Pfizer-ი: ჩვენმა ვაქცინამ 12-15 წლის ბავშვებში 100%-ით ეფექტიანობა აჩვენა

Pfizer-ი: ჩვენმა ვაქცინამ 12-15 წლის ბავშვებში 100%-ით ეფექტიანობა აჩვენა

Pfizer-ი და BioNTech-ი აცხადებენ, რომ მათ მიერ შექმნილი კოვიდ-ვაქცინა 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებში 100%-ით ეფექტიანია. კერძოდ, კვლევის შედეგად, რომელშიც 2,260 მოხალისე მონაწილეობდა, დადგინდა, რომ ვაქცინის მიღების შემდეგ კორონავირუსით არც ერთი მონაწილე არ დაინფიცირებულა. თუმცა, ეს წინასწარი მონაცემებია და აღნიშნული უნდა გადაიხედოს, რათა საბოლოოდ მეცნიერულად დადასტურდეს.

როგორც ამერიკული Forbes-ი წერს, Pfizer-ის ვაქცინის კვლევის ახალი მონაცემები იმის მანიშნებელია, რომ მალე სკოლებში ტინეიჯერების ვაქცინაციის დაწყებასაც უნდა ველოდოთ. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ისინი კოვიდ-ვაქცინის 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში გამოყენების ავტორიზაციისთვის ევროპისა და აშშ-ის მარეგულირებელ სამსახურებს უახლოეს კვირებში მიმართავენ.

BioNTech-ის აღმასრულებლის უღურ შაჰინის თქმით, წინასწარი მონაცემები ცხადყოფს, რომ ვაქცინა ბავშვებს განსაკუთრებით კარგად იცავს.

„ვაქცინა ბავშვებს შესაძლებლობას მისცემს, დაუბრუნდნენ ყოველდღიურ, ნორმალურ სასკოლო ცხოვრებას, შეხვდნენ მეგობრებს, ოჯახის წევრებს“, – აღნიშნა შაჰინმა.

ხოლო, როგორც Pfizer-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ალბერტ ბურლამ განაცხადა, ამჟამინდელი პროგნოზით, ისინი შეძლებენ 12 წელზე მეტი ასაკის მქონე მოსწავლეების ვაქცინაციას მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე.

ცნობისთვის, გასულ კვირას Pfizer-მა ვაქცინის ტესტირება  6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებშიც დაიწყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *