ბათუმის საზღვაო ნავსადგურის გემთბრუნვის მაჩვენებელმა 2019 წელს 578 ერთეული შეადგინა. ნავსადგური, რომელსაც უკვე საუკუნე-ნახევრის ისტორია აქვს, ნავთობტერმინალს, მშრალი ტვირთების ტერმინალს, სამგზავრო ტერმინალსა და საკონტეინერო ტერმინალს აერთიანებს. ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მართვის უფლება 2008 წელს ყაზახურმა სს “ყაზტრანსოილმა“ ექსკლუზიურად შეიძინა, გასულ წელს კი მის გენდირექტორად მეირამხან ადილხანოვი დაინიშნა, რომელთანაც Forbes Georgia-მ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. ერთ დროს, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტვირთბრუნვა მსოფლიო ნავთობის 26%-ს შეადგენდა. რა პოტენციალი, გეგმები და გამოწვევები აქვს ახლა ნავსადგურს, ინტერვიუდან შეიტყობთ.
ბატონო ადილხანოვ, დავიწყოთ პანდემიით. როგორ აისახა ეს კრიზისი ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მუშაობაზე?
ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს დატვირთვა- გადმოტვირთვის სამუშაოები და ეს საქმიანობა Covid-19-ის გლობალური პანდემიის პერიოდშიც კი შეფერხებების გარეშე წარმოებს. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 2020 წლის 6 თვის განმავლობაში ტვირთბრუნვა გაიზარდა 37%-ით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
რაც შეეხება ნავსადგურის მუშაობის რეჟიმს და პროცედურებს, უცხო გემებზე მყოფ და ბათუმის ნავსადგურში შემოსულ ყველა მოქალაქეს ხვდება საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საკარანტინო სამსახური, რომელიც ამოწმებს ეკიპაჟის წევრთა მდგომარეობას და საეჭვო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ისინი გადაჰყავთ საკარანტინო ზონაში, აგრეთვე იღებენ გადაწყვეტილებას გემებისთვის საზღვრის გაღების/ დაკეტვის შესახებ.
სახელმწიფო სტრუქტურები – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საქართველოს ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი მუდმივად გვაწვდიან ინფექციის გავრცელების თავიდან აცილებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს და ინფორმაციას, ჩვენ კი მათ შესრულებას უზრუნველვყოფთ. შესყიდულია და შექმნილია ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და სადეზინფექციო ხსნარების საჭირო მარაგი. ამასთან, თერმოვიზურ IP კამერებში ჩაშენებული თერმოვიზორებით ხდება ტემპერატურის დისტანციურად გაზომვა, რაც გვეხმარება, ეფექტიანად ავიცილოთ თავიდან ვირუსის გავრცელება. ნავსადგურის ტერიტორიაზე განლაგებულ ყველა ოფისში, საყოფაცხოვრებო და საწარმოო სათავსოში და სანავსადგურო ფლოტის გემებზე რეგულარულად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.
ბათუმის საზღვაო ნავსადგური არის ევროპული სატრანსპორტო დერეფნის უმნიშვნელოვანესი კვანძი. აქვს თუ არა საქართველოს უფრო მეტი პოტენციალი, ვიდრე გამოიყენება დღეს? რა პრობლემები გვაქვს ამ კუთხით?
რა თქმა უნდა, საქართველოს უფრო დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე დღეის მდგომარეობით გამოყენებული ტრანზიტის შესაძლებლობებია. სამწუხაროდ, საქართველო არ არის ერთადერთი გზა ევროპიდან აზიაში და პირიქით. არსებობს ტვირთის ტრანსპორტირების ალტერნატიული დერეფნები. პირველი არის რუსეთის გავლით და აქ გვხვდება სატრანსპორტო დერეფნების კონკურენცია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გავლით მარშრუტი რეგიონში ტვირთების ტრანსპორტირების უმოკლესი გზაა, ჩვენს დერეფანს აქვს ბევრი სუსტი ადგილი, მაგალითად:
- საზღვრებისა და სახმელეთო შემოწმების პუნქტების დიდი რაოდენობა;
- ტრანსპორტის ერთი სახეობიდან მეორეზე (ავტო, სარკინიგზო და ა.შ.) გადასვლების დიდი რაოდენობა;
- უკუმიმართულებით (ევროპიდან აზიაში) ტვირთების არარსებობა და ვაგონების ცარიელ მდგომარეობაში დაბრუნება, რაც აისახება ტარიფზე.
- არასაკმარისი მოძრავი შემადგენლობა და ა.შ.
აქვე გკითხავთ, ბათუმის საზღვაო ნავსადგური არის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR), ევროაზიური სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA), შავი და აზოვის ზღვების ასოციაციის (BASPA) წევრი. რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთ პროექტებში მონაწილეობა?
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დადასტურებით ვთქვათ, რომ მსგავს ორგანიზაციებში მონაწილეობა იძლევა სხვა მონაწილეებთან პრობლემური საკითხების განხილვის და ცალკეულ ტვირთებთან მიმართებით ინდივიდუალური მიდგომის შერჩევის შესაძლებლობას, იქნება ეს მოძრავი შემადგენლობის გამოყოფა თუ ახალი ტვირთის მიმართებით გამჭოლი ტარიფის გამოყენება.
მოქმედებათა კოორდინირება ასევე ამცირებს ტვირთების ტრანსპორტირების დროს მთელი მარშრუტის გავლით, რადგან ჩვენ უკვე აღვნიშნეთ ქვეყნებისა და სასაზღვრო გადასვლების სიმრავლე. სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია მსგავსი საერთაშორისო ასოციაციების არსებობა.
როგორია ტვირთბრუნვის ზრდის ტენდენციები და რა გეგმები აქვს ბათუმის ნავსადგურს ამ კუთხით?
როგორც ცნობილია, ბათუმის საზღვაო ნავსადგური ყოველთვის იყო ბათუმის ძირითადი და უმსხვილესი საწარმო, და თუ დავეყრდნობით ბათუმის ნავსადგურის ისტორიას და კასპიის აუზის ნავთობის ისტორიას, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ნავსადგური მართლაც შენდებოდა კასპიის ნავთობისთვის და მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.
თანამედროვე სამყარო გადადის ალტერნატიულ ენერგომატარებლებზე, ხოლო ნავთობის დიდმა ნაწილმა გადაინაცვლა ნავთობსადენზე. დღეს ნავთობის ფასების ვარდნის ტენდენცია შეიმჩნევა, ხოლო სარკინიგზო გადაზიდვები, როგორც მოგეხსენებათ, არ არის იაფი.
კომპანიათა ჯგუფი ადეკვატურად რეაგირებს მიმდინარე საერთაშორისო სიტუაციაზე ენერგომატარებლებთან დაკავშირებით და ცდილობს, ნავსადგურში ახალი ტვირთების ნაკადები მოიზიდოს, რისთვისაც შენდება „კარბამიდის“ ახალი ტერმინალი, რომელიც გათვლილია ცენტრალური აზიიდან ევროპის მიმართულებით გადასაზიდ 1 მლნ ტონაზე მეტ სასუქზე. მსგავსი ტიპის პროექტები ნავსადგურის მომავალია. ახალი ტვირთნაკადების მოზიდვა წარმოადგენს დინამიკურ პროცესს, რადგან სამყარო იცვლება და იცვლება მოთხოვნა და შეთავაზება, იცვლება სატრანსპორტო გადაზიდვებისა და პროდუქტების ბაზარი.
ნავსადგურის მიერ იდება გრძელვადიანი ხელშეკრულებები რეგიონისა და საქართველოს უმსხვილეს საწარმოებთან, კერძოდ, ჩვენ ვზრდით სასაწყობო ტერიტორიას. თუ ვისაუბრებთ მიმდინარე წლის შესახებ, როგორც აღვნიშნეთ, ნავსადგურს, გასულ პერიოდებთან შედარებით, დადებითი მაჩვენებლები აქვს მშრალი ტვირთების გადაზიდვებში.
სამგზავრო ტერმინალზეც რომ ვისაუბროთ, მისი გამტარუნარიანობა შეადგენს დაახლოებით 180,000 მგზავრს წელიწადში. თუმცა, მაგალითად, გასულ წელს, მაჩვენებლის მიხედვით, ტერმინალით მხოლოდ 27,832 მგზავრმა ისარგებლა. წელს კი, პანდემიის გათვალისწინებით, მაჩვენებელი ალბათ უფრო ნაკლები იქნება…
რაც შეეხება სამგზავრო გადაზიდვებს, სწორად აღნიშნეთ, რომ ჩვენი სამგზავრო ტერმინალის გამტარუნარიანობა ახლოსაც ვერ მიდის ფაქტობრივ გადაზიდვებთან.
მოგეხსენებათ, ტერმინალი აშენდა საბჭოთა კავშირის დროს, სადაც მოქალაქეებს ერთი სახელმწიფოს შიგნით საკრუიზო მოგზაურობის შესაძლებლობა ეძლეოდათ. ეს იყო აწყობილი სქემა და სამგზავრო ნაკადის მოზიდვა არ წარმოადგენდა სირთულეს. იმ წლებში ნავსადგურში ყოველდღე შემოდიოდა ერთი ან ორი ლაინერი.
საბჭოთა კავშირის დაშლისა და ეკონომიკის საბაზრო მოდელზე გადასვლის შემდეგ ეს სექტორი დაიშალა.
თანამედროვე საკრუიზო ბიზნესი გადანაწილებულია რამდენიმე ისეთ ძირითად მიმართულებებს შორის, როგორიცაა “როიალ კარიბიან“, “მედიტერიან“, წითელი ზღვის რეგიონი და ა.შ. აქ უკვე საჭიროა მათი დაინტერესება იმით, რომ ხმელთაშუა ზღვის კრუიზებს დაემატოს შავის ზღვის ნავსადგურები, თუმცა ჯერჯერობით ასეთი დაინტერესება არ ვლინდება.
“ყაზტრანსოილმა“ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მართვის უფლება 12 წლის წინ შეიძინა. რა შეიცვალა მას შემდეგ ნავსადგურში უსაფრთხოების სტანდარტების მხრივ?
“ყაზტრანსოილის“ მმართველობაში საწარმოს გადასვლის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნავსადგურში შრომისა და გარემოს დაცვის დარგში საერთაშორისო სტანდარტების განვითარების შესახებ, რადგან არაფერი უნდა იყოს იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის უზრუნველყოფა.
ადამიანის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა საწარმოო პროცესს ხდის უფრო მკაფიოს, რაც, თავის მხრივ, ზრდის საწარმოს რენტაბელურობას. არაფერი უნდა იდგეს დასაქმებულის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის საფრთხისგან დაცვაზე უფრო მაღლა. ამიტომაც ნავსადგურის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს შრომის უსაფრთხო და ხელსაყრელი პირობების შექმნისათვის.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელი სს “ყაზმუნაიგაზის“ კომპანიათა ჯგუფში, მათ შორის სს “ყაზტრანსოილში“, გამოცხადებულია, როგორც უსაფრთხოების წელი. დიდი ყურადღება ეთმობა კადრების მომზადებას, სწავლებას, გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას, დაცვის ინდივიდუალური საშუალებებითა და სპეცტანსაცმლით მათ უზრუნველყოფას, საწარმოო პროცესების მექანიზაციას, მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვას.
შპს “ბათუმის საზღვაო ნავსადგურსა“ და შპს “ბათუმის ნავთობტერმინალს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე კომპანიებმა აიღეს ვალდებულება, საწარმოო ობიექტებიდან ზღვაში ნებისმიერი მასშტაბის ნავთობის ავარიული დაღვრის შემთხვევაში, ერთობლივად განახორციელონ რეაგირების შესაბამისი ღონისძიებები, საკუთარი რესურსებისა და კვალიფიცირებული პერსონალის გამოყენებით. შემუშავებულია ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ერთიანი გეგმა, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. ბათუმის საზღვაო ნავსადგურში არ ყოფილა ზღვის ნავთობით დაბინძურების არც ერთი შემთხვევა. კონტროლს აწარმოებს სახელმწიფო ორგანო – შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახური.
ასევე აღსანიშნავია, რომ ყაზახი ინვესტორების მმართველობის პერიოდში ნავსადგურის მთელ აკვატორიაში განხორციელდა ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოები.
ბოლო ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოები 37 წლის წინ იყო ჩატარებული. ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოების ჩატარება იძლევა მრავალი წლის განმავლობაში საპროექტო სიღრმეების შენარჩუნებისა და ოპერაციული შესაძლებლობების ზრდის საშუალებას, აგრეთვე Aframax-ის ტიპის დიდი ტანკერების, დიდი საკონტეინერო გემების, დიდი სამგზავრო ლაინერებისა და ბორნების მომსახურების კონკურენტუნარიანი უპირატესობის შენარჩუნების საშუალებას. ნავსადგური, აგრეთვე, გახდა საქართველოს მშრალი ტვირთების ტერმინალთა შორის ერთადერთი, რომელიც სთავაზობს Handymax-ის ტიპის ბალკერების მომსახურების სანავმისადგომო პირობებს. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ ბათუმის ნავსადგურმა გაზარდა საქართველოს სატრანსპორტო სტატუსი ახალ, ხარისხიან დონემდე.
ნავსადგურთან მიმართებით კიდევ რა სახის პროექტებსა და გარიგებებს უნდა ველოდოთ?
გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ მშრალი (გენერალური) ტვირთების გადაზიდვა წარმოადგენს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებას, ნავსადგურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს ტვირთბრუნვის გაზრდა.
ამისთვის ნავსადგური ახორციელებს ტექნიკის განახლებას, ტექნიკურ გადაიარაღებას, რეკონსტრუქციასა და წარმოების განვითარებას, პერსპექტიული ტვირთების არსებობის შემთხვევაში სასაწყობო ტერიტორიების გაფართოებას.
შესაბამისად, ნავსადგურის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს დატვირთვა- გადმოტვირთვის სამუშაოების წარმადობის გაფართოებაზე მიმართული კვლევები არსებული საწარმოო სიმძლავრეების გამოყენების, მონიტორინგისა და საქართველოს დატვირთვა- გადმოტვირთვითი მომსახურების ბაზრის ანალიზის საფუძველზე. თუმცა ტვირთბრუნვის გაზრდა რთულია საწარმოო სიმძლავრეებისა და სასაწყობო ტერიტორიების გაზრდის გარეშე.
აღნიშნული სტრატეგიული მიზნის მიღწევისათვის, ნავსადგურის ხელმძღვანელობამ 5-წლიანი პერიოდისათვის შეიმუშავა და დაამტკიცა ნავსადგურის საწარმოო შესაძლებლობების ამაღლების გეგმა-პროგრამა, სადაც გაწერილია კონკრეტული ღონისძიებები და მათი შესრულების ვადები, ასევე კაპიტალდაბანდების გეგმა.
დაბოლოს, თქვენ ამბობთ, რომ მონაწილეობთ რეგიონის სოციალურ- ეკონომიკურ განვითარებაში. რა პროექტებზეა საუბარი?
ჩვენ რეგულარულად ვეხმარებით და ყველანაირად მხარს ვუჭერთ პენსიონერებსა და ნავსადგურის ყოფილ თანამშრომლებს, ბავშვთა სახლებს, ახალგაზრდულ სპორტულ კლუბებსა და სექციებს და ა.შ.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და შპს “ბათუმის საზღვაო ნავსადგურს“ შორის გაფორმებული ორმხრივი მემორანდუმის ფარგლებში, უზრუნველვყოფთ აკადემიის სტუდენტებისთვის პრაქტიკის გავლას. მხოლოდ 2019 წლის განმავლობაში ნავსადგურში პრაქტიკა 170-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა.
ზემოაღნიშნული პროექტების დაფინანსების სახსრები ჩადებულია ნავსადგურის ბიზნესგეგმაში. 2008 წლიდან 2019 წლამდე სოციალურ მხარდაჭერასა და დახმარების გაწევაზე დანახარჯმა დაახლოებით 6.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.