Pfizer-ი და Moderna წელს კოვიდვაქცინების გაყიდვებით $51 მილიარდის შემოსავალს პროგნოზირებენ

Pfizer-ი და Moderna წელს კოვიდვაქცინების გაყიდვებით $51 მილიარდის შემოსავალს პროგნოზირებენ

მიუხედავად მსოფლიოში ომიკრონის ტალღის მკვეთრად კლებისა, Pfizer-ი და Moderna მიმდინარე წელს კოვიდვაქცინების გაყიდვებით 51 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავლის მიღებას გეგმავენ. საინტერესოა, რომ ოპტიმისტური პროგნოზის პარალელურად, ორივე კომპანიას მტკიცედ სჯერა, რომ პანდემია დასასრულს უახლოვდება და ისეთ ფაზაში გადადის, სადაც ის საზოგადოებისათვის ნაკლები ზიანის მომტანი იქნება.

უფრო კონკრეტულად, Pfizer-ი 2022 წელს ვაქცინებით 32 მილიარდი აშშ დოლარის მიღებას გეგმავს, Moderna-სთვის კი ეს პროგნოზი 19 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კომპანიებმა გასულ თვეში, მეოთხე კვარტლის შემოსავლების შესახებ საუბრისას გაავრცელეს.

საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ზემოთ აღნიშნული რიცხვები მხოლოდ მინიმალურ მოლოდინს წარმოადგენს. პოტენციური შემოსავლები კი სწორედ იმ კონტრაქტების მიხედვითაა დათვლილი, რაც კომპანიებს ამჟამად აქვთ დადებული სხვადასხვა სახელმწიფოსთან. შესაბამისად, შემოსავლების შესაძლო გაზრდაც მხოლოდ და მხოლოდ ვირუსის ტრაექტორიაზეა დამოკიდებული.

გასულ წელს, Pfizer-მა მსოფლიოს მასშტაბით 36.7 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კოვიდვაქცინა გაყიდა. ეს რიცხვი კი კომპანიის მთლიანი შემოსავლების, 81.2 მილიარდი აშშ დოლარის 45%-ს წარმოადგენს. რაც შეეხება Moderna-ს, კომპანიისათვის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ერთადერთ კომერციულ პროდუქტს წარმოადგენს. შესაბამისად, 2021 წელს მისი $18.5 მილიარდიანი შემოსავლიდან, 17.7 მილიარდ აშშ დოლარს სწორედ ვაქცინის გაყიდვებით მიღებული შემოსავალი წარმოადგენდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *