პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „რუსული კანონის“ განხილვა დღეს განახლდება - საპროტესტო აქცია გრძელდება

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „რუსული კანონის“ განხილვა დღეს განახლდება - საპროტესტო აქცია გრძელდება

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „რუსული კანონის“ განხილვა დღეს, 12:00 საათიდან განახლდება. თხუთმეტი წუთით ადრე კი ბიუროს სხდომაა ჩანიშნული. სავარაუდოდ, კანონპროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაც სწორედ დღეს გაიმართება.

პარლამენტის თავმჯდომარის, ლაშა პაპუაშვილის განმარტებით, განხილვის გადადება პროცედურების გაჭიანურებამ გამოიწვია, ვინაიდან დეპუტატების გამოსვლები განსაზღვრულ დრომდე, 21:00 საათამდე ვერ მოესწრო. მისივე თქმით, დღეს ლელოს, რეფორმების ჯგუფის, საქართველოსთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და უმრავლესობის გამოსვლებია დაგეგმილი.

განხილვის პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდება. „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგეები, განხილვის დაწყებიდან, 12:00 საათიდან, პარლამენტის უკან, 19:00 საათიდან კი მის წინ შეკრებას გეგმავენ. გუშინდელი აქციის დაშლაში სპეცდანიშნულების რაზმი იღებდა მონაწილეობას, რა დროსაც მომიტინგეები და ჟურნალისტები დაშავდნენ.

შეგახსენებთ, იმისათვის, რომ კანონპროექტი მიღებულად ჩაითვალოს, მას პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი სამი მოსმენით უნდა დაუჭირონ. მიღების შემთხვევაში ის ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება. თუმცა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს.