Telegram-ის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 1 მლრდ-ს გადააჭარბებს - CEO

Telegram-ის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 1 მლრდ-ს გადააჭარბებს - CEO

აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთში პოპულარული სოციალური მედიის პლატფორმა Telegram-ის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა ერთ წელიწადში 1 მილიარდს გადააჭარბებს. ამის შესახებ განცხადებას Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი პაველ დუროვი ავრცელებს.

პაველ დუროვმა Telegram-ის ბოლოდროინდელი პოპულარობის შესახებ ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან, ინტერვიუში ისაუბრა. მისი განმარტებით, Telegram-ის პოპულარობა „ტყის ხანძარივით“ ჩქარა ვრცელდება.

ამჟამად სოცმედიაპლატფორმის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 900 მილიონია. დამფუძნებლის განცხადებით, პლატფორმა „გეოპოლიტიკურ მოთამაშეს“ არ წარმოადგენს და „ნეიტრალურ“ სტატუსს ინარჩუნებს. ცნობისთვის, პაველ დუროვი რუსი ანტრეპრენიორია, რომელმაც რუსეთი 2014 წელს მას შემდეგ დატოვა, რაც განაცხადა, რომ მთავრობას კომპანიის საქმიანობაში ჩარევის სურვილი ჰქონდა.

შედარებისთვის, Telegram-ის კონკურენტი Whatsapp-ის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 2 მილიარდზე მეტია.

Telegram-ის პოპულარობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. პლატფორმა მალევე გახდა როგორც რუსეთისა და უკრაინის მთავრობების, ისე დაინტერესებული პირების, ომის ჟურნალისტების, მედიასააგენტოებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ინფორმაციის გავრცელების ინსტრუმენტი. სოციალური მედიაპლატფორმის პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ცენზურის აარქონაა, თუმცა აღნიშნული ამავდროულად დიდ რისკსაც შეიცავს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Telegram-ზე საკუთარ არხს მოსახლეობისთვის მისამართად აქტიურად იყენებს. უკრაინის შეიარაღებული ძალები კი Telegram-ზე ფრონტის ხაზზე განახლებებს ავრცელებს. Telegram-ს ვლადიმირ პუტინის აქტივობების გასავრცელებლად აქტიურად იყენებს კრემლიც.

მიუხედავად ამისა, კრიტიკოსები სულ უფრო აქტიურად აპელირებენ, რომ პლატფორმა დეზინფორმაციისა და ვიდეო- თუ ფოტომანიპულაციების გავრცელების ინსტრუმენტად იქცა. აღნიშნულის რეგულირებისათვის უკრაინის პარლამენტმა კანონპროექტის ინიციირებაც მოახდინა.