გასული კვირის მნიშვნელოვანი კრიპტოსიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი კრიპტოსიახლეები

გასული კვირა კრიპტოინდუსტრიის რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით გამოირჩეოდა. ბიტკოინების მაინინგის კომპანია Bitzero $500-მილიონიან სათავო ოფისს აშენებს; Farfetch-ი კრიპტოვალუტებს გადახდის მეთოდად მიიღებს; Binance-მა $500-მილიონიანი ფონდი შექმნა, რომელიც ინვესტირებას Web3-ში გააკეთებს; რუსეთი ქმნის ბლოკჩეინის სისტემას, რომელიც ქვეყანას Swift-ის ჩანაცვლებაში დაეხმარება;  ესპანური ავიაკომპანია Vueling-ი საშუალებას მისცემს მომხმარებლებს, ფრენის საფასური კრიპტოვალუტებით გადაიხადონ; Microstrategy-მ დაახლოებით $1 მილიარდი დაკარგა ბიტკოინის ინვესტიციისას. ამ და სხვა სიახლეებს ჩვენს ყოველკვირეულ კრიპტობლოგში მოვუყარეთ თავი.

ბიტკოინების მაინინგის კომპანია Bitzero $500-მილიონიან სათავო ოფისს აშენებს

Bitzero Blockchain Inc. არის კრიპტომაინინგის კომპანია, რომელიც ჩრდილოეთ დაკოტას თავისი ოპერაციების მთავარ ადგილმდებარეობად აქცევს. კომპანიამ ამ გეგმების შესახებ  შტატის გუბერნატორთან შეხვედრისას განაცხადა, რომელსაც სხვა ცნობილი პირებიც ესწრებოდნენ, როგორიც არის, მაგალითად, კევინ ო’ლირი – კანადელი მეწარმე, ავტორი და ტელეწამყვანი.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, სათავო ოფისის აშენებასა და მოწყობაში $400-500 მილიონამდე დაიხარჯება.

ჯერჯერობით კომპანიამ გარე ინვესტორებისაგან $100 მილიონი მოიზიდა და დანარჩენის მობილიზებისთვის შემდეგი ორი თვის განმავლობაში IPO-ს დაანონსებას გეგმავს.

კომპანიის მაინინგის ოპერაციის ზუსტი ლოკაცია უცნობია, თუმცა, გენერალური დირექტორის თქმით, დიდი ალბათობით ის ბისმარკში (აშშ) განთავსდება.

Farfetch-ი კრიპტოვალუტებს გადახდის მეთოდად მიიღებს

მდიდრული სეგმენტის ბრენდი Farfetch-ი, მომხმარებლებისგან ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების მიღებას დაიწყებს. ასეთი დიდი კომპანიის ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება სხვა ბრენდებისთვის მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად.

Farfetch-ი მიიღებს ბიტკოინს, ეთერიუმსა და ბაინანს კოინს. Farfetch-ის გენერალურმა დირექტორმა და დამფუძნებელმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტით გადახდის გზის დამატება, ტესტირებისთვის და კრიპტოაქტივების შესწავლისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნებოდა. Farfetch-ი ითანამშრომლებს გერმანულ კომპანია   – Lunu-სთან, რომელიც ტრანზაქციების გაკეთების პროცესს გაადვილებს.

ექსპერტთა შეფასებით, დროთა განმავლობაში, სულ უფრო მეტი მდიდრული სეგმენტის ბრენდი დაიწყებს კრიპტოვალუტების ათვისებას ახალგაზრდა მომხმარებლების მოსაზიდად. მსგავსი გეგმები ცოტა ხნის წინ Balenciaga-მ და Gucci-მაც დააანონსეს.

Binance-მა $500-მილიონიანი ფონდი შექმნა, რომელიც ინვესტირებას Web3-ში გააკეთებს

Binance-ი, მსოფლიოში ყველაზე დიდი კრიპტოვალუტების ბირჟა, ვენჩურული კაპიტალის ფონდს ქმნის.  ფონდი საწყისი კაპიტალის გამოყენებას ისეთი კომპანიების დასაფინანსებლად გეგმავს, რომლებიც Web3-ის მშენებლობაში მონაწილეობენ. Web3-ის მიზანია, შეიქმნას დეცენტრირებული ინტერნეტსივრცე, რომელიც ბლოკჩეინს გამოიყენებს.

Binance-ი ცდილობს, კრიპტოვალუტების ბაზრის ვარდნით ისარგებლოს და ინვესტირება მოახდინოს ამ სფეროს როგორც სტარტაპ-კომპანიებში, ასევე დიდ ბიზნესებშიც. კომპანიის განცხადებით, ამჟამად ბაზარზე დაახლოებით 300,000-დან – 500,000-მდე Web3-ის დეველოპერი ოპერირებს, რომელთა რიცხვი მხოლოდ მზარდია.

რუსეთი ქმნის ბლოკჩეინის სისტემას, რომელიც ქვეყანას Swift-ის ჩანაცვლებაში დაეხმარება

რუსეთის სახელმწიფო კომპანია Rostec Group-ი აერთიანებს რამდენიმე ტექნოლოგიურ კომპანიას, რომელთა საშუალებითაც რუსეთმა ბლოკჩეინის გამოყენებით ციფრული სისტემის შექმნა შეძლო. სისტემა საერთაშორისო ტრანზაქციების გაკეთებას შესაძლებელს გახდის და Swift-ის ჩანაცვლებას შეეცდება.

უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, დასავლური ქვეყნების მხრიდან რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შედეგად, ზოგიერთ რუსულ ბანკს აღარ შეუძლია Swift-ის სისტემით სარგებლობა. შესაბამისად, რუსეთი Swift-ის სისტემის ჩანაცვლებას ცდილობს, რომ სხვა ქვეყნებთან ფულადი ტრანზაქციები ისევ შესაძლებელი გახდეს.

ახალი ციფრული სისტემა რუსეთს იმპორტირებულ საქონელში რუბლით ანგარიშსწორების შესაძლებლობას მისცემს, რაც აქამდე მხოლოდ დოლარით იყო შესაძლებელი. Rostec Group-ის განცხადებით, სხვა ქვეყნებიც შეძლებენ ანგარიშსწორებას თავიანთი ქვეყნის ვალუტების გამოყენებით.

ესპანური ავიაკომპანია Vueling-ი მომხმარებელს ფრენის საფასურის კრიპტოვალუტებით გადახდის შესაძლებლობას მისცემს

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავიაკომპანია ესპანეთში, Vueling-ი, BitPay-სთან ითანამშრომლებს, რომ მომხმარებლისთვის ბილეთების საფასურის გადახდა კრიპტოვალუტებით შესაძლებელი გახადოს.

საწყისად კომპანია 13 კრიპტოვალუტას გამოცდის, ეს არჩევანი უმეტესწილად გაკეთდება საბაზრო კაპიტალიზაციიდან გამომდინარე. ყველაზე დიდი კრიპტოვალუტები, როგორიც არის ბიტკოინი, ეთერიუმი, ბიტკოინ ქეში და ბევრი სხვა შევა ამ სიაში. ცვლილება დაგეგმილია 2023 წლის იანვრისთვის და თუკი Vueling-მა ეს ნაბიჯი გადადგა, კომპანია გახდება პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც გადახდის საშუალებად კრიპტოვალუტების გამოყენებას დაიწყებს.

Vueling-ის დისტრიბუციის მენეჯერის განცხადებით, ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გაამყარებს კომპანიის „ციფრული ავიაკომპანიის” იმიჯს.

Microstrategy-მ ბიტკოინში ინვესტიციისას დაახლოებით $1 მილიარდი დაკარგა

2022 წლის მარტში, Microstrategy-მ $205-მილიონიანი სესხი აიღო ბიტკოინის შესაძენად, რამაც ჯამში მის მიერ ბიტკოინში ინვესტირებული რაოდენობა $4 მილიარდამდე გაზარდა. თუმცა ბიტკოინის ბოლოდროინდელი ფასის ვარდნის შედეგად კომპანიამ დაახლოებით $1 მილიარდი დაკარგა და შესაძლოა, აქტივების ლიკვიდაციაც დასჭირდეს.

Microstrategy არის ბიტკოინის ყველაზე დიდი კორპორაციული ინვესტორი და არსებული მდგომარეობის მიუხედავად, მისი დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, მაიკლ სეილორის განცხადებით, ის ინვესტიციით კმაყოფილია და კომპანიის ფინანსები წესრიგშია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *