ფოტო: Getty Images
Paramount-მა Warner Bros. Discovery-ის შესყიდვის პროცესი დაასრულა და ახალი მედიაგიგანტი შექმნა, რომელიც Skydance-ის სახელით იფუნქციონირებს. გარიგების ღირებულება დაახლოებით $110 მილიარდს შეადგენს.
კომპანიის აქციები ბირჟაზე „SKYD“ ტიკერით იქნება წარმოდგენილი, ხოლო Warner Bros.-ის აქციებით ვაჭრობა შეწყდება. Paramount-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ელისონმა გარიგების დასრულებას „ისტორიული დღე“ უწოდა.
გაერთიანებული კომპანია კონტროლს Paramount-ისა და Warner Bros.-ის კუთვნილ აქტივებზე ერთდროულად მოიპოვებს. Skydance-ის შემადგენლობაში იქნება კინოსტუდიები Warner Bros., New Line Cinema და Miramax, DC Studios, ასევე Paramount+, HBO Max, Pluto TV და Discovery+.
კომპანიას ასევე გადაეცემა CBS და არაერთი სატელევიზიო არხი, მათ შორის CNN, HBO, MTV, Nickelodeon, Cartoon Network, TNT და TLC. Skydance-ის პორტფელში აღმოჩნდება ისეთი ცნობილი ფრენჩაიზებიც, როგორებიცაა „Harry Potter“, „Game of Thrones“, „The Lord of the Rings“, „Mission: Impossible“, „Star Trek“ და „Transformers“.
გარიგების დასრულებას წინ უძღოდა რამდენიმე თვიანი სამართლებრივი დავა, რომლის ფარგლებშიც შტატების გენერალური პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ გაერთიანება ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას არღვევდა.
საბოლოოდ, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და გარიგების დასასრულებლად გზაც გაიხსნა. თუმცა ჰოლივუდში გაერთიანებას კვლავ აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ის სამუშაო ადგილების შემცირებას, ნაკლებად ამბიციური კონტენტის შექმნასა და ფასების ზრდას გამოიწვევს.
ცნობისთვის, ახალი კომპანიის თანააღმასრულებელი დირექტორები დევიდ ელისონი და Mattel-ის აღმასრულებელი დირექტორი იონ კრაიზი იქნებიან. Warner Bros.-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ზასლავი კომპანიას დატოვებს, ხოლო CNN და CBS News ცალკე ერთეულებად გააგრძელებენ მუშაობას.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი












