რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსი მეცნიერები კიბოს ვაქცინების შექმნასთან ახლოს არიან და ისინი შესაძლოა, უახლოეს პერიოდში პაციენტებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს. „ვიმედოვნებ, რომ მათი [ვაქცინების] გამოყენება ინდივიდუალური თერაპიისთვის შესაძლებელი მალე გახდება“, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვში გამართულ მომავლის ტექნოლოგიების ფორუმზე.
ვლადიმირ პუტინს არ დაუკონკრეტებია, კიბოს რომელი სახეების წინააღმდეგ მიმართულ ვაქცინებზეა საუბარი.
სამედიცინო დარგში მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფოები და კერძო კომპანიები კიბოს ვაქცინის შექმნაზე დიდი ხანია, მუშაობენ. მაგალითისთვის, შარშან დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გერმანულ კომპანია BioNTech-თან შეთანხმება გააფორმა, რომელიც 2030 წლისთვის 10,000-მდე ონკოპაციენტისათვის „კიბოს მკურნალობის პერსონალური მეთოდების“ გამოყენებას გულისხმობს.
კიბოს ვაქცინების შექმნაზე საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიებიც მუშაობენ. Moderna და Merck & Co კიბოს ექსპერიმენტულ ვაქცინას ავითარებენ. მათი პროდუქტის შუაეტაპობრივმა კვლევამ აჩვენა, რომ სამწლიანი მკურნალობის შემდეგ კანის ყველაზე მომაკვდინებელი კიბოს, მელანომის განმეორების ან ლეტალობის შანსი 50%-ით მცირდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, WHO-ის ინფორმაციით, ამჟამად მრავალი სახეობის კიბოს გამომწვევი ვირუსის, ადამიანის პაპილომავირუსისა (HPV) და ღვიძლის კიბოს გამოწვევი ჰეპატიტი B-ის (HBV) წინააღმდეგ რამდენიმე სახეობის ლიცენზირებული ვაქცინა არსებობს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საკუთარი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა, Sputnik V, კორონავირუსის პანდემიის დროსაც შექმნა. რუსული ვაქცინისადმი ნდობის გასაზრდელად, პუტინი აცხადებდა, რომ ადგილობრივი წარმოების ვაქცინა თავადაც გაიკეთა.