კრემლის განმარტებით, დღეს თურქეთში დაგეგმილ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ დაესწრება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოლაპარაკებებზე პირადად არც დონალდ ტრამპი ჩავა, რომელმაც განაცხადა, რომ პუტინის თანხმობის შემთხვევაში, თურქეთში დაწყებულ სამშვიდობო პროცესს შეუერთდებოდა.
რუსეთის დელეგაციას თურქეთში პრეზიდენტის მრჩეველი ვლადიმირ მედინსკი უხელმძღვანელებს. დასავლური მედიასააგენტოები რუსეთის დელეგაციას “დაბალი რანგის” და “უმცროს” ოფიციალურ პირებად მოიხსენიებენ, რაც იმას უნდა მიანიშნებდეს, რომ რუსული მხარე მოლაპარაკებებისგან დიდ შედეგებს არ ელოდება.
პუტინის მიერ მოლაპარაკებაზე დასწრებაზე უარის თქმამდე, რუსეთის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმება შესთავაზა. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა პუტინი თურქეთში ღია განცხადებით პირისპირ შესახვედრად მიიწვია.
შეგახსენებთ, რომ წელს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის რამდენიმე მცდელობა განხორციელდა, თუმცა ყველა მათგანი უშედეგოდ დასრულდა. ორ ქვეყანას შორის შეთანხმების გაფორმების ფორსირება მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს. რამდენიმე კვირის წინ თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადებით, მხარეებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, აშშ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას აღარ მიიღებდა. თუმცა, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმა ორივე მხარისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.