ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი წესი 1 იანვრიდან ამოქმედდება

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი წესი 1 იანვრიდან ამოქმედდება

დებულება სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის ერთდროულად შევა ძალაში.

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულება 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ამ დებულების მიზანია საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა და ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება. რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს.

დებულებით განსაზღვრული რეგულაციები ერთდროულად გახდება სავალდებულო, როგორც კომერციული ბანკებისათვის, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის, საკრედიტო კავშირებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის.

ეროვნულმა ბანკმა გაითვალისწინა სესხის გამცემი ორგანიზაციების თხოვნა და მიზანშეწონილად მიიჩნია, კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მიეცეთ დამატებითი დრო თავიანთი სისტემების და პოლიტიკა/პროცედურების დებულების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. აღსანიშნავია, რომ დებულების მთავარი პრინციპები კვლავაც უცვლელი რჩება. მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმების აუცილებლობა, რაც დოკუმენტის საფუძველს წარმოადგენს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება. რეგულირების მიხედვით, სესხის გამცემებს პასუხისმგებლობა ექნებათ, შეამოწმონ მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა და არ დააკისრონ მას ვალდებულების მომსახურების შესაძლებელზე მეტი ტვირთი (სესხი, თავდებობა).

დებულების პროექტზე მუშაობა მიმდინარე წლის ივლისიდან ღია რეჟიმში მიმდინარეობდა: პროექტი გამოქვეყნდა ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე, აქტიური კომუნიკაცია წარიმართა დაინტერესებულ მხარეებთან და მათი ჩართულობით არაერთი შეხვედრა გაიმართა. დოკუმენტის განახლებული ვერსია საფინანსო ორგანიზაციებს გასაცნობად წარედგინათ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *