პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებით, ქვეყანამ ბელარუსთან და უკრაინასთან საზღვრებზე, საჰაერო მიმოსვლაზე, შეზღუდვები დააწესა. ამის მიზეზი NATO-ს წევრი სახელმწიფოს საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრის შემდეგ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაზრდილი რისკია.
შეგახსენებთ, გუშინ პოლონეთის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში ათზე მეტი რუსული კამიკაძე დრონი Shahed-ი შეფრინდა, რასაც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და ავიაცია რამდენიმე საათის განმავლობაში ანეიტრალებდა. მოგვიანებით, პოლონეთის პრემიერმა, დონალდ ტუსკმა დააზუსტა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში 19 რუსული დრონი შეიჭრა, რომელთაგან ოთხი ჩამოაგდეს.
ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში დრონებით თავდასხმის გამო პოლონეთში დროებით დაიკეტა ვარშავის მოდლინისა და შოპენის, ასევე ჟეშუვისა და ლუბლინის საერთაშორისო აეროპორტები.
პოლონეთის საჰაერო ნავიგაციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვები ძალაში ოთხშაბათას, 10 სექტემბერს შევიდა და 9 დეკემბრამდე იმოქმედებს. მისივე ინფორმაციით, მზის ჩასვლიდან მზის ამოსვლამდე შეზღუდულ ზონაში ფრენები აკრძალულია, გარდა პილოტირებული თვითმფრინავებისა, რომლებიც ფრენის გეგმის შესაბამისად, შესაბამისი ტრანსპონდერებით მოძრაობენ და ინარჩუნებენ ორმხრივ კომუნიკაციას ავიაციის სამსახურთან.
გამონაკლისი დაიშვება სამხედრო ფრენებისთვის და ზოგიერთი დამატებითი სპეციალური დანიშნულების ფრენისთვის.