„ფოლადის სახლის“ განვითარების გზა და მასშტაბური პროექტები „თიბისის“ მხარდაჭერით

„ფოლადის სახლის“ განვითარების გზა და მასშტაბური პროექტები „თიბისის“ მხარდაჭერით

სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია „ფოლადის სახლი“ 20 წელია, საქართველოში ლითონის პროდუქციის რეალიზატორებს შორის წარმატებით პოზიციონირებს. კომპანიამ 2021 წელს საწარმოო ხაზიც განავითარა. წინ კიდევ ბევრი გეგმაა – „ფოლადის სახლი“ სამშენებლო სექტორის ზრდის პარალელურად, გაფართოებას ისახავს მიზნად. Forbes Georgia კომპანიის დამფუძნებელსა და დირექტორს, ზეზვა სალთხუციშვილს ესაუბრა.

ბატონო ზეზვა, „ფოლადის სახლის“ ბოლო ერთი წლის შედეგების შეჯამებით დავიწყოთ, როგორი იყო კომპანიის წინსვლა პანდემიის მიუხედავად?

პანდემიის მიუხედავად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანია საგრძნობლად გაფართოვდა. მომხმარებლების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას – შეშელიძის #7-ში ახალი ფილიალი გავხსენით. აქ კლიენტებს ვთავაზობთ როგორც სამშენებლო, ასევე სარემონტო მასალებს. რაც შეეხება საწარმოო მიმართულებას, ამ მხრივაც პროგრესია. საწარმოო ხაზში დავამატეთ ევროპული მაღალტექნოლოგიური დანადგარები. ვაპირებთ საქართველოში ლითონის პროდუქციის მწარმოებელი ქარხნის გახსნას, სადაც დამატებით 50-მდე ადამიანს დავასაქმებთ. ქარხნის აშენებას იმ მიწაზე ვაპირებთ, რომელიც სახელმწიფომ გადმოგვცა. ამასთანავე, აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულების განვითარებაზე.

„ფოლადის სახლის“ სამშენებლო მასალებით არაერთი მასშტაბური პროექტია განხორციელებული, მათ შორის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა, ვაკის პარკის რეაბილიტაცია და სხვა. ამჟამად რა პროექტებზე ხართ კონცენტრირებული?

აღსანიშნავია, რომ „ფოლადის სახლი“ აქტიურადაა ჩართული ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ, ინდუსტრიულ, ჰიდროტექნიკურ პროექტებში. წარმატებით ვთანამშრომლობთ საცხოვრებელი და სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობებზე მომუშავე სამშენებლო კომპანიებთან.

კომპანიის დაფუძნებისთანავე, მიზნად დავისახეთ რთული და კომპლექსური პროექტების ფარგლებში წამყვანი სამშენებლო კომპანიების მხარდაჭერა. დღეს ეს მიზანი რეალობადაა ქცეული: ჩვენს კომპანიას შეუძლია ნებისმიერი მასშტაბის პროექტის უზრუნველყოფა სამშენებლო და სარემონტო მასალებით.  ამ ყველაფერს წლების მანძილზე თავდაუზოგავი შრომის შედეგად მივაღწიეთ.

მასშტაბური გეგმების განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ფინანსური რესურსები, ინვესტიციებისა და დაფინანსებების მოზიდვა. ვინ არის თქვენი მყარი გარანტორი?

გეგმები ნამდვილად მასშტაბური გვაქვს. წლების მანძილზე, კომპანიისთვის გარდამტეხ პერიოდში,  „ფოლადის სახლის“ მკვეთრი ზრდა და განვითარება „თიბისის“ თანადგომამ განაპირობა, რამაც თავისთავად აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტი ჩვენს ურყევ პარტნიორად აქცია. „თიბისისა“ და ჩვენი თანამშრომლობა ათ წელიწადზე მეტს ითვლის. კომპანიისთვის ყველა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში „თიბისის“, როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ამ პროექტებს შორისაა ჩვენი საამაყო პროდუქციის – არმატურის ბადის წარმოება. „თიბისისთან“ თანამშრომლობა გაბედული ნაბიჯების გადადგმასა და განვითარებაში გვიწყობს ხელს. ასევე, ბევრი წელია, აქტიურად ვთანამშრომლობთ „თიბისი ლიზინგთან“.

ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებზეც რომ ვისაუბროთ, თქვენი დაკვირვებით, რა სახის სამშენებლო პროდუქციაზე იზრდება მოთხოვნა?

მშენებლობის პროცესში უამრავი ტიპის მასალაა საჭირო, რომელზეც მოთხოვნა სამშენებლო სექტორის პარალელურად იზრდება. შესაბამისად, აღნიშნულმა ყველა იმ პროდუქციაზე მოცულობის ზრდა განაპირობა, რომელთაც წლებია, სამშენებლო სექტორს ვთავაზობთ და რამაც ამავდროულად ჩვენს კომპანიაში ახალი მიმართულებებიც გააჩინა. ესენია: საკარკასე მასალა და ინვენტარი; ჰიდრო- და თბოსაიზოლაციო მასალა და სენდვიჩ-პანელი.

რა არის თქვენი კომპანიის კონკურენტული უპირატესობა? რატომ უნდა შეიძინოს მომხმარებელმა თქვენი პროდუქცია?

ჩვენი კონკურენტული უპირატესობებია: მრავალფეროვანი პროდუქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ყველაფერი ერთ სივრცეში შეიძინოს; სარეალიზაციო მასალის ხარისხისა და მომხმარებლისთვის მისაწოდებელი საქონლის რაოდენობის მუდმივი კონტროლი, რაც სტაბილურ ხარისხსა და მომხმარებელთან გრძელვადიან ურთიერთობას განაპირობებს; კონკურენტუნარიანი ფასები; მუდმივი შეთავაზებები; თითოეული მომხმარებლის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა სტაბილური და გრძელვადიანი ბიზნესურთიერთობების  ჩამოყალიბების მიზნით.

აქვე აღვნიშნავ, რომ ყველა ამ უპირატესობას გუნდის თავდაუზოგავი  შრომით მივაღწიეთ. ჩვენს წარმატებას თანამშრომლების სწორი ფასეულობები და საქმისადმი მათი მიდგომა განაპირობებს. წლების წინ, კომპანიის ისტორია სამი ადამიანით დავიწყეთ, ამჟამად კი „ფოლადის სახლი“ 230 პროფესიონალს აერთიანებს. ვფიქრობ, დღეს თამამად შეგვიძლია, ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად დავასახელოთ ერთი იდეის ქვეშ გაერთიანებული გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება ბიზნესში.

სამშენებლო მასალების ძირითადად იმპორტი ხორციელდება. რა არის ამის მიზეზი? არასაკმარისი წარმოება თუ ნაკლებად კონკურენტული ფასი ადგილობრივად წარმოებულ მასალებზე?

იმპორტის ძირითადი ნაწილი ბაზარზე ამ პროდუქციის საწარმოს არარსებობითაა განპირობებული, სწორედ ამიტომ „ფოლადის სახლი“, განვითარების ფარგლებში, სამშენებლო და სარემონტო მასალების ადგილობრივ წარმოებაზეა ორიენტირებული  და ამ მიმართულებით ბევრი გეგმა გვაქვს.

ჩვენ საფუძვლიანად ვემზადებით რკინის სამშენებლო მასალების წარმოებაში ახალი სიტყვის სათქმელად იმისთვის, რომ ღირსეული კონკურენცია გავუწიოთ იმპორტირებული მასალის ხარისხს.

სამშენებლო მასალები მსოფლიო ბაზარზე გაძვირდა. რა გავლენა აქვს ფასებზე არასტაბილურ ლარს?

ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა და ფასების ხშირი ცვლა გარკვეულწილად გავლენას ახდენს საფასო პოლიტიკაზე. თუმცა ჩვენი გუნდი მუდმივად ცდილობს ბაზარზე კონკურენტუნარიანი შეთავაზებებით  პოზიციონირებას.

სამომავლო გეგმებზეც რომ მოგვიყვეთ – რას ისახავთ მიზნად მიმდინარე წლის ბოლომდე?

ჩვენი მიზანია, მთელი საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელს სხვადასხვა მიმართულებით, მაღალი ხარისხის, მათ შორის ადგილობრივი წარმოების პროდუქცია შევთავაზოთ; განვავითაროთ ჩვენი წარმოება და კიდევ უფრო გავამყაროთ ჩვენი საქმიანობის მთავარი მესიჯი – „ფოლადის სახლი – მყარი მშენებლობისთვის“.

 

ფოტო: სერაფიმე ძნელაძე

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *