პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, უკრაინას ფარულად მისცა უფლება რუსეთის ტერიტორიაზე, ხარკოვის მახლობლად, დარტყმებისთვის აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი გამოიყენოს. ინფორმაციას ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით Politico ავრცელებს.
„ახლახან, პრეზიდენტმა ბაიდენმა მოუწოდა მის გუნდს, უზრუნველყოს, რომ უკრაინამ შეძლოს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი ხარკოვის რეგიონში საპასუხო დარტყმებისთვის გამოყენება. ეს უკრაინას საშუალებას მისცემს იერიში მიიტანოს რუსულ ძალებზე, რომლებიც მათზე შეტევის მისატანად ემზადებიან“, – განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა Politico-სთან.
იმავე წყაროს ინფორმაციითვე, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენების თხოვნით აშშ-ს მას შემდეგ მიმართა, რაც რუსეთმა ხარკოვზე, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქზე, შეტევა დაიწყო. შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავადაც, უკრაინას კვლავ არ აქვს უფლება, ამერიკული იარაღი შორ დისტანციებზე თავდასხმისთვის გამოიყენოს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ნატოს წევრ სახელმწიფოებს, რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე თავდასხმისთვის, იარაღის გამოყენების აკრძალვის შემსუბუქებისკენ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა. სტოლტენბერგის მტკიცებით, შეზღუდვების შემსუბუქების გარეშე უკრაინა განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში ახლა, ხარკოვზე თავდასხმებისას აღმოჩნდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, იარაღის გამოყენების მომხრეებს შორის არიან საფრანგეთი და უკვე გერმანიაც.