პუტინის განცხადებით, დღეს ის აშშ-ის წარმომადგენლებს, უიტკოფსა და კუშნერს შეხვდება

პუტინის განცხადებით, დღეს ის აშშ-ის წარმომადგენლებს, უიტკოფსა და კუშნერს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, დღეს ის აშშ-ის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდება. შეგახსენებთ, უკრაინასა და რუსეთს შორის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შესაბამის პირობებზე მოლაპარაკების დავალება დონალდ ტრამპმა სწორედ აღნიშნულ პირებს მისცა.

რუსული მედიასააგენტოების ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა, რომ გაყინული რუსული აქტივების შესაძლო გამოყენების საკითხს აშშ-ის წარმომადგენლებთან განიხილავს. ცნობისთვის, საუბარია ათეულობით მილიარდი დოლარის მოცულობის რუსულ გაყინულ აქტივებზე, რომელთა გამოყენებასაც ევროკავშირი ომისაგან დაზარალებული უკრაინული რეგიონების რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად განიხილავს.

სტივ უიტკოფმა შვეიცარიაში, დავოსის ეკონომიკურ სამიტზე განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებში დიდ პროგრესს მიაღწიეს და პირობებზე შეთანხმება შესაძლოა მალე მოხდეს.

პუტინის განცხადებით, რუსეთი მზადაა, „რუსი ერის პალესტინელ ხალხთან განსაკუთრებული ურთიერთობის“ გათვალისწინებით, გაყინული რუსული აქტივებიდან $1 მილიარდი ომის შედეგად დაზიანებული ღაზის სექტორის აღსადგენადაც გამოყოს. მოგეხსენებათ, დონალდ ტრამპმა რუსეთი „მშვიდობის საბჭოში“ მიიწვია, რომლის მიზანიც გლობალური კონფლიქტების მოგვარებაა.

იხილეთ ასევე: რა არის ტრამპის „მშვიდობის საბჭო“ და ვინ შეუერთდა მას აქამდე?

დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ შექმნის იდეა პირველად გასული წლის სექტემბერში გააჟღერა, როდესაც ღაზაში მიმდინარე ომის დასრულების გეგმა გაახმოვანა. მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ საბჭოს უფლებამოსილება ღაზის მიღმა გაფართოვდებოდა, რათა მსოფლიოს სხვა კონფლიქტებიც მოგვარებულიყო.

უფრო მეტი რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო ან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პერსპექტივის შესახებ, ასევე მხარეთა პირობების დაახლოებასთან დაკავშირებით, პუტინისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გვეცოდინება.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.