პოლონეთის გემთმშენებელი ინდუსტრიის წარმომადგენლები უკრაინული სავაჭრო ფლოტის აღსადგენად უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამენ. აღნიშნულის შესახებ უკრაინულ მედია-გამოცემა Ukrinform-ს პოლონური გემთმშენებელი კომპანია Crist-ის ხელმძღვანელმა განუცხადა.
„პოლონეთის გემთმშენებლობის ინდუსტრია პოლონურ-უკრაინული მუდმივი სამუშაო ჯგუფის შექმნას გეგმავს. ჯგუფის ფარგლებში უკრაინისათვის გემების აგების, სავაჭრო ფლოტის აღდგენისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილება“ – განაცხადა ტადეუშ კოპოვსკიმ.
მან დამატებით აღნიშნა, რომ პოლონური მხარე მზადაა უკრაინელ სტუდენტებს გდანსკის პოლიტექნიკური სასწავლებლის გემთმშენებლობის განყოფილებაში უფასო ტრენინგები ჩაუტაროს. იმავე სერვისის მიღების შესაძლებლობა უკრაინელ სტუდენტებს გდინიაში საზღვაო აკადემიის ნავიგაციის განყოფილებაში ექნებათ. აღნიშნულის მიზანი კი სამომავლოდ უკრაინული სავაჭრო ფლოტისათვის ადგილობრივი კაპიტნებისა და ინჟინრების მომზადებაა.
Crist-ის ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინისა და პოლონეთის სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, სავაჭრო ფლოტის აღდგენის დაფინანსების ნაწილში საკუთარი წვლილი შესაძლოა ამერიკულმა მხარემაც შეიტანოს. მისი განმარტებით, პოლონელები მზად არიან უკრაინული გემთმშენებელი კომპანიების აუდიტი ჩაატარონ და მათ ტექნიკური პოტენციალის აღდგენაში დაეხმარონ.
პოლონეთის გემთმშენებელი ინდუსტრიის წარმომადგენლის ინფორმაციით, თანამშრომლობა შესაძლოა საბუქსირე და მცირე ზომის გემების მშენებლობით დაიწყოს.