Copyright 2026. The Associated Press. All rights reserved
ფეხბურთის ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, სამშაბათს არგენტინის ნაკრების მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა. არგენტინამ ბუენოს-აირესში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ბენინი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
მესიმ შეხვედრის 71-ე წუთზე პენალტით გოლი გაიტანა და მატჩში არგენტინის პირველ ორ გოლშიც მიიღო მონაწილეობა. ეს მისთვის არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში 208-ე მატჩი იყო – საერთაშორისო შეხვედრების რაოდენობით მეორე შედეგი ფეხბურთის ისტორიაში. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება.
მესის ბოლო სანაკრებო მატჩს ბუენოს-აირესის „ესტადიო მონუმენტალზე“ 85 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. მატჩის ბილეთები გაყიდვის დაწყებიდან მხოლოდ 90 წუთში სრულად გაიყიდა. შეხვედრის დაწყებამდე მოედანზე არგენტინის გიგანტური მაისური გაშალეს, რომელსაც მესის საფეხბურთო ნომერი 10 და წარწერა „Gracias“ ამშვენებდა.
მატჩის დასრულების შემდეგ მესიმ გულშემატკივრებს მიმართა და ემოციები ვერ დამალა. ფეხბურთელმა ახლახან გარდაცვლილი მამის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არგენტინის მაისურის ტარება მისთვის უდიდესი სიამაყე იყო და აღნიშნა, რომ სურვილი ექნებოდა, ეს მთელი ცხოვრების განმავლობაში გაეგრძელებინა.
მესის არგენტინის ნაკრების მაისურით 126 გოლი აქვს გატანილი, რაც საერთაშორისო ფეხბურთის ისტორიაში მეორე შედეგია. პირველ ადგილზე ამ მაჩვენებლით რონალდუა, რომელსაც პორტუგალიის ნაკრებში 146 გოლი აქვს გატანილი.
ამერიკული Forbes-ის შეფასებით, მესის ქონება დაახლოებით $1.1 მილიარდს შეადგენს, რაც მას მსოფლიოს უმდიდრეს სპორტსმენებს შორის აყენებს. Forbes-ის მილიარდერთა სიაში ფეხბურთელი მიმდინარე წლის ივნისში მოხვდა. გასულ სეზონში მან მოედანზე $70 მილიონი გამოიმუშავა, ხოლო დამატებით $70 მილიონი – სარეკლამო და პარტნიორული გარიგებებიდან.
მესი ისტორიაში მხოლოდ მეოთხე სპორტსმენია, რომლის ქონებამ მილიარდ დოლარს მიაღწია – რონალდუს, გოლფისტ ტაიგერ ვუდსისა და NBA-ის ვარსკვლავ ლებრონ ჯეიმსის შემდეგ.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი












