პუნქტით

მაკროეკონომიკური ფაქტორების კუთხით რომ ვნახოთ, ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე დიდ როლს ექსპორ­­ტი თამაშობს. 2020 წლის 6 თვეში, 2019 წელთან შედარებით, საქონლის ექს­­პორტი 16%-ით შემცირდა, ხოლო 2021 წლის 6 თვეში, 2020 წელთან შედარე­ბით, 25.3%-ით გაიზარდა. 2021 წლის პირველ ნახევარში ექსპორტი 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარე­ბითაც გაზრდილია 5.4%-ით. 2020 წელს, როდესაც საქართველოს ეკონომიკა წლიურად 6.2%-ით შემცირდა, ეს კლე­ბა მაკროეკონომიკური კუთხით (ე.წ. დანახარჯების მეთოდით) მხოლოდ საქონლისა და მომსახურების ექსპორ­­ტის კლებით იყო განპირობებული. 2020 წელს ხარჯები საბოლოო მოხმარებაზე და დანაზოგები გაიზარდა, იმპორტი შემცირდა, ანუ აღნიშნულ სამ კომპო­ნენტს მშპ-ის კლება არ გამოუწვევია. შემცირდა მხოლოდ საქონლისა და მომსახურების ექსპორტი 32%-ით. შესა­ბამისად, ბუნებრივია, როდესაც მსოფ­­ლიოში პანდემია ისეთ ეკონომიკურ შეზღუდვებს აღარ იწვევს, როგორსაც 2020 წელს და მსოფლიოს ეკონომიკამ სწრაფად დაიწყო აღდგენა, საქართვე­ლოს ექსპორტიც სწრაფად იზრდება.

გაზრდილია ეკონომიკის დაკრე­დიტებაც, 2019 წლის ივნისის ბოლოს საქართველოს ეკონომიკაზე 28 მილი­არდი ლარის სესხი იყო გაცემული, 2020 წლის ივნისის ბოლოს – 33 მილიარდის, ხოლო 2021 წლის ივნისის ბოლოს 38 მი­ლიარდი ლარის. დაკრედიტების ზრდა ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს.

კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც ეკო­ნომიკურ ზრდას შეუწყო ხელი, ე.წ. ფის­­კალური ექსპანსიაა. მთავრობამ 2020 წელს და 2021 წლის პირველ ნახევარში გარკვეული საგადასახადო შეღავათები დააწესა და, ამასთან ერთად, ბიუჯეტის ხარჯები და დეფიციტი მნიშვნელოვ­­ნად გაზარდა. საგადასახადო შეღავა­თები პროდუქციის წარმოების ზრდას ეხმარება, ხოლო ბიუჯეტის ხარჯების ზრდა (მით უმეტეს, დეფიციტურად) ქვე­ყანაში ერთობლივ მოთხოვნას ზრდის. 2019 წელს ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის მიმართ 2.1% იყო, რაც 2020 წელს 9.3%- მდე გაიზარდა. 2021 წელს კი 7.6%-ის დონეზეა მოსალოდნელი. როდესაც მთავრობა, დეფიციტური ხარჯვით, ერ­­თი მხრივ ბიზნესს ასუბსიდირებს და მე­ორე მხრივ სოციალური დახმარებებით სამომხმარებლო დანახარჯებს ზრდის, ბუნებრივია, ეს ეკონომიკურ ზრდას ეხმარება, მაგრამ აქვს თავისი დიდი უარყოფითი მხარეები: ზრდის ქვეყნის მთავრობის ვალს და ასტიმულირებს ინფლაციას, ქვეყანაში ფასების ზრდას. ასეთ რადიკალურ ზომებს ფისკალურად მოწესრიგებული მთავრობები მხოლოდ ეკონომიკური კრიზისების დროს მი­მართავენ დროებითად, რომ სოციალურ ფონზე კრიზისის გავლენა შეარბილონ. პოსტკრიზისულ პერიოდში მთავრობამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეამცი­როს ბიუჯეტის დეფიციტი.

2021 წლისთვის საქართველოს წლი­ური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.7%-ია. იანვარ-ივლისში ზრდა 12.2% იყო, რაც წლიური პროგნოზის მიღწევას რეალურს ხდის, თუ მთავრობა პანდე­მიის გამო ისევ არ დააწესებს მკაცრ შეზღუდვებს.

2022 წლიდან ეკონომიკურ ზრდას საბაზისო ეფექტი (წინა წლის კრიზისი) ვეღარ დაეხმარება, ასევე შემცირდება ბიუჯეტის დეფიციტიც. პოზიტიური ფაქ­­ტორებიდან 2021 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად მოიმატებს ტურის­­ტების რაოდენობა და საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების გა­ნაკვეთის შემცირებას დაიწყებს. თუმცა მდგრადი და ხანგრძლივი ეკონომიკუ­რი ზრდისთვის ინვესტიციების ზრდაა აუცილებელი – როგორც უცხოური ინვეს­­ტიციების, რომლებიც მნიშვნელოვნად არის შემცირებული, ასევე შიდა ინვეს­­ტირების.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *