ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) რუსეთისგან ციმბირის ჭირის კვლევით ინსტიტუტში მკვლევრის გარდაცვალებისა და პნევმონიის სავარაუდო მეორე შემთხვევის შესახებ დამატებით ინფორმაციას ითხოვს. პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარს „ძალიან მალე“ გეგმავს.
WHO-ს გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეიესუსის თქმით, ორგანიზაციამ რუსეთისგან მოითხოვა ინფორმაცია 28 წლის ლაბორანტის მძიმე პნევმონიის მიზეზისა და იმ პათოგენის შესახებ, რომელმაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების გატარება გამოიწვია. ორგანიზაცია ასევე ითხოვს დეტალებს ცნობებზე, რომელთა მიხედვითაც, ლაბორატორიის კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდგენელი მიზეზით პნევმონია განუვითარდა.
რუსეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყება, „როსპოტრებნაძორი“, ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლის გარდაცვალების საქმეს იძიებს. ქალი 2 ოქტომბერს „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონიით“ გარდაიცვალა. შემთხვევის შემდეგ დაახლოებით 200 ადამიანი საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ გადაიყვანეს, ხოლო სპეციალისტები ინფექციის მიზეზის დასადგენად ლაბორატორიულ კვლევებს ატარებენ.
რუსეთის ჯანდაცვის უწყებებმა WHO-ს განუცხადეს, რომ ირკუტსკში ჭირის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რეგიონული გუბერნატორის, იგორ კობზევის თქმით, ხელისუფლებამ „ყოვლისმომცველი ანტიეპიდემიური ღონისძიებები“ გაატარა.
მიუხედავად ამისა, შემთხვევამ პნევმონიური ჭირის შესაძლო გავრცელების შესახებ საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ლაბორატორიაში მომუშავე ქალს შესაძლოა ჭირის გამომწვევი ინფექციის შემცველი სინჯარა შემთხვევით გაუტყდა, თუმცა ეს ინფორმაცია რუსეთის ოფიციალურ უწყებებს არ დაუდასტურებიათ.
WHO-ს სპიკერის, კრისტიან ლინდმაიერის განცხადებით, ორგანიზაცია რუსეთის ჯანდაცვის უწყებებთან კონტაქტზეა და ცდილობს გადაამოწმოს შემთხვევის გარემოებები, ლაბორატორიული კვლევების მიმდინარეობა და შედეგები, ასევე გარდაცვლილი პაციენტის კონტაქტების ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოგვიანებით ლინდმაიერმა აღნიშნა, რომ არაოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, „ფართო საზოგადოებისთვის ჯანდაცვის რისკი დაბალი ჩანს“. მისი თქმით, გარდაცვლილის ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია და აკვირდებიან, თუმცა ამ დროისთვის არც ერთ მათგანს დაავადების სიმპტომები არ გამოუვლენია.
ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ ქვეყნებს მსგავს პრობლემასთან ბრძოლაში „ყოველთვის დაეხმარება“, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთის ოფიციალურ პირებთან ამ შემთხვევაზე ჯერ არ უსაუბრია. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი განაცხადა, რომ რუსეთისგან მიღებული ინფორმაცია „ჯერ კიდევ საკმაოდ შეზღუდულია“ და ქვეყანას მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდა.
„შეიძლება, იქ საერთოდ არაფერი ხდება. შეიძლება – იმაზე მეტი, ვიდრე გვეგონა. არ ვიცით“, – განაცხადა რუბიომ.
WHO-ს განმარტებით, ჭირი ბაქტერია Yersinia pestis-ით გამოწვეული ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ძირითადად მცირე ზომის ძუძუმწოვრებსა და მათ რწყილებში გვხვდება. მისი ყველაზე გავრცელებული ფორმა ბუბონური ჭირია, ხოლო პნევმონიური ჭირი უფრო იშვიათი, თუმცა გაცილებით მძიმე ფორმაა, რომელიც რესპირატორული ნაწილაკებით ადამიანიდან ადამიანზე შეიძლება გავრცელდეს და ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გარეშე მაღალი ლეტალობით ხასიათდება.
ამ ეტაპზე უცნობია, დაინფიცირდა თუ არა გარდაცვლილი ქალი ნამდვილად ჭირის გამომწვევი ინფექციით და ჰქონდა თუ არა ლაბორატორიაში რაიმე ინციდენტს ადგილი.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი











