ფოტო: Mike Marsland/WireImage via Getty Images; Taylor Hill/FilmMagic via Getty Images
ჰოლივუდის მსახიობი ენდრიუ გარფილდი ახალ ფილმში „Artificial“ ტექნოლოგიური კომპანია OpenAI-ის თანადამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, სემ ალტმანს განასახიერებს. პირველი თრეილერი ფილმის დისტრიბუტორმა Neon-მა გამოაქვეყნა.
ერთწუთიან თიზერში გარფილდის პერსონაჟი ხელოვნური ინტელექტის მომავალზე საუბრობს და ამბობს, რომ OpenAI-ის ახალ პროდუქტს ChatGPT-ს დაარქმევს. „ჩვენ ერთად გავხსენით პანდორას ყუთი“, – ამბობს მისი პერსონაჟი.
თრეილერში ალტმანის როლში გარფილდი ასევე ამბობს, რომ მომავალში კაცობრიობა გარკვეული გარდაუვალი გამოწვევბის წინაშე აღმოჩნდება, მათ შორისაა ქვეყნების დაცემა, ინდუსტრიების დაშლა – ხოლო მათ მოუწევთ ადამიანების ახალ სამყაროში გადაყვანის პროცესის ხელმძღვანელობა.
ფილმის სიუჟეტის დეტალები ჯერჯერობით შეზღუდულია. გავრცელებული ინფორმაციით, „Artificial“ ყურადღებას გაამახვილებს 2023 წლის ნოემბრის მოვლენებზე, როდესაც ალტმანი OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა რამდენიმე დღეში ის კომპანიაში დაბრუნდა.
2023 წლის ნოემბერში OpenAI-ის დირექტორთა საბჭომ სემ ალტმანზე განაცხადა, რომ აღარ ჰქონდა „ნდობა მისი შესაძლებლობის მიმართ, გაეგრძელებინა OpenAI-ის ხელმძღვანელობა“. ალტმანის გათავისუფლებას კომპანიის თანამშრომლების ნაწილის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა და ასობით თანამშრომელი გადადგომით დაიმუქრა.
ფილმში OpenAI-ის თანადამფუძნებლისა და ყოფილი მთავარი მეცნიერის, ილია სუცკევერის როლს „Anora“-ს ვარსკვლავი იურა ბორისოვი შეასრულებს. მილიარდერ ილონ მასკს კი აიკ ბარინჰოლცი განასახიერებს. შეგახსენებთ, მასკი OpenAI-ის თანადამფუძნებელთა შორის იყო, თუმცა მოგვიანებით კომპანიასთან ურთიერთობა გაუარესდა.
მსახიობთა შემადგენლობაში არიან მონიკა ბარბარო OpenAI-ის ყოფილი ტექნოლოგიური დირექტორის, მირა მურატის როლში, ასევე კუპერ ჰოფმანი, ჯეისონ შვარცმანი, კრის ო’დაუდი, მარკ რაილენსი და ზოსია მამეტი.
„Artificial“-ის რეჟისორი ლუკა გუადანინოა, რომლის ფილმოგრაფიაშია „Call Me by Your Name“ და „Challengers“ შედის. ფილმის პრემიერა კინოთეატრებში 25 დეკემბერს გაიმართება, ხოლო მანამდე ის ნიუ-იორკის კინოფესტივალზე იქნება ნაჩვენები.









