პირველადი  ჯანდაცვის ლიდერი — ინტერვიუ გიორგი გორდაძესთან

პირველადი  ჯანდაცვის ლიდერი — ინტერვიუ გიორგი გორდაძესთან

საქართველოში კლინიკების ყველაზე ფართო ქსელმა 2022 წელი დამატებით ორი პოლიკლინიკის გახსნით დაასრულა. „ევექსი კლინიკები“, რომელიც ჯამში 3000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და 33 კლინიკას მართავს, პირველად ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის უფრო მეტად გაზრდას გეგმავს. Forbes Georgia-მ კომპანიის შედეგები და გეგმები გენერალურ დირექტორ გიორგი გორდაძესთან ერთად მიმოიხილა.

ბატონო გიორგი, როგორი იყო 2022 წელი „ევექსი კლინიკებისთვის“?

2022-ში ახალი და განსხვავებული გამოწვევები გამოვცადეთ, ვინაიდან პოსტკოვიდური პერიოდი არანაკლებ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ჯანდაცვის სექტორს კიდევ ერთხელ გადაწყობა დასჭირდა, რაც საკმაოდ შრომატევადი გამოდგა. ასევე სწორედ ამ პერიოდში ნათლად დავინახეთ და ვიგრძენით პერსონალის გადაღლილობა. ჯანმრთელობაზე ზრუნვით საზოგადოებაც გადაღლილი იყო. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველაფერი თავის კალაპოტში მოექცა და, საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პანდემიამდე იყო.

პანდემიამ ნათელი მესიჯი დატოვა როგორც საზოგადოებაში, ასევე სექტორშიც, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მხოლოდ სექტორის საქმე არაა, ეს თავად საზოგადოების საქმეცაა. ნათლად გამოჩნდა ისიც, რომ სერვისებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია. ამაში იგულისხმება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც, რაც ჩვენ სტრატეგიაშიც გვიდევს. გაფართოება, უფრო მეტი სერვისის შეთავაზება და უფრო მეტ ლოკაციაზე წარმომადგენლობა ჩვენი სტრატეგიის ნაწილია. პანდემიის დროს გეოგრაფიული გაფართოების კუთხით გაჩერებული ვიყავით, რაც ბუნებრივი იყო, თუმცა უკვე 2022-ში ამ გეგმებს დავუბრუნდით და თბილისში ორი ახალი კლინიკაც გავხსენით.

რა პრინციპით არჩევთ ლოკაციას, როცა დამატებითი კლინიკის გახსნის გადაწყვეტილებას იღებთ?

ლოკაციის შერჩევის დროს რამდენიმე ფაქტორით ვხელმძღვანელობთ. პირველი ფაქტორი ბიზნესანალიტიკას უკავშირდება – ვაკვირდებით, თუ რომელ სერვისებსა და რომელ ტერიტორიებზეა მოთხოვნა. მეორე – ჩვენ საკმაოდ დიდი რაოდენობის ბენეფიციარი გვყავს და ვიცით მათი საცხოვრებელი უბნები, და მესამეა – მომხმარებლის უკუკავშირი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, გამოვიკვლიოთ მათი სურვილები. ამ სამი ფაქტორის კომბინაციით ვიღებთ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ სად შეიძლება გაიხსნას ახალი პოლიკლინიკა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით გავხსენით კლინიკები გურამიშვილის გამზირზე და ვაზისუბანში.

„ევექსი კლინიკები“ კლინიკების ყველაზე ფართო ქსელია საქართველოში, ჯამში რამდენ ბენეფიციარს ემსახურებით? როგორია თქვენი მთავარი რიცხვები?

საქართველოს მასშტაბით 600 000-ზე მეტ სახელმწიფო დაზღვევის მქონე ბენეფიციარს ვემსახურებით, მაგრამ ჩვენი მომხმარებლები მხოლოდ ისინი არ არიან. კერძო დაზღვევის მქონე პაციენტებსაც ვემსახურებით, მხოლოდ წელს ჩვენი სერვისებით, კერძო დაზღვევის ფარგლებში, დაახლოებით 50 000-მა პაციენტმა ისარგებლა. აღსანიშნავია, რომ ჩვენ 15-მდე კერძო სადაზღვევო კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. რაც შეეხება გაწეული სერვისის რაოდენობას, მხოლოდ საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში ჩვენს კლინიკებში 2 მლნ-ზე მეტი ვიზიტი შედგა, რა დროსაც ბენეფიციარებს 3 მლნ-ზე მეტი სერვისი მივაწოდეთ.

სამწუხაროდ, საქართველოში მოსახლეობის ცნობიერება ამ კუთხით ჯერ კიდევ დაბალია, ამიტომ საინტერესოა, ამ რიცხვებში რა წილი უკავია პროფილაქტიკურ კვლევებს? თქვენი დაკვირვებით, რამდენად შესამჩნევად იცვლება ვითარება და რა შეცვალა პანდემიამ ამ კუთხით?

ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია, გარდამტეხი ცვლილება ამ კუთხით 1-2 წელიწადში ვერ მოხერხდება. ეს ბევრ პარამეტრზეა მიბმული, მათ შორის დაფინანსების მექანიზმებზე, ხელმისაწვდომობაზე… თუმცა „ევექსი კლინიკების“ მონაცემებით, ტენდენცია აჩვენებს, რომ წელს დაახლოებით იმდენივე სერვისის მიწოდება განხორციელდა, რამდენიც პანდემიისას იყო ჯამურად. ეს კი ნათლად აჩვენებს, რომ აქტიურობა გაზრდილია. გაიზარდა გეგმური ვიზიტები, რაც ერთ-ერთი ინდიკატორია იმისა, რომ პრევენციამ წინა პლანზე უფრო მეტად წამოიწია.

რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას თავად სექტორის მხრიდან ამ კუთხით ცნობიერების ასამაღლებლად?

ჩვენ არაერთ მარკეტინგულ და საინფორმაციო კამპანიას ვაწარმოებთ. ბევრმა ბენეფიციარმა შეიძლება არც იცოდეს სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რა შეღავათებით სარგებლობა შეუძლიათ და ა.შ. ამჟამად, მაგალითად, სოციალურ მედიაში გვაქვს კამპანია – „გეკუთვნის“. მომხმარებლებს მათთვის გასაგებ ენაზე ვუხსნით, რა შესაძლებლობები აქვთ. ჩვენი მისია და ვალდებულებაცაა, რომ ინფორმაცია მომხმარებლამდე მივიტანოთ.

გარდა ამისა, ვზრდით გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას. ეს კი ბუნებრივად ხელს უწყობს სერვისის მიღების გამარტივებას. დღეს დრო ძალიან ფასობს, ამიტომ სამედიცინო სერვისების მიღება მაქსიმალურად მარტივი უნდა იყოს და ამასთან – ყველგან ხელმისაწვდომი. ეს არ არის მხოლოდ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, აქ იგულისხმება ერთ ადგილას მაქსიმალურად ბევრი სერვისის უზრუნველყოფაც.

დაბოლოს, მნიშვნელოვანია ფინანსური ხელმისაწვდომობაც და ამ კუთხითაც არაერთი პროექტი გვაქვს. ვზრუნავთ იმაზე, რომ გაიზარდოს ფინანსური ხელმისაწვდომობა იმ სერვისებზე, რაც სახელმწიფო დაზღვევით არ იფარება. შედეგად, მაგალითად, მიმდინარე წელს საბაზრო ფასთან მიმართებით ჩვენმა ბენეფიციარებმა მხოლოდ პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო სერვისებში დაახლოებით 50 მილიონი ლარით ნაკლები გადაიხადეს. დამეთანხმებით ალბათ, რომ ეს მნიშვნელოვანი დანაზოგია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს ყველაფერი საერთო ჯამში ხელს უწყობს იმას, რომ მომხმარებელმა შეცვალოს ქცევა და პრევენციას უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს.

გამომდინარე იქიდან, რომ „ევექსი კლინიკები“ ამბულატორიულ მომსახურებას უწევს მომხმარებელს, რომელ სერვისებზეა ძირითადი მოთხოვნა? სად გიდგათ უფრო მეტად რიგები?

დიდი რიგები არ გვინდა, გვქონდეს, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელი ჩვენგან კარგი გამოცდილებით წავიდეს, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს იმასაც, რომ მომხმარებელს არ დაეზაროს და კლინიკას პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნითაც ეწვიოს.

რაც შეეხება ყველაზე პოპულარულ სერვისებს, ბუნებრივია, ყველაზე მეტი ვიზიტი და მიმართვიანობა ოჯახის ექიმთან გვაქვს. მას მოჰყვება დიაგნოსტიკური სერვისები – ექოსკოპიური თუ ლაბორატორიული კვლევები. შემდეგ კი უკვე გავრცელებული დაავადებების მიხედვით არის მოთხოვნა, მათ შორის რაოდენობრივად დიდი მოთხოვნა ენდოკრინოლოგიური, კარდიოლოგიური, ნევროლოგიური და ა.შ. პროფილის სამედიცინო სერვისებზე მოდის.

სამედიცინო სექტორი კადრების დეფიციტს ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მწვავედ განიცდის. რა ვითარებაა ამ კუთხით „ევექსი კლინიკებში“?

გამომდინარე იქიდან, რომ წლიდან წლამდე სერვისებისა და პოლიკლინიკების რაოდენობას ვზრდით, მუდმივად ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ წინმსწრებად დავიკავოთ თადარიგი და კადრები დაგეგმილ რეჟიმში მოვიზიდოთ. აღსანიშნავია, რომ რეგიონებში კადრების დეფიციტი უფრო დიდი გამოწვევაა, ვიდრე თბილისში. ექიმებზე მეტად პრობლემური საექთნო მიმართულებით კადრების მოძიებაა, ვინაიდან ქვეყნიდან ამ კუთხით დიდი გადინებაა. პოსტკოვიდურ პერიოდში ეს ტენდენცია გაიზარდა, ვინაიდან სამედიცინო პერსონალზე გლობალურად გაზრდილია მოთხოვნა. მოგეხსენებათ, ჯანდაცვა სოციალური მნიშვნელობის, სახელმწიფოს მიერ რეგულირებული დარგია, შესაბამისად, ინფლაციის ტვირთის 100%-ით ფასებზე ასახვა გამორიცხულია. შესამამისად, ყოველთვის გვიწევს ოქროს შუალედის და ბალანსის პოვნა – ერთი მხრივ, თანამშრომლებს ჰქონდეთ ღირსეული და დამსახურებული ანაზღაურება, ხოლო მეორე მხრივ, ჯანდაცვის სერვისებზე ფასები ისე არ გაიზარდოს, რომ საბოლოო ჯამში, ჯანდაცვაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობაზე უარყოფითად იმოქმედოს. ვფიქრობ, ამ გამოწვევებს მეტ-ნაკლებად ვართმევთ თავს. ადგილობრივი ბაზრის კონკურენტუნარიანი ანაზღაურების სისტემები გვაქვს, რომლებიც ნაწილობრივ კადრების სხვა დაწესებულებებში გადინების პრევენციას უზრუნველყოფს.

თუმცა, ბოლო პერიოდის ტენდენციებიდან გამომდინარე, კადრების უცხოეთში გადინებასთან გამკლავებაში, რაც სრულიად სექტორის დიდი გამოწვევაა, ფაქტობრივად უძლური ვართ. ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა „ევექსი კლინიკებისთვისაც”.

რაც შეეხება 1 იანვრიდან ექიმებისა და ექთნებისთვის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული მინიმალური ანაზღაურების ვალდებულებას, რა გავლენას მოახდენს ეს შრომის ბაზარზე? ეს გადაწყვეტილება სექტორისთვის დარტყმა იქნება?

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, სამედიცინო პერსონალს ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეს, ამიტომ მივესალმებით ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მიმართული იქნება არსებული სტატუსის გაუმჯობესებისკენ. ეს ცვლილება ამ ეტაპზე ეხება მხოლოდ ჰოსპიტალურ სერვისებში ჩართულ პერსონალს და არა ზოგადად ექიმს და ექთანს.

მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილება DRG-ის (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსება) ამოქმედების შემდგომ შედის ძალაში, რამაც, წესით, სექტორში დამატებითი ფინანსური რესურსი უნდა გააჩინოს.

ვინაიდან სულ ახალ ცვლილებებზე გვიწევს საუბარი, ვფიქრობ, ჯერჯერობით უნდა დაველოდოთ პირველად შედეგებს. ვნახოთ არსებული დაფინანსების მოდელის ცვლილება ჯამურად რამდენად გაუმკლავდება დარგში დაგროვილი ფინანსური პრობლემების მოგვარებას, მათ შორის სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურების გაუმჯობესებას.

ზოგადად, კლინიკების დაფინანსების DRG-ის მეთოდის შემოღება რას მოუტანს სექტორს? ხომ არ შექმნის ეს ხარისხის შემცირების რისკებს?

ბუნებრივია, რომ ახალი სისტემის დანერგვას ყოველთვის გარკვეული რისკები ახლავს და ეს ნორმალურია. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებების დანერგვის თანმხლები პროცესი იყოს დანაკარგების, შეუსაბამობების გამოვლენა და მათი აღმოფხვრა. ეს არის დიდი სისტემური ცვლილება, რომელიც მთელ სექტორზე ახდენს გავლენას. მცირე ზომის კლინიკების დაფინანსებასთან დაკავშირებით შესაძლოა, გამოვლინდეს გარკვეული დამატებითი სისტემური გაუმჯობესების საჭიროებები. მოგეხსენებათ, ცვლილება ნოემბრიდან ამოქმედდა და ჯერ ნაადრევია საბოლოო შედეგებზე საუბარი, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია კერძო სექტორსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის, რომელიც მიმართულია შეფერხებების/უზუსტობების გამოვლენასა და გასწორებაზე.

შეჯამებისთვის, თქვენი აზრით, რა სჭირდება პირველადი ჯანდაცვის სექტორს საქართველოში, რომელიც ერთ­-ერთ სუსტ რგოლად მიიჩნევა მთლიან სისტემაში?

პირველად ჯანდაცვაში რეფორმების რამდენიმე ტალღა ჩატარდა, შემდეგ პანდემიამ ამ პროცესის შეფერხება გამოიწვია, თუმცა ახლა განვითარების შემდეგ ეტაპზე ვმუშაობთ. ერთი თვის წინ იყო ბოლო შეხვედრა, რომელშიც სექტორი, სახელმწიფო და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მონაწილეობდნენ, რომლის თემაც პირველადი ჯანდაცვის სექტორში რეფორმის შემდეგი ეტაპის ჩაშვება იყო. ვფიქრობ, უკიდურესად მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის განვითარების მიმართულებით სწრაფად მოძრაობა, ვინაიდან, საქართველო დსთ-ის ქვეყნებს რომ შევადარებთ, სამწუხაროდ, სახელმწიფო დაფინანსების პირველად ჯანდაცვაზე წილობრივად გადანაწილების კუთხით ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს. არადა, მცირე ფინანსური რესურსის შემთხვევაში, გამორიცხულია, რომ განვითარებული და ხარისხზე ორიენტირებული პჯდ გვქონდეს, თუმცა, მეორე მხრივ, შეიძლება გაზარდო დაფინანსება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გარანტირებულად მიიღო ხარისხის გაუმჯობესება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს ორი ფაქტორი ერთმანეთს ავსებდეს. ერთი მხრივ, უნდა გაიზარდოს პირველადი ჯანდაცვის დაფინანსება, მეორე მხრივ კი სახელმწიფოს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ინდიკატორები დააწესოს, რითაც მისაღებ ხარისხს განსაზღვრავს. ასეთი სისტემაა P4P, (Pay for Performance), ანუ შედეგებიდან გამომდინარე დაფინანსება. ეს გაზრდის მოტივაციას პროვაიდერების მხრიდან, რომ იზრუნონ ხარისხის გაზრდაზე. თუ პირველად ჯანდაცვაში სწორად მოხდა თანხების ალოცირება, პროვაიდერებმა ეფექტიანად მართეს რესურსი და ხარისხიანი მიწოდება უზრუნველყვეს, მთლიანად ჯანდაცვაში სახელმწიფო ხარჯები შემცირდება, ვინაიდან დაავადებების მკურნალობა და პრობლემის აღმოფხვრა პირველივე ეტაპზე მოხდება.

„ევექსი კლინიკები“ რა ნაბიჯებს დგამს ხარისხის გაუმჯობესებისთვის?

მნიშვნელოვანია, რომ ხარისხის გაუმჯობესებას არ შევხედოთ როგორც სტანდარტულ პროექტს, რომელიც იწყება და სრულდება. ეს არის პროცესი, რომელიც იწყება და არასდროს სრულდება. ეს მნიშვნელოვალწილად არის კორპორაციული კულტურის ნაწილი და ჩვენ ვცდილობთ, წლიდან-წლამდე ხარისხის გაუმჯობესება ვაქციოთ „ევექსი კლინიკების” ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენ ღერძად, რომელზეც ზოგადად ორგანიზაციის განვითარება დგას.

ხარისხის გაუმჯობესებას ჩვენ არაერთი ნაბიჯით ვცდილობთ. იქნება ეს სამედიცინო პერსონალის უწყვეტი სამედიცინო განთლება თუ პროტოკოლების დანერგვა. მუდმივად ვატარებთ ტრენინგებს. ეს ეხება ყველა რგოლს, იქნება ეს ექთანი, ექიმი, ადმინისტრატორი თუ დირექტორი. ყველაზე კარგი ხარისხის გაუჯობესების სისტემა არის ყველა თანაშრომლის ამ პროცესში ჩართვა. თანამშრომლებმა ყველაზე კარგად იციან, მათ პროცესში რა არის დანაკარგი და რისი გაუმჯობესებაა შესაძლებელი. ყველას მიერ ერთი შეხედვით უმნიშვნელო გაუმჯობესებაც კი საოცრად დიდ ჯამურ შედეგს იძლევა. საკმაოდ კარგად გვაქვს აწყობილი რეპორტინგის სისტემა, რომლითაც ვაფასებთ და ვაკვირდებით, რა შედეგები გვაქვს და სად არის ვითარება გასაუმჯობესებელი.

დაბოლოს, რა გეგმებით ხვდებით 2023 წელს?

კვლავ ვაგრძელებთ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდას და ვაპირებთ ახალ ლოკაციებზე ჩვენი სამედიცინო სერვისის უზრუნველყოფას. იქამდე გავაგრძელებთ პოლიკლინიკების რაოდენობის ზრდას, სანამ მომხმარებელს ჩვენი სერვისების საჭიროება ექნება. გარდა ამისა, ტექნოლოგიებზე გვექნება აქცენტი. ჯანდაცვა ტექნოლოგიური დარგია და ამ მიმართულებით ვაპირებთ განვითარებას, ეს კი გაციფრულებას, დისტანციური არხების გამართვას და ტელემედიცინას მოიცავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *