უოლ-სტრიტი Anthropic-ისთვის რეკორდულ $60-მილიარდიან სასესხო პაკეტს გასცემს

უოლ-სტრიტი Anthropic-ისთვის რეკორდულ $60-მილიარდიან სასესხო პაკეტს გასცემს

ფოტო: Getty Images

 

უოლ-სტრიტის უმსხვილესმა ბანკებმა Anthropic-ისთვის Google-ის ჩიპების იჯარით აღების დასაფინანსებლად $60-მილიარდიანი სასესხო პაკეტის გაცემა დაიწყეს. ეს, ამ დრომდე, ჩიპების დასაფინანსებლად ისტორიაში უპრეცედენტო გარიგებაა და აჩვენებს, თუ რამდენად სწრაფად იზრდება მოთხოვნა ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო გამოთვლით ინფრასტრუქტურაზე.

Financial Times-ის ინფორმაციით, Anthropic-ის იჯარისთვის თავდაპირველი დაფინანსების ვალდებულება Bank of America-მ, Citigroup-მა და Morgan Stanley-მ აიღეს. გარიგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის შესაფასებლადაც, თუ რამდენადაა მზად საკრედიტო ბაზარი AI-ის მიმართულებით ისეთი პროექტების დასაფინანსებლად, რომლებიც უზარმაზარ კაპიტალს მოითხოვს.

ფინანსურ სტრუქტურაში საკვანძო როლს ასრულებს Broadcom-იც — კომპანია Anthropic-ს საკრედიტო მხარდაჭერას უწევს, რაც სტარტაპს სესხის მომსახურების ხარჯებს შეუმცირებს. კერძოდ, Broadcom-ი $42-მილიარდიან სესხს საკუთარი მაღალი საკრედიტო რეიტინგით უზრუნველყოფს. დარჩენილი $18 მილიარდიდან $9 მილიარდს საინვესტიციო გიგანტი Blackstone-ი გაიღებს, ხოლო მეორე ნახევრის ინვესტორებზე სინდიკაციაში ბანკებს დაეხმარება.

Broadcom-ისა და Google-ის მიერ ერთობლივად შემუშავებულ TPU-ჩიპებზე მასშტაბური გარიგება AI-აპარატურის ინდუსტრიაში Nvidia-ს ჰეგემონიისთვის კონკურენტულად აღიქმება. თუმცა, ანალიტიკოსების შეფასებით, უზრუნველყოფის გარეშე დარჩენილი $18-მილიარდიანი ვალის ფართო ინვესტორებზე გაყიდვა შესაძლოა Anthropic-ის წლის ბოლოსთვის დაგეგმილ IPO-მდე გადავადდეს. IPO კი ინვესტორებს უკვე კომპანიის ფინანსებზე სრულ სურათს მისცემს.